„ფანდარასტული“ აზროვნების მორიგი ნიმუში პარლამენტში

„ფანდარასტული“ აზროვნების მორიგი ნიმუში პარლამენტში

 

ალბათ, ბევრს ახსოვს ვლადიმერ სანაკოევის მგზნებარე „ანტირუსული“ გამოსვლები ერთ–ერთ ქართულ ტელეარხზე. მერე იყო 2008 წლის აგვისტოს ტრაგედია და ვოვას წუწუნი „ოჯახურ პრობლემებზე“ და „იძულებით ემიგრაციაზე“. ამას მოჰყვა, სანაკოევის სკანდალურ–ვლადიკავკაზური პრესკონფერენცია და აღიარება, რომ საქართველოში რუსული „ფეესბეს“ დავალებებს ასრულებდა; რაც წარმატებით განახორციელა კიდეც. ყოველივეს შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამ კაცის  „სამსახურზე“ უარის თქმას არ აპირებენ.  

კერძოდ, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარგამაძის განცხადებით, „თუკი ვლადიმერ სანაკოევი საქართველოსთვის ისევ კარგ საქმეს გააკეთებს, შეუძლია, ჩამოვიდეს, შემდეგ კი წავიდეს და რაც უნდა ის ილაპარაკოს“.  

„ეს ადამიანი იმ პერიოდში ჩვენთვის სასარგებლო საქმეს აკეთებდა. შემდეგ, როცა წავიდა, რა ილაპარაკა რა მნიშვნელოვა აქვს?!“ - აცხადებს თარგამაძე, თუმცა შეკითხვას, თუ რაში შეიძლება, გამოიხატებოდეს რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლის მხრიდან საქართველოსთვის სასარგებლო საქმის კეთება, თარგამაძე უპასუხოდ ტოვებს.

კამპანია „კოკოითი ფანდარასტის“ ხელმძღვანელმა და დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციის ყოფილმა წარმომადგენელმა ვლადიმერ სანაკოევმა დაახლოებით ორი წლის წინ, ვლადიკავკაზში იმპროვიზირებულ პრესკონფერენციაზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის საქართველოში რუსული „ეფ-ეს-ბეს“ დავალებებს ასრულებდა. სანაკოევი იმასაც ამბობს, რომ ის რუსულ სპეცსსამსახურებთან 1989 წლიდან თანამშრომლობს.

ასევე პარლამენტში, სამთავრობო საათზე მიწვეულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ მიესალმება, თუ ვლადიმერ სანაკოევი საქართველოში დაბრუნდება და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საქართველოში სრული ინტეგრაციის საქმიანობაში ჩაერთვება:

„ჩვენ ყოველთვის ძალიან აქტიურად ვმუშაობდით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული პოლიტიკის გატარებაში. ვოვა სანაკოევი გარკვეულ ეტაპზე გარკვეულ დადებით როლს ასრულებდა და აქტიურად ებრძოდა კოკოითის რეჟიმს. ის თუ გადაწყვეტს, რომ ხვალ ან ზეგ ამ საქმიანობას დაუბრუნდეს და ამ მხარის საქართველოს სრულფასოვან ინტეგრაციის კუთხით თავისი საქმიანობა გააგრძელოს, ჩვენ მას ამის საშუალებას დღესაც დიდი სიამოვნებით მივცემთ, რა ბეგრაუნდი და რა წარსულიც არ უნდა ჰქონდეს“.

მისივე თქმით, „მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რა განცხადებას გააკეთებს იმის შესახებ, არის თუ არა იგი რუსეთის დაზვერვის, უსაფრთხოების აგენტი“.

უახლოეს ქართულ ისტორიაში ვლადიმერ სანაკოევის როლსა და ადგილზე კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს ვესაუბრებით.

მიღებული შედეგების თვალსაზრისით, როგორ შეიძლება შეფასდეს ვლადიმერ სანაკოევის ხმაურიანი მოღვაწეობა საქართველოში?

პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლების არამარტო ანტისახელმწიფოებრივ აზროვნებას, არამედ ქცევებსაც თუ გავითვალისწინებთ, მაშინ მათი მესმის და ეს განცხადება ლოგიკურია. რა თქმა უნდა, მთავრობის გადასახედიდან ვლადიმერ სანაკოევი სწორად მოიქცა; ოღონდ ეს მათი გაგებით და მათთვის მისაღებად. იმას ვგულისხმობ, რომ ხელისუფლებამ სამხრეთ ოსეთი აღადგინა; შემდეგ ქართველებს და ოსებს შორის ურთიერთობები დაიძაბა და გაუცხოება მივიღეთ.

ვლადიმერის ინიციატივით ქურთაში ჩადგეს დიმა სანაკოევის ოფისი. გაითიშა, გაწყდა ადამიანებს შორის ურთიერთობები. ოსური მხარე სრულიად გაუცხოვდა. ხელი შეეწყო რუსების გავლენებს ოსებზე, მათზე უფრო მეტად მიკვრას. ხელი შეეწყო ესკალაციას, რითაც გაძლიერდა კრემლის პოზიციები და რუსებმა ოსების დაცვა დაიწყეს. ნელ–ნელა შემოზიდეს იარაღი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ესკალაცია გაღვივდა, ქართული მხარე პროვოკაციაში ჩაითრიეს. ამას მოჰყვა  2008 წლის 8 აგვისტოს მოვლენები და ქართული ტერიტორიების ოკუპაცია. შემდეგ აღიარება და რუსეთის სამხედრო ბაზების ჩაყენება საქართველოს ტერიტორიაზე.

რა თქმა უნდა, სააკაშვილის გადასახედიდან ყველაფერი კარგად გაკეთდა. ასე ფიქრობენ და ამ ყველაფერში მათ ვლადიმერ სანაკოევმა ხელი შეუწყო. ამიტომ ბუნებრივია, თარგამაძისაც მესმის, აკო მინაშვილისაც და მერაბიშვილისაც. თუ ისინი ამბობენ, რომ სწორ მესიჯებს აგზავნიდნენ ოსებთან, შედეგი ხომ ესაა და ამის მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ. თუ ვიღაც მკვლელობას გეგმავს და განახორციელა კიდეც, კმაყოფილიც უნდა იყოს.

ჩვენ კი რა მივიღეთ – გაუცხოება, ომი, ოკუპაცია, აღიარება, სამხედრო ბაზები. თუ ეს ხუთი პუნქტი მისაღებია, მაშინ რიტორიკაც სწორია. კეთილი ვინებოთ და ჩვენი ხელისუფლების ისევე გვესმოდეს, როგორც ამას ამბობენ. ისინი კი, სანაკოევის საქმიანობით კმაყოფილნი და ბედნიერნი არიან.

საუბარია იმაზეც, რომ ამ კაცს შეუძლია საქართველოში დაბრუნდეს და საქმე გააგრძელოს; ასევე მნიშვნელობა არ აქვს, რომ სანაკოევი რუსული დაზვერვის თანამშრომელია...

– ერთ რამეში მათ ვერ დავეთანხმები – ქართულ საქმესა და ხელისუფლების საქმეს შორის დიდი განსხვავებაა. ვლადიმერ სანაკოევი შეიძლება მართლა ჩამოვიდეს და ხელისუფლების საქმე გააკეთოს. როგორც ქრისტემ იუდას უთხრა – წადი ახლა, შენი საქმე გააკეთეო. იუდამ ჯერ კიდევ არ იცოდა ამის შესახებ, მაგრამ ქრისტემ იცოდა რა უნდა ჩაედინა. ანუ მათ უნდათ ვლადიმერ სანაკოევმა განაგრძოს ის საქმე, რაც „ფეესბემ“ (უსაფრთხოების ფედერალური სამსახური) მას დაავალა.

სააკაშვილი რუსებზე ყოველთვის უარყოფითად რატომ საუბრობს? იმიტომ, რომ დამალოს თავისი კავშირები მოსკოვთან. რაც კეთდება საქართველოში, რუსული პროექტის შემადგენელი ნაწილია. ყველაზე მეტად მოგებულნი სწორედ მოსკოვში რჩებიან.