„ბათუმელები“ „ტელეარხი 25-ის“ დამფუძნებელთა ახლობლებისთვის სახელმწიფო ქონების გადაცემაზე წერს

„ბათუმელები“ „ტელეარხი 25-ის“ დამფუძნებელთა ახლობლებისთვის სახელმწიფო ქონების გადაცემაზე წერს

 

გაზეთ „ბათუმელების“ ცნობით, 2012 წლის 24 თებერვალს ტელეკომპანია „ტელეარხი 25-ის“ დამფუძნებლების ახლო ნათესავებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ თბილისსა და ბათუმში თითქმის ორი მილიონი დოლარის ღირებულების ქონება გადასცა.

„ბათუმელების“ 30 აპრილის ნომერში გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, „ტელეარხი 25“-ს სამი დამფუძნებელი ჰყავს. ერთ-ერთი მათგანი მახლაზ ვერძაძეა. მისმა სიდედრმა მერი ქარცივაძემ 2012 წლის 24 თებერვალს სახელმწიფოსგან ბათუმში 269 კვადრატული მეტრი ფართობი მიიღო. ამავე ქალაქში მემედ აბაშიძის ქუჩაზე, იმ დღეს მერი ქარცივაძეს დამატებით 106 კვადრატული მეტრი არასაცხოვრებელი ფართობი გადაეცა. მანვე მიიღო 94 კვადრატული მეტრი კომერციული ფართობი თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე. ჯამში მერი ქარცივაძე 24 თებერვალს 470-მდე კვადრატული მეტრი ფართობის მფლობელი გახდა.

24 თებერვალს თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე სახელმწიფოსგან ოთხი სხვადასხვა ზომის ობიექტი, მთლიანობაში 132 კვადრატული მეტრი კომერციული ფართობი მიიღო ტელეკომპანიის ყოფილი დირექტორის, მერაბ მერკვილაძის დეიდაშვილის მეუღლე ირაკლი კრიჭაშვილმაც.

„ჭავჭავაძის გამზირზე გასაყიდი ობიექტების ფასებით თუ ვიმსჯელებთ, კრიჭაშვილს სახელმწიფომ მინიმუმ 400 ათასი დოლარის ქონება გადასცა, რასაც დიღომში გადაცემული ქონების ღირებულებაც ემატება“, - წერს „ბათუმელები“.

გამოცემის ცნობით, 24 თებერვალს სახელმწიფომ ქონება მისცა არხის ამჟამინდელი დირექტორისა და 50%-იანი წილის მფლობელის, გიორგი სურმანიძის დეიდაშვილ ლელა მათიაშვილსაც. მან ბათუმში 184 კვადრატული მეტრი არასაცხოვრებელი ფართობი მიიღო.

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე იმავე ნომერში, სადაც კრიჭაშვილმა მიიღო ბინა, 29 კვადრატული მეტრი ფართობი ლელა მათიაშვილსაც შეხვდა. მასვე მისცა სახელმწიფომ ბინა დიღმის მასივში. საბოლოოდ, გიორგი სურმანიძის დეიდაშვილმა 24 თებერვალს 292 კვადრატული მეტრი არასაცხოვრებელი ფართი და ოროთახიანი ბინა მიიღო.

ჯამში „ტელეარხი 25“-ის მფლობელების ახლო ნათესავებმა 2012 წლის 24 თებერვალს სახელმწიფოსგან 1100 კვადრატული მეტრი ფართობი მიიღეს. „სამივე მოქალაქის ქონების დარეგისტრირებას მთლიანობაში 45 წუთი დასჭირდა. სამივემ ქონების დარეგისტრირება დაიწყო არასამუშაო საათებში - შვიდი საათის შემდეგ და რვა საათამდე დაასრულა“, - აღნიშნავს „ბათუმელები“.

2012 წლის თებერვლის ბოლოს „ტელეარხ 25“-ში შეიცვალა ხელმძღვანელი - ერთ-ერთი დამფუძნებელი მოქმედი დირექტორი მერაბ მერკვილაძე გადადგა თანამდებობიდან და ის მეორე დამფუძნებელმა, გიორგი სურმანიძემ შეცვალა.

„ბათუმელებთან“ საუბრისას როგორც დამფუძნებლები ასევე მათი ნათესავები, ვინც სახელმწიფოსგან 24 თებერვალს ქონება მიიღო, უარყოფენ რაიმე კავშირს ტელეკომპანიას და სახელმწიფოს მიერ მათთვის ფართების გადაცემას შორის. 

"მე ვიცი ჩემი დეიდაშვილის ამბავი- რაღაც ინვესტიციებთან არის დაკავშირებული. ჩემს დეიდაშვილს ძალიან ახლო ნათესავები ჰყავს რუსეთში, რომელიც მშენებელია. მან უნდა განახორციელოს ინვესტიციები საქართველოში. მაგრამ ზუსტად არ ვიცი, რა ხდება. პრინციპში, თქვენ რაც გაინტერესებთ - ტელევიზიასთან კავშირი, საერთოდ არ უკავშირდება. ...თქვენ რისი თქმა გინდათ, რომ ეს ქონება გავცვალეთ ტელევიზიაში და გავუფორმეთ ახლო ნათესაობას? ჩემი ქონება თუა, დეიდაშვილთან რატომ უნდა იყოს... რა ქონებაა ასეთი, რომ ტელევიზიაზე მეტი ღირს", - უთხრა "ბათუმელებს" გიორგი სურმანიძემ.

მერაბ მერკვილაძე კი აღნიშნავს, რომ თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა,ახლობლების ქონების შესახებ კი არაფერი იცის. "მე ჩემი ახლობლების ქონებაზე არ ვაგებ პასუხს და საიდან უნდა ვიცოდე, სხვისმა ახლობლებმა რა შეიძინეს. ახლობლების ქონება რა კავშირშია არხთან, მართლა არ მესმის", - თქვა მერაბ მერკვილაძემ.