საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ნიკოლა სარკოზი დამარცხდა და ლიდერობა სოციალისტური პარტიის წარმომადგენელს, ფრანსუა ოლანდს დაუთმო. საფრანგეთის უახლეს ისტორიაში მოქმედ პრეზიდენტს ხელმეორედ არჩევისას მსგავსი რამ არ შემთხვევია. არჩევნების პირველ ტურში კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა მარინ ლე პენმა, რომელმაც ხმათა 18.05%-ით მესამე ადგილი დაიკავა, რითაც ჟან-მარი ლე პენის, საკუთარი მამის 2002 წელს ნაჩვენები შედეგი გააუმჯობესა.
დიდი ალბათობით, ელისეის სასახლეს ახალი ბინადარი ეყოლება. სოციალისტების მიერ დასახელებულმა ფრანსუა ოლანდმა კვირას, 22 აპრილს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების მიხედვით შეძლო ამჟამინდელი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის დამარცხება.
ოლანდმა ხმათა 28.61% მოიპოვა, პარიზში კი 34%-ზე მეტი მიიღო. საფრანგეთის ისტორიაში პირველად, ქვეყნის დედაქალაქში სოციალისტმა გაიმარჯვა. მთელი ქვეყნის მასშტაბით სარკოზის მხარი ამომრჩეველთა 27.08%-მა დაუჭირა. ოლანდი და სარკოზი 6 მაისს არჩევნების მეორე ტურში მიიღებენ მონაწილეობას.
მესამე ადგილზე, მოულოდნელად, მაღალი შედეგით, ამომრჩეველთა 18%-იანი მხარდაჭერით გავიდა „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერი, მარინ ლე პენი. მეოთხე ადგილი ერგო „მემარცხენე ფრონტის“ კოალიციის ლიდერს ჟან-ლუკ მელანშონს, რომელმაც 11.12% მიიღო. ხუთეულს ასრულებს წინა არჩევნების ვარსკვლავი, ცენტრისტული დემოკრატიული მოძრაობის დამაარსებელი ფრანსუა ბაირუ, რომელმაც 2007 წელს მესამე ადგილი დაიკავა 11.57%-ით. ამჯერად მან მხოლოდ 9.11%-ის მოგროვება შეძლო. დანარჩენი 5 კანდიდატი ლიდერებს დიდი განსხვავებით ჩამორჩა. მწვანეთა პარტიის წარმომადგენელმა, ევა ჟოლიმ 2.27% მიიღო, ნიკოლა დიუპონ-ენიანმა - 1.8%, ახალი ანტიკაპიტალისტური პარტიის წარმომადგენელმა, ფილიპ პუტუმ 1.15%, ნატალი არტომ 0.57, ჟაკ შემინადმა კი - 0.25%.
ამომრჩეველთა აქტივობამ საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს – 80.43%-ს მიაღწია. ანალიტიკოსები ელექტორატის მნიშვნელოვნად ნაკლებ მობილიზაციას წინასწარმეტყველებდნენ.
თუმცა, ეს მაჩვენებელი 2007 წლის შედეგთან შედარებით მაინც დაბლია, როდესაც 44.5 მლნ. ამომრჩევლიდან საარჩევნო უბნებთან 83.8% მივიდა.
პირველი ცნობებს საარჩევნო უბნებიდან სოციალური პარტიის შტაბ-ბინასთან შეკრებილი ამომრჩეველი დიდი ოვაციებით და წამების ათვლით ეგებებოდა.
თვითონ ოლანდი ამ დროს არ იმყოფებოდა პარიზში. არჩევნების ლიდერი პუბლიკის წინ მხოლოდ საღამოს ცხრა საათისთვის გამოვიდა - უკვე მას შემდეგ, რაც მის კანდიდატურას მეორე ტურში „მემარცხენე ფრონტის“ ლიდერმა, ჟან ლუკ მელანშონმა, მწვანეების წარმომადგენელმა ევა ჟოლიმ და ფილიპ პუტუმ დაუჭირეს.
მელანშონი უფრო გაღიზიანებული იყო, ვიდრე – იმედგაცრუებული. მან ვერ შეძლო ნაციონალისტებზე უკეთესი შედეგის ჩვენება. ყოფილმა სოციალისტმა სტალინგრადის მოედანზე შეკრებილ თავის მხარდამჭერებს მიმართა: „მე მოგიწოდებთ, რომ მემარჯვენეებთან ბრძოლის ვალდებულება ბოლომდე აიღოთ თქვენს თავზე. 6 აპრილს ნურაფერს ნუ მოითხოვთ სანაცვლოდ, უბრალოდ გააკეთეთ ისე, რომ სარკოზი დამარცხდეს“.
ამ განცხადების მიუხედავად, თავისი მხარდამჭერებისთვის ოლანდის როგორც კანდიდატის სახელი, რომელსაც უნდა მისცენ ხმა, არ დაუსახელებია. ასეა თუ ისე, მისი მოწოდება სიტყვასიტყვით იქნება გაგებული. ეგზიტპოლების თანახმად, იმ ამომრჩეველთა 91%, რომლებმაც მელანშონს მისცეს ხმა, მეორე ტურში აპირებენ, მხარი დაუჭირონ ოლანდს.
ეკოლოგების კანდიდატის, ჟოლის მარცხი უდავო იყო. მის კამპანიას დამკვირვებლები ერთხმად აფასებენ, როგორც ყველაზე სუსტს. უკანასკნელი თვეების განმავლობაში ჟოლის პოტენციური ელექტორატი 2-3-ჯერ შემცირდა. ხმათა დათვლის ღამეს მან ყველა მის მხარდამჭერს მოუწოდა, რომ მეორე ტურში ხმა მისცენ ოლანდს:
„გააკეთეთ ყველაფერი, რომ ჩვენი ქვეყანა „სარკოზიზმიდან“ გამოვიდეს“. მსგავს რიტორიკას იყენებდა ფილიპპუტუც, რომელმაც ასევე განაცხადა სარკოზის „მოშორების“ აუცილებლობის შესახებ.
პოლიტიკოსების განცხადებებს, ოლანდის მხარდაჭერის შესახებ, ახალგაზრდა სოციალისტები შეძახილებით ხვდებოდენ. თვითონ ოლანდის გამოსვლას ისინი კოკისპირულ წვიმაში შეხვდნენ. ოლანდი თავშეკავებულად გამოიყურებოდა, მისი გამოსვლა კი პათოსით მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა მის ზოგიერთ წინასაარჩევნო გამოსვლებს. „მე ყველა იმ ძალის კანდიდატი გავხდი, ვისაც სურს საბოლოოდ გადაფურცლოს ეს გვერდი საფრანგეთის ისტორიაში და დაიწყოს ახალი“ - განაცხადა მან, და სარკოზი ექსტრემისტების ხელშეწყობაში დაადანაშაულა.
როგორც ჩანს, საროზის სურდა უკანასკნელი სიტყვა თავისთვის დაეტოვებინა. მის გამოსვლას თავდაპირველად 21:00-ზე ელოდნენ, მაგრამ ქვეყნის მეთაურმა ელისეის სასახლე მხოლოდ 22 საათზე დატოვა, როდესაც ოლანდმა დაასრულა თავისი გამოსვლა და მხოლოდ ამის შემდეგ გაემართა სან-ვიქტორის ქუჩაზე, საარჩევნო შტაბში. სარკოზის დიდ დარბაზში რამდენიმე ათასი სოციალისტებზე აშკარად უფრო შეძლებული და რასის მიხედვითაც ერთგვარი აქტივისტი ელოდა. აქვე იყო 700-მდე ჟურნალისტი სხვადასხვა ქვეყნებიდან.
„მე ვიცი, რა სჭირდება საფრანგეთს და რას უფრთხის ის. მე მესმის: საზღვრების დაცვა, იმიგრაცია, სამუშაო, უსაფრთხოება, მობილიზაციის მეშვეობით ჩვენ შევძლებთ მეორე ტური იმედიანად დავასრულოთ. მე მოვუწოდებ ყველას, ვისაც უყვარს სამშობლო – შემომიერთდით“ – გამოსვლის ბოლოს სარკოზიმ განაცხადა, რომ თავის მოწინააღმდეგეს სთავაზობს ქვეყნის პრობლემების ძირეულად განსახილველად მოლაპარაკებებს, რისთვისაც შესაძლებლად მიაჩნია დებატების არა ერთი, არამედ სამი რაუნდის გამართვა.
სარკოზის ტალანტი პოლემიკაში საკმაოდ ცნობილია, ასევე ბევრი ვარაუდობდა იმას, რომ ქვეყნის მეთაური თავისი პოსტის შენარჩუნებისთვის ბრძოლას სატელევიზიო ეთერის საშუალებით შეეცდებოდა, მაგრამ არავინ ელოდა, რომ ოლანდს ასე პირდაპირ შესთავაზებდა ამას. სოციალისტებში ამან უკვე გამოიწვია უკმაყოფილება. მათ უკვე დაადანაშაულეს პრეზიდენტი თამაშის დროს წესების შეცვლის მცდელობაში, რისთვისაც მან მოაწყო ეს შოუ და წამოიწყო „დებატები დებატებისთვის“. სარკოზის ასევე გაუხსენეს მისი უარი არჩევნების პირველ ტურამდე დებატებში მონაწილეობაზე ხუთი-ხუთზე ფორმატში. ოლანდი სარკოზის წინადადებას უკვე შეეწინააღმდეგა.
„ქვეყანაში არსებობს რესპუბლიკური ტრადიცია - ორ ტურს შორის მხოლოდ ერთი დებატების იმართება“ - განაცხადა პოლიტიკოსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნაჟეტბალლო-ლეკასემმა.
ოლანდს გამარჯვებისთვის ფაქტობრივად არაფრის გაკეთება არ სჭირდება - Ipsos-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით მეორე ტურში ოლანდისთვის ხმის მიცემას ამომრჩეველთა 54% აპირებს, სარკოზისათვის კი მხოლოდ 46%.
სოციალისტების კანდიდატს მხარს არა მხოლოდ მემარცხენე ელექტორატის უმრავლესობა უჭერს, არამედ ცენტრისტი ფრანსუა ბაირუს მხარდამჭერთა 40%-იც. მათგან მხოლოდ 25% აპირებს დაუჭიროს მხარი სარკოზის, დანარჩენი კი საერთოდ არ აპირებს არჩევნებზე წასვლას.
მარინ ლე პენი თავის მხარდამჭერებს არც სარკოზისთვის და არც ოლანდისთვის ხმის მიცემისკენ არ მოუწოდებს.
ამის გაკეთება მთელი იდეოლოგიური პლატფორმის ჩამოშლა იქნებოდა, რომელიც აგებულია იმაზე, რომ სწორედ ლე პენი და მისი „ნაციონალური ფრონტი“ წარმოადგენენ ჭეშმარიტ ფრანგებს. თავისი არჩევანის შესახებ განაცხადის გაკეთებას ლე პენი 1 მაისს აპირებს, იმ დღეს, როდესაც ნაციონალისტები ჟანა დარკის ხსოვნის დღეს აღნიშნავენ და თავის მომხრეებთან ერთად ქუჩებში გამოდიან.
ნაციონალური ფრონტი უკანასკნელი 25 წლის მანძილზე მუდმივად ცდილობს განიმტკიცოს „მესამე ძალის“ სტატუსი, თუმცა აქამდე – უშედეგოდ. ამჟამინდელი წარმატების შენარჩუნება მათთვის ძალიან სასურველია. მისი მიმდევრები პარტიაში ლე პენზე უკვე საუბრობენ, როგორც მომავალ ოპოზიციურ ლიდერზე. ამისთვის ანალიტიკოსების მოსაზრებით, ლე პენისთვის მომგებიანი იქნებოდა ოლანდის გამარჯვება იმ გათვლით, რომ სარკოზის პარტია ამ დარტყმას ვერ გაუძლებს და დაიშლება. ელისეის სასახლის ბინადრის მოსალოდნელი ცვლილება შესაძლოა არ იყოს ერთადერთი დარტყმა მმართველი პარტიისთვის - საფრანგეთს წინ არჩევნების „მესამე ტური“ ელის, როგორც ამას უკანასკნელ პერიოდში ივნისში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს უწოდებენ.
მოსალოდნელია ისიც, რომ ლე პენის ელექტორატი სარკოზის ერთხმად არ დაუჭერს მხარს. მათი დაახლოებით მეოთხედი, სავარაუდოდ, სოციალისტს მისცემს ხმას. ეს არც არის გასაკვირი - ყველაზე დიდი მხარდაჭერით ლე პენი მუშათა კლასში სარგებლობს. სარკოზი კი არა მათ, არამედ ტრადიციული ნაციონალისტური ელექტორატის იმედზეა, რომელსაც იმიგრაციისა და უსაფრთხოების საკითხები აწუხებს.
„საჭიროა პატივი ვცეთ იმ ამომრჩეველს, რომელმაც „ეროვნულ ფრონტს“ მისცა ხმა. ეს მათი არჩევანია, მათ თავიანთი აზრი გამოხატეს. ამაში მათი დადანაშაულება არ შეიძლება, არჩევნები ხომ კრიზის დროს ტარდება. და მე ამ ადამიანებს ვეუბნები: მე თქვენ გისმენთ“ – განაცხადა პრეზიდენტმა სარკოზიმ.
„მე არ შევეცდები ულტრა-მემარჯვენეების მომხრეთა შორის სიმპათიის მოპოვებას. ახლა მათ ბევრი უჭერს მხარს და ეს სარკოზის ბრალია. თუმცა ზოგიერთმა ამომრჩეველმა მათ იმიტომ მისცა ხმა, რომ ისინი სარკოზიზე არიან გაბრაზებულები. სწორედ მათზე ვამყარებ იმედებს“ - აცხადებს თავის მხრივ ოლანდი.
პრეზიდენტობის პრედენდენტების რიტორიკას იზიარებს თავად მარინ ლე პენი არ. მან განაცხადა, რომ არც ოლანდის და არც სარკოზის მხარდაჭერას არ აპირებს, მისი მხარადამჭერების გადაბირება კი – შეუძლებელია. „ახლა ბატონები ოლანდი და სარკოზი ცდილობენ იმათ გულის მოგებას, ვინც მე მომცა ხმა. ოლანდი ამბობს, რომ მათ ხმა იმიტომ მომცეს, რომ სარკოზიზე არიან გაბრაზებულები, სარკოზი თავის მხრივ ამას კრიზისული სიტუაციით ხსნის. მე კი ვაცხადებ, რომ ეს მხარდაჭერა თანხმობის ნიშნად მოხდა. ჩემთვის ხმის მომცემებმა ზუსტად იციან თუ რა უნდათ“ – ასე თავის თავში დარწმუნებულია ქალბატონი ლე პენი, რომელიც ამ სიტუაციაში მართლაც რომ გადამწყვეტი ხმის უფლებით სარგებლობს. მართალია ის მხარდაჭერას ამ ეტაპზე არც ერთს პირდება, თუმცა მან ერთხელ უკვე განაცხადა რომ იგი ყველაფერს გააკეთებს, რათა სარკოზიმ თანამდებობა დატოვოს.
თავის მხრივ, ბევრი ფრანგი შეშფოთებულია იმით, რომ თითქმის ყოველი მეხუთე თანამემამულე რადიკალური შეხედულებების მხარდამჭერია. „ჩვენს სოფელში 200-მდე ადამიანი ცხოვრობს. არჩევნებში მონაწილეობა 79%-მა მიიღო. და თუმცა უმეტესობამ ოლანდს დაუჭირა მხარი, მარინ ლე პენმა მაინც ძალიან ბევრი ხმა მიიღო. ცუდად ვიგრძენი თავი იმის გაგებისას, რომ ჩვენი სოფლის მცხოვრებთა მესამედი ულტრა-მემარჯვენე შეხედულებებს იზიარებს“ - შეშფოთებას ვერ მალავს ფრანგი ფერმერი.
სფარანგეთის არჩევნებს ევროპაც დიდი გულისყურით ადევნებს თვალს. თვალშისაცემია ბერლინის განყობილების ცვლილება. თუ აქამდე სარკოზის სრულ მხარდაჭერას უცხადებდნენ, ახლა ფრაუ მერკელის წარმომადგენელმა ლაკონურად განაცხადა, რომ „კანცლერი ნებისმიერ პრეზიდენტთან იმუშავებს“.
სიტუაცია ჯერ-ჯერობით ისეთია, რომ სავარაუდოდ არჩევნებში გამარჯვებულს ისევ მცირე პროცენტული განსხვავება გამოავლენს, თუმცა ამ მცირე უპირატესობამ შეიძლება არა მხოლოდ მეხუთე რესპუბლიკის, არამედ მთლიანად ევროპის მომავალი განსაზღვროს
ასეა თუ ისე, 6 მაისს ფრანგი ამომრჩეველი საბოლოოდ დააფიქსირებს თავის პოზიციას და ქვეყნის ახალ მეთაურს აირჩევს.