„ქართული ოცნების“ აქტივისტს ბაზალეთის ტბაზე ბუნგალო დაუნგრიეს (VIDEO)

„ქართული ოცნების“ აქტივისტს ბაზალეთის ტბაზე ბუნგალო დაუნგრიეს (VIDEO)

კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტს თამარ მდივანს ბაზალეთის ტბაზე ბუნგალო დაუნგრიეს, ტერიტორიის დანარჩენი ნაწილი და სხვა ნაგებობები კი დაარბიეს. დანგრევაში დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ჯიმი ჭელიძე და არქიტექტურის სამსახურის უფროსი ისაკ კარიაულიც მონაწილეობდნენ. თამარ მდივანს ბაზალეთის ტბაზე ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ბუნგალო ჰქონდა მოწყობილი და ზაფხულში ქართველ და უცხოელ ტურისტებს ემსახურებოდა. მასსა და მის ყოფილ პარტნიორს შორის რამდენიმე წელია მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დავა მიმდინარეობს. ყოფილმა პარტნიორმა მისი ქონების დაზიანება წელს რამდენჯერმე სცადა, ერთ-ერთი ნაგებობა დააზიანეს კიდეც, რის გამოც თამარ მდივანმა პროკურატურას მიმართა. მდივანის განცხადების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. გამოძიების დასრულების შემდეგ თამარ მდივანი საქმეზე დავის გაგრძელებას, მატერიალური კომპენსაციის მოთხოვნით, სასამართლოში აპირებდა, თუმცა 12 აპრილს, ღამით მისი ბუნგალო დაანგრიეს, ტერიტორიის დანარჩენი ნაწილი კი დაარბიეს. „ბუნგალოს ოთხი წელი ვფლობდი, ძალიან კარგად იყო გაკეთებული. გქვონდა ასევე ბარი, სცენა, რომელიც დაანგრიეს. ნგრევაში გამგეობის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ. არც კი გამაგებინეს, ისე დაანგრიეს. ყველაფერი გადაყარეს. სერიოზული ზიანი მომადგა. საერთოდ არაფერი აღარ ვარგა. ბუნგალო დიზაინერების მიერ იყო გაკეთებული და სულ დალეწეს. ნგრევის შესახებ გვიან გავიგე, ღამის ათის ნახევარზე. ერთ-ერთმა ადგილობრივმა შემატყობინა. რომ ჩამოვედი, ყველაფერი მინდორში იყო გადაყრილი. ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც ჩემი მეუღლე, გოჩა გელაშვილი „ქართული ოცნების“ წევრი გახდა. აქ დუშეთში ხალხთან ურთიერთობა გვქონდა. რაღაც პერიოდში მეც ვაქტიურობდი. არავის არაფერი უთქვამს, პირდაპირ ნგრევაზე გადმოვიდნენ“, - განუცხადა თამარ მდივანმა მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს. ქონების დაზიანების ფაქტზე თამარ მდივანმა პოლიციას ისევ მიმართა. მას არ აქვს ინფორმაცია, აღიძრა თუ არა სისხლის სამართლის საქმე. ამის შესახებ კომენტარი არც დუშეთის პოლიციაში გააკეთეს. 14 აპრილს, საღამოს, დაახლოებით 18:00 საათზე, როცა თამარ მდივანი და მისი მეუღლე ბაზალეთის ტბაზე იმყოფებოდნენ და დამტვრეულ ნივთებს აგროვებდნენ, მათ თავს დაესხა ყოფილი პარტნიორი გელა ჟვანია, ორ მამაკაცთან ერთად.  „ის ორი ახალგაზრდა ვინ იყო, არვიცი. გელამ ჩხუბი და გინება დაიწყო, ყვიროდა, რომ ეს ჩემია და როდის წაეთრევით აქედანო. ჩემმა მეუღლემ უთხრა, თავი გაგვანებე, საქმე ძიებაშია და გაირკვევაო. გელა წამოვიდა გოჩასკენ და ჩხუბი მოხდა. სამივე დაეტაკა გოჩას. გოჩამ თავი აარიდა, გადავიდა იქით ტერიტორიაზე, მაგრამ გამოეკიდა ერთ-ერთი, თან ქვებს ესროდნენ გოჩას. ერთ-ერთმა მათგანმა რაღაც ჩაარტყა და გოჩა გაითიშა. უცებ მოხდა ყველაფერი. მერე აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ახალგაზრდა დაჭრილი იყო. მე პატრულის გამოძახება გადავწყვიტე. გელამ ჩხუბი დაიწყო, პატრულს ნუ ურეკავო. დაჭრილი თვითონ წაიყვანა. გოჩა როცა გონზე მოვიდა, სისხლი სდიოდა. ნეკნი ჰქონდა გატეხილი. მოვიდა პატრული. ყველაფერი მოვუყევი. ის ბიჭიც გადარჩა. მერე გვითხრეს, ისინი არ გიჩივლებენო, ანუ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩვენ ვიყავით დამნაშავეები“, - აღნიშნა თამარ მდივანმა. მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, თავდასხმის დროს, გელა ჟვანიასთან ერთად მყოფი ახალგაზრდა მამაკაცები, დუშეთის პოლიციის თანამშრომლები იყვნენ. შს დუშეთის სამმართველოში კომენტარი არც ამ საკითხზე გააკეთეს. მომხდარის შემდეგ, თამარ მდივანმა და გოჩა გელაშვილმა ორივე შვილი თბილისში გაგზავნეს. „გვეშინია, აქ რამე არ მოუწყონ. უფროსი ბიჭები არიან უკვე. ამდენ შეურახყოფას და დამცირებას ვეღარ იტანენ“, - განაცხადა თამარ მდივანმა. არაერთი მცდელობის მიუხედავად თამარ მდივანის ყოფილ პარტნიორთან გელა ჟვანიასთან დაკავშირება ვერ შევძელით. მას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს. მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს ვლადიმერ ბადაგაძეს ესაუბრა. - ბატონო ვლადიმერ, 12 აპრილს, ბაზალეთის ტბაზე ბუნგალო დაუნგრიეს და ტერიტორია დაურბიეს თამარ მდივანს, რომელიც მეუღლესთან ერთად „ქართული ოცნების“ აქტივისტია. ჩვენი ინფორმაციით, დანგრევის დროს იქ იმყოფებოდნენ და ნგრევაში მონაწილეობდნენ გამგეობის თანამშრომლებიც ჭელიძე და კარიაული. რა უნდოდათ იქ?
- ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელია და შეიძლება პროცესს აკვირდებოდა. ალბათ, განცხადებაა ჩვენთან შემოსული. - რა განცხადება?
- შეიძლება, რამე კანონის დარღვევით არის აშენებული და ამაზე. - შეგიძლიათ გვაჩვენოთ განცხადება?
- არა, ახლა არა. - აბა როდის?
- სხვა დროს“. მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა უკვე მიმართა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას და თამარ მდივანის საქმესთან დაკავშირებით გამგეობაში დაცული დოკუმენტაციის ასლები მოითხოვა, მისი არსებობის შემთხვევაში. მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი აგრძელებს ამ საქმეზე მუშაობას.