ქართულ ოცნებას“ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კონკრეტული გეგმა გააჩნია“

ქართულ ოცნებას“ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კონკრეტული გეგმა გააჩნია“

„ქართული ოცნებისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, „კოალიციას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კონკრეტული გეგმა გააჩნია“ – ამის შესახებ ალასანიამ პარტიის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი ყრილობის დასრულების შემდეგ განაცხადა.


„ჩვენ ვიცით, როგორ უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებების პროცესი აფხაზებთან, როგორ უნდა გავაჩინოთ ნდობა ამ პროცესში, როგორ უნდა ჩავრთოთ ევროკავშირი, სწორედ ეს არის ჩვენი კოალიციის პრიორიტეტი. რაც შეეხება ჩვენი პარტნიორი პარტიის საგარეო პრიორიტეტებს, ეს არის საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში და ევროკავშირში გაწევრიანება, ჩვენ დასავლური ღირებულებების პარტიების კოალიცია ვართ და დღეს საპროგრამო გამოსვლაში ეს კოალიციის ლიდერმა აღნიშნა კიდეც“.

გარდა ამისა, ჟურნალისტებთან საუბრისას ალასანიამ კოალიციის პრიორიტეტებს ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა:

„ჩვენ ყველა მოქალაქე გვეყოლება დაზღვეული, ფეხზე დავაყენებთ გლეხს, მათ მიწის დამუშავებისა და მოყვანილი სიკეთის ბაზრამდე მიტანის საშუალებას გავუჩენთ, ეს ყველაფერი ივანიშვილის საპროგრამო გამოსვლაში აღნიშნული იყო და ეს მხოლოდ ნაწილია. ამ ყველაფერის ფინანსური რესურსები არის, თუკი ჩვენი ბიუჯეტი გამჭვირვალე იქნება, საააკშვილის ბიუჯეტისგან განსხვავებით, რომელიც ყველაზე გაუმჭვირვალეა“.

ამასთან, ალასანიას „წარმოდგენა არ აქვს ვინ იქნება პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სიის პირველი ნომერი, ვინაიდან ეს უშუალოდ ამ პარტიის გადასაწყვეტია“.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივებზე „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრ, ექსპერტ ირაკლი სესიაშვილს ვესაუბრებით:

რას მოიცავს „ქართული ოცნების“ კონკრეტული გეგმა ქვეყნის მთლიანობის აღდგენის საკითხში?

ირაკლი სესიაშვილი: აქ არ შეიძლება მხოლოდ ერთი კონკრეტული გეგმა არსებობდეს. საუბარია კომპლექსურ მიდგომაზე, რომელიც არა მხოლოდ კონფლიქტის მოგვარებაზე მუშაობის გეგმას და სტრატეგიას მოიცავს. ამაში თავისთავად სახელმწიფოს განვითარების საკითხებია ჩადებული. კონფლიქტის მოგვარება ჩვენი ჩამოყალიბების, განვითარების და გაძლიერების გარეშე შეუძლებელია. ამდენად, ეს კომპლექსური გეგმა, პირველ რიგში ქვეყნის როგორც ეკონომიკურად ისე დემოკრატიული თვალსაზრისით გაძლიერებას გულისხმობს. მხოლოდ დემოკრატიული საზოგადოება იქნება მიმზიდველი ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის. თავის მხრივ, დასავლეთი აქტიურად ჩართული იქნება კონფლიქტის მოგვარებაში. ამასთანავე, ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ დე–ფაქტო ხელისუფლებებთანაც.

ამ დე–ფაქტო ხელისუფლებებთან, იგივე მარიონეტებთან სათანამშრომლოდ რა შესაძლებლობების ფანჯარა არსებობს?

– დაინტერესებულნი ვართ აფხაზებსაც და ოსებსაც ავუხსნათ, რომ ჩვენი სურვილია არა უბრალოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, არამედ ამ ხალხის, ჩვენივე თანამოქალაქეების დაბრუნება. ეს ადამიანები პირველ რიგში უნდა დავარწმუნოთ, რომ ე.წ. დამოუკიდებელ სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს არანაირი პერსპექტივა არ აქვს. განსაკუთრებით იმ ვითარებაში, რაშიც დღესდღეობით იმყოფებიან.

ასევე უნდა დავარწმუნოთ, რომ თანაცხოვრებით დავიცავთ უმცირესობების ინტერესებს, სრული თანაბარუფლებიანობის პირობებში. მეორე მხრივ კი, თანაცხოვრებით ჩვენ ყველანი ძლიერი სახელმწიფოს აშენებას შევძლებთ, რაც თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია.

მოდით პირდაპირ ვთქვათ, ამ კონფლიქტის მოგვარება ადვილი არ არის. სამწუხაროდ, ბევრი დრო გავიდა და ამ ხნის განმავლობაში მეტი უარყოფითი მოვლენები იყო. ამიტომ, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე უნდა ვიმუშაოთ, რომ დადებითი, პოზიტიური მოვლენები და პროცესები რაც შეიძლება გაიზარდოს. ამისთვის საჭიროა დიალოგი და მშვიდობიანი გზების გამოძებნა; ჩვენი თანამოქალაქეების დარწმუნება; როგორც დასავლეთის აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა, ასევე რუსეთთან დიალოგი და საერთო ენის გამონახვა.

ვიცით, რომ რუსეთს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული აქვს. ასევე კარგად გვესმის, რომ დეოკუპაცია მარტივი საქმე არ არის. მაგრამ არსებული გეოპოლიტიკური მოცემულობა გვაძლევს შანსს და პერსპექტივას, რომ სწორი პოლიტიკის წარმართვის პირობებში, შესაძლებელია ჩვენი მიზნების მიღწევა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

პირველ რიგში რაზე მიანიშნებთ, როცა „გეოპოლიტიკურ მოცემულობაზე“ საუბრობთ?

– ყველაფრის დაკონკრეტება ალბათ სასურველი არ იქნება. ფაქტი ერთია, რომ რუსეთს ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაში თავისი ინტერესები აქვს. ამის უგულვებელყოფა შეუძლებელია, რადგან მეზობელი ქვეყანაა. მაგრამ ჩვენ კონკრეტული სახელმწიფო ინტერესები გვაქვს, რომლებიც რაიმე სახის დისკუსიას არ ექვემდებარებიან. იგი ვერ იქნება შეზღუდული ან შევიწროებული სხვა, თუნდაც მეგასახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით.

თუმცა, გარკვეული ინტერესების კვეთა ყოველთვის ხდება. იგივე ჩრდილოეთ კავკასიაში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად; ასევე მოსკოვსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების თვალსაზრისით. ამას გარდა, ადრე თუ გვიან რუსეთის დასავლეთთან დაახლოების პროცესი დაჩქარდება. ეს შეუქცევადი პროცესია და რუსეთს უნდა თუ არა, დასავლეთთან ურთიერთობა სჭირდება. მოსკოვს დიდად სურს მსოფლიო საკითხებში თავისი ჩართულობა გაზარდოს. ამით დასავლეთთან უნდა ითანამშრომლოს და მეორე მხრივ, ცხადია გარკვეულ სარგებელსაც ნახავს. ვფიქრობთ, ამ პროცესში მეტი შანსია, რომ ჩვენი სწორი როლი და ადგილის მოვძებნოთ.