თინა ხიდაშელი: „აქციები აუცილებლად იქნება“

თინა ხიდაშელი: „აქციები აუცილებლად იქნება“

დღეს presage.tv-ს (For.ge) პრეს-კლუბის სტუმარი იყო რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი, რომელმაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ვინაიდან იგი გუშინწინ ჩამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სადაც 80-მდე შეხვედრა გამართა, პრეს-კონფერენცია სწორედ ამ თემაზე საუბრით დაიწყო.

ხიდაშელის თქმით, იგი რვა დღის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა და ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვან პერიოდს დაემთხვა. სწორედ ხიდაშელის ჩასვლის წინა დღეს ჩატარდა საქართველო-ამერიკის დემოკრატიის კომისიის შეხვედრა, რომელშიც უშიშროების საბჭოს მდივანიც მონაწილეობდა. ასევე წინ არის ჩიკაგოს სამიტი, რომელიც შემდეგი თვეების განმავლობაში საერთაშორისო ასპარეზე ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ამიტომ, ხიდაშელის თქმით, „ქართული ოცნების“ ამოცანა იყო, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოთი დაინტერესებული ჩვენი ქვეყნის პარტნიორებისთვის ეჩვენებინა ის საქართველო, რომელიც რეალურად არსებობს თავისი ყველა პრობლემით. ხიდაშელი ამერიკელებს საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო მდგომარეობაზე ესაუბრა, მეორეს მხრივ კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთგვარი პრეზენტაცია პრეზენტაცია გააკეთა და მისი ლიდერი გააცნო ჩვენს ამერიკელი პარტნიორებს.

„ჩემი ამოცანა ძალიან მარტივი იყო - მქონოდა პასუხები ყველა იმ კითხვაზე, რომლითაც მე ვაშინგტონიდან წინა ვიზიტიდან (ერთი თვის წინ) ჩამოვედი. ეს იყო ჩვენი სამოქმედო გეგმა, ჩვენი ორიენტირები, ამოცანები, როგორ ვხედავთ საქართველოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. აქ საუბარი არის ორივე მიმართულებაზე, როგორც საგარეო ასპარეზზე, ასევე ქვეყნის შინგით როგორ განვითარდება სოციალური პოლიტიკა, ჯანდაცვის პოლიტიკა, როგორ ვხედავთ განათლების პოლიტიკას და ა.შ.“, - აცხადებს თინა ხიდაშელი.

მისი თქმით, მისი მეორე ამოცანა, რითაც ვაშინგტონში წავიდა, იყო ის, რომ ჩიკაგოს სამიტის წინ ყველა ჩვენი პარტნიორისა და მეგობრისთვის ცალსახად ეთქვა, რომ ნატო არის ქართველი ხალხის და არა რომელიმე ხელისუფლების არჩევანი. „ქართულ ოცნებას“ სურს, რომ საქართველოს პარტნიორებს ძალიან ნათლად და ცალსახად სცოდნოდათ, რომ ამ თვალსაზრისით კოალიციას განსხვავებული პოზიცია არ აქვს. ხიდაშელის შეფასებით, ეს იყო ორი ძირითადი მიზეზი, რატომაც შედგა ეს ვიზიტი ახლა და არა ვთქვათ, ივნისში, ანუ ნატოს სამიტის შემდეგ. ხიდაშელი აცხადებს, რომ შეხვედრები ჰქონდა პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან დაწესებულებაში - თეთრ სახლში, უშიშროების საბჭოში, სახელმწიფო დეპარტამენტში (სადაც, ხიდაშელის განცხადებით, ყველაზე მეტი ინფორმაციაა და ყველაზე მეტი იციან საქართველოს შესახებ, გამომდინარე იქიდან, რომ ამ სამსახურის პირდაპირი ფუნქციაა, მონიტორინგს უწევდეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს). ასევე, შეხვედრები შედგა სენატში და წარმომადგენელთა პალატაში.

თინა ხიდაშელმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ მანანა კობახიძის დანიშვნაც შეაფასა. მან განაცხადა, რომ ძალიან დიდი ხანია კობახიძეს იცნობს და მასთან ძალიან ხანგრძლივი ურთიერთობა და მეგობრობა აკავშირებს.

„ჩვენ ერთი ცხოვრებიდან მოვდივართ, მრავალი წლის განმავლობაში ორივე ადამიანის უფლებების დამცველები ვიყავით და ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო იყო, როდესაც გავიგე, რომ სწორედ მანანაზე გაკეთდა არჩევანი. „ქართულ ოცნებაში“ ბევრ ადამიანთან მაქვს მრავალწლიანი ურთიერთობა, მაგრამ ყველაზე ხანგრძლივი პროფესიული და საქმიანი ურთიერთობა მანანასთან მქონდა. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო გადაწყვეტილება იყო“, - აცხადებს თინა ხიდაშელი.

მან ასევე კომენტარი გაუკეთა იმ პოზიციას, რომ პარტიის თავმჯდომარედ დაინიშნა ადამიანი, რომელსაც არანაირი პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს. ხიდაშელის თქმით, ყველას როდესღაც არ გვაქვს პოლიტიკური გამოცდილება. იგი აცხადებს, რომ როდესაც რესპუბლიკური პარტიის წევრი გახდა, მანამდე არასოდეს არც ერთი პარტიის წევრი ყოფილა და ნულოვანი პოლიტიკური გამოცდილება ჰქონდა. ეს სულ რამდენიმე წლის წინ მოხდა და ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, რომ რაღაცნაირად პოლიტიკოსად ჩამოყალიბებულიყო. ამასთანავე, თინა ხიდაშელის თქმით, როდესაც ადამიანის უფლებებს იცავ, აუცილებლად პოლიტიკაში ხარ, რადგან ადამიანის უფლებები მიბმულია პოლიტიკაზე. ადამიანის უფლებები შეიძლება მხოლოდ სახელმწიფომ დაარღვიოს და, შესაბამისად, სახელმწიფოს წინააღმდეგ გიწევს ბრძოლა, ეს კი უკვე პოლიტიკაა.

Presage.tv-ს კითხვაზე, შეუძლია თუ არა თინა ხიდაშელს გაავლოს პარალელები ქართული ოპოზიციისა და ხელისუფლების მიმართ ამერიკაში წინა წლებში და ამჟამად არსებულ დამოკიდებულებებს შორის, მან უპასუხა:

„1993 წლიდან პრაქტიკულად არ არსებობს არც ერთი წელი, როდესაც მე მინიმუმ ორჯერ მაინც არ ვყოფილიყავი ამერიკის შეერთებულ შტატებში. რა თქმა უნდა, ნამდვილად შემიძლია ეს პარალელები გავავლო. მათ შორის 2007 წლის მოვლენების დროს, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების როგორი მოლოდინები იყო. გარდა იმისა, ოთახში დახურულ კარს მიღმა რაზე ვისაუბრებთ (რაც შეიძლება სპეკულაციის საგანი გახდეს, რადგან მე შეიძლება სხაგვარად გავიგო რაღაც და ვიღაცამ სხვაგვარად), არსებობს რამდენიმე ნიშანი, რომლითაც შეგვიძლია განწყობები შევაფასოთ. დიდი მნიშვნელობა აქვს, ვის ხვდები და რა ხანგრძლივობის შეხვედრებია, მაგალითად, ორ დღეში ეტევი ამ ვიზიტით თუ ორჯერ გიწევს ბილეთის გამოცვლა. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ეს, ერთის მხრივ რა თქმა უნდა, ინტერესის და მეორეს მხრივ, დამოკიდებულების თვალსაზრისით, რომ შენი აზრი და პოზიცია ვაშინგტონში მნიშვნელოვანია, რადგან მაღალი ალბათობით ხვალ იქნები ის, ვისთანაც უნდა ილაპარაკონ, ანუ ხელისუფლებაში მოდიხარ.

ამ მხრივ ბოლო ოთხი თვე (რომლის განმავლობაში უკვე მესამედ ვიყავი შეერთებულ შტატებში) პრინციპულად განსხვავებულია წინა ორი წლის შეხვედრებისგან. ერთი - ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ სენატში, მაგალითად, სენატორს ხვდები თუ - მისი აპარატის უფროსს, პრაქტიკულად ორივე შეხვედრა თანაბარი მნიშვნელობის არის, იმ თვალსაზრისით, რომ შენს მიერ მიტანილი ინფორმაცია ბოლომდე მიდის. პოლიტიკური თვალსაზრისით კი, რა თქმა უნდა, განსხვავება არსებობს. ბუნებრივია, ზუსტად იგივეს თქმა შეიძლება წარმომადგენელთა პალატაზე და დანარჩენ აღმასრულებელ დაწესებულებებზე.

ძალიან ღრმად რომ არ ვისაუბრო იმაზე, დახურულ კარს მიღმა ვინ რას გვეუბნებოდა, შეგვიძლია ამითიც ვიმსჯელოთ. ამ ვიზიტის დროს ორჯერ შევცვალე ბილეთი, იმდენად მაღალი ინტერესი იყო, მუდმივად მოგვდიოდა იმ შეხვედრების დადასტურება, რომელიც მოთხოვნილი გვქონდა. დანამდვილებით რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ „ქართული ოცნების“ მიმართ ინტერესი უზარმაზარია. ჩვენი საუბრების 10 წუთზე მეტი არც ერთ შემთხვევაში არ დათმობია ხელისუფლების არსებული პრობლემების განხილვას, უკვე ძალიან დიდი ხანია იციან ეს ყველაფერი, უბრალოდ ძალიან დიდი ხანია ისინი ვერ ხედავდნენ ალტერნატიულ ძალას, რომელსაც ამ ხელისუფლების ჩანაცვლება შეეძლო“.

თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ადრე არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა ამერიკაში ჩავიდოდა, როგორც უფლებადამცველი, თუ როგორც პოლიტიკოსი, რადგან ორივე შემთხვევაში ადამიანის უფლებების დარღვევაზე ლაპარაკობდა. ამ ბოლო პერიოდში კი, მისი თქმით, მისგან ეს აღარ აინტერესებთ. ამერიკაში ინტერესდებიან იმით, თუ რას სთავაზობს „ქართული ოცნება“ საკუთარ მოსახლეობას და მთელს მსოფლიოს. ხიდაშელის თქმით, სწორედ ეს იყო მისი საუბრების ძირითადი და მნიშვნელოვანი ნაწილი და ესეც მნიშვნელოვანი სახვაობაა, რაც თავისთავად ცვლის ამ შეხვედრების კონტექსტს.

ჟურნალისტებმა მას მინდია გულუას პარტიის წევრების კონტროლის პალატის მიერ დაჯარიმების საკითხზეც დაუსვეს კითხვა და გულუას იმ განცხადების კომენტირება სთხოვეს, სადაც მინდია გულუამ თქვა, რომ კონტროლის პალატის მიერ მისი პარტიის წევრების დაბარება კობადავითაშვილის დამსახურება იყო. ამაზე ხიდაშელმა უპასუხა, რომ საერთოდ არ იცის, ვინ არის მინდია გულუა და არც ის ჰგონია, რომ კონტროლის პალატა და საერთოდ ხელისუფლება თავისი საქმიანობის განხორციელების დროს რომელიმე ოპოზიციონერის მითითებებით ხელმძღვანელობდეს. მან ასევე განცხადა, რომ ნათია მოგელაძის უწყებს სპეციალურად „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შეიქმნა და მისი ამოცანა არის ის, რომ ყველა ბერკეტი გამოიყენოს კოალიციის პოლიტიკური აქტივობის შესაჩერებლად.

„ხელისუფლებას თავიდან ეგონა, რომ ამ დავალებას წარმატებით გაართვა თავი. მართალია, მე არ ვფიქრობ, რომ ამ უწყების გაჩერება მუდმივია. მათგან ველოდები ჩვენზე შემოტევის ახალ და კიდევ უფრო მძლავრ ტალღას, განსაკუთრებით რეგიონებში. დღეს ისინი იმიტომ შეჩერდნენ, რომ დაინახეს - ვერაფერს მიაღწიეს იმ 350 ადამიანთან, რომლებიც დაკითხვაზე დაიბარეს. ეს ადამიანები ზუსტად იგივენაირად აგრძელებენ თავის საქმიანობას, როგორც კონტროლის პალატაში დაბარებამდე.

ჩემის აზრით, კონტროლის პალატამ ამ მოქმედებებით ძალიან კარგი სამსახური გასწია, რადგან თუკი ვინმეს ხელისუფლებაში კიდევ ჰქონდა ილუზია, რომ ხალხი დაშინებულია, დაინახეს, რომ ეს ასე არ არის. ხალხი ძალიან იმედიანად არის განწყობილი და ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენამ ძირეულად შეცვალა მოსახლეობის განწყობები. ჩემი აზრით, ხელისუფლება რაღაც ახლის მოფიქრებაზე მსჯელობს და მგონია, რომ ეს უფრო მძიმე იქნება, ვიდრე კონტროლის პალატის უკვე ჩადენილი ქმედებები, რადგან ისინი ხომ ასე წარმატებულები არიან საკუთარი მოსახლეობისთვის პრობლემების შექმნაში. ვფიქრობ, რომ მოსახლეობაზე ძალიან მძიმე დარტყმებს მოიფიქრებენ, მაგრამ არც ამჯერად გამოივათ არაფერი“, - აცხადებს თინა ხიდაშელი.

იგი არ იზიარებს გავრცელებულ მოსაზრებას, რომ ბიძინა ივანიშილის რეიტინგი კლებულობს. ხიდაშელის თქმით, ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, რომ პირველ ეფექტს ყოველთვის ეიფორია მოაქვს და ამაში განსაკუთრებული არაფერია. მისი თქმით, კოალიციის კვლევების მიხედვით, რეიტინგი სტაბილურია. თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს, ოღონდ პატიოსნად და შემდეგ არჩევნებზე დავითვალოთ ხმები, ოღონდ დათვლის საშუალება უნდა იყოს.

„იქ არ უნდა იჯდეს მიშა მაჭავარიანი და არ უნდა დაწეროს შედეგი. ბიულეტენები უნდა დაითვალონ და მერე ვნახავთ“, - თქვა ხიდაშელმა.

რაც შეეხება ნინო ბურჯანაძესთან ურთიერთობას, თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ მისი სადემარკაციო ხაზი ნინო ბურჯანაძესთან 2003 წლის 25 ნოემბერს გაივლო. იგი აცხადებს, რომ 2009 წლის აქციებზე არა ბურჯანაძესთან, არამედ ქართველ ხალხთან ერთად იყო. ქუჩაში აქციაზე ვინ მოვა, ეს სხვა საქმეა. ხიდაშელის თქმით, 2007 წლის ნოემბრის აქციებზე ირინა სარიშვილიც მივიდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე მასთან ერთად იყო.

ხიდაშელმა კომენტარი გააკეთა აგრეთვე გავრცელებულ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ნინო ბურჯანაძემ მესამე პოლიტიკური ცენტრი შექმნას.

„ეგ შეიძლება მოხდეს ერთადერთ შემთხვევაში - თუ ჩვენ გავჩერდებით. პოლიტიკურ სივრცეში მესამე თანაბარი ძალის ადგილი არასოდეს არის. როგორც წესი, ორი კონკურენტი პოლიტიკური ძალაა და დანარჩენები მესამე ადგილისთვის იბრძვიან. მე ვფიქრობ, რომ ამ არჩევნების სცენარიც ეს იქნება“, - აცხადებს ხიდაშელი.

მან ასევე კატეგორიულად განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ აუცილებლად ჩაატარებს აქციებს.

„კოალიცია აუცილებლად ჩაატარებს მიტინგებს და დემონსტრაციებს. წარმოდგენა არ მაქვს, როდის იქნება და რომელ ქალაქში, მაგრამ ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ აქციები აუცილებლად იქნება, რადგან ეს არის საარჩევნო პროცესის და დემოკრატიის ისეთივე ნაწილი, როგორც ის, რითიც ახლა მე და თქვენ ვართ დაკავებულები. ადამიანებმა არჩევნებამდე ერთმანეთი უნდა დაინახონ იმისათვის, რომ იმედიანად იყვნენ. წინასაარჩევნოდ პოლიტიკოსები ხალხს ქუჩაში ხვდებიან ყველა ქვეყანაში და ვერ მეტყვით ვერც ერთ ქვეყანას, სადაც ეს არ გამოეყენებინოთ. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს არ იქნება 7 ნოემბერი და იმედი მაქვს, რომ ქუჩაში ხალხის დანახვისას პირველი, რაც სააკაშვილს გაახსენდება, არ იქნება სპეცრაზმი“, - აცხადებს თინა ხიდაშელი.