გუშინ პარლამენტში დეპუტატებს ჯონდი ბაღათურიასა და აზერ სულეიმანოვს შორის მომხდარ დაპირისპირებას და მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს დღეს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დაგმო აზერ სულეიმანოვის განცხადება, რომლითაც მან ჯონდი ბაღათურია „ბაღათურიანად“ მოიხსენია და სომეხი უწოდა მას. საია მიიჩნევს, რომ სომხური გვარის ტარება სულაც არ არის ვინმესთვის დამაკნინებელი.
თავის მხრივ ჯონდი ბაღათურიას განცხადებასაც მოჰყვა გამოხმაურება. ჩერქეზული კულტურის ცენტრი დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას მიერ ჩერქეზი ხალხის გენოციდის აღიარების „ერთდღიან და სამასხარაო პიარ-აქციად“ შეფასებას წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციად მიიჩნევს და მოუწოდებს მას „მსგავსი უკეთური ხერხებით საზოგადოდ ერთაშორისი და კერძოდ ქართულ-ჩერქეზული ურთიერთობების გაფუჭებას ნუ ეცდება“.
გუშინ საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს „Радио Свобода – Эхо Кавказа“-ც ეხმიანება და წერს, რომ „ჩერქეზთა გენოციდის აღიარებით სააკაშვილმა პანდორას ყუთს თავი ახადა“.
მაინც რატომ დასვა სომხების გენოციდის აღიარების საკითხი ჯონდი ბაღათურიამ და რამ გამოიწვია აზერ სულეიმანოვის ასეთი გაღიზიანება, ამის შესახებ presage.tv ჯონდი ბაღათურიას ესაუბრა.
ჯონდი ბაღათურია: „პარლამენტის სხდომაზე ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შესახებ ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება შევაფასე არამართლზობიერ ნაბიჯად, ანუ შეცდომად და შედეგებზე, რაც ამ გადაწყვეტილებამ გამოიღო (და კიდევ წინ გვაქვს ამგვარი შედეგები) ხელისუფლებას დავაკისრე პასუხისმგებლობა. სხვა არაფერი მითქვამს და რატომ ვარდება ვინმე ისტერიკაში და რატომ დადის პარლამენტის რომელიმე წევრი ვაზელინით, ეს მათ უნდა ჰკითხოთ.
შეგიძლიათ დაგვიკონკრეტოთ, რას გულისხმობთ უარყოფით შედეგებში, რომლებიც ჩერქეზთა გენოციდის აღიარებამ გამოიწვია?
- ამან ძალიან ბევრი ნეგატიური შედეგი გამოიღო, მათ შორის ის, რომ ჩერქეზთა სხვადასხვა დიასპორა არსებობს და თვითონ ისინი არ აღიარებენ ჩერქეზი ერის გენოციდს. ამიტომ, საქართველო ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არასერიოზულად გამოიყურება. დედამიწის ზურგზე ჯერ არავის უღიარებია ჩერქეზების გენოციდი და როგორც მოგახსენეთ, არც თავად მათ, ამიტომ როდესაც ამას შენ აკეთებ (პრეზიდენტის სიტყვები რომ მოვიშველიოთ) რუსების ჯინაზე, ეს რბილად რომ ვთქვათ, არასწორია. ხომ შეიძლება ცოტა უფრო მეტს ფიქრობდე და პოხონდრიებით არ ხელმღვანელობდე?
რაც შეეხება ჩერქეზ ხალხს, ეს არის გმირი ხალხი. მე თვითონ მეომარი კაცი ვარ და შეუძლებელია არ ვგულშემატკივრობდე ამ მეომარ და გმირ ერს. მე მათ ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ სხვა საქმეა ეს პატივისცემა და სხვა რამეა პოლიტიკური, ძალიან სახიფათო ინტრიგები, რომლის დახლართვაც უნდოდა საქართველოს ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილებით.
თქვენს მიერ ამ თემის წამოწევის მიზეზი რა გახდა?
- უკვე რამდენიმე დღეა სომეხი ეროვნების ჩვენი თანამემამულეები იკრიბებიან პარლამენტთან და დეპუტატებთან შეხვედრას ითხოვენ იმის გასარკვევად, განიხილავს თუ არა პარლამენტი სომხების გენოციდის საკითხს. საპარლამენტო უმრავლესობამ კი თავი ჩირგვებში ჩარგო და ემალება ამ ადამიანებს. შესაბამისად, მათ გაუჩნდათ საკმაოდ ლეგიტიმური კითხვა, რომ თუკი შესაძლებელია ჩერქეზთა გენოციდის აღიარება, რატომ არ შეიძლება ამ საკითხის განხილვა. ამ ყველაფერმა კი საქართველო საკუთარ მოქალაქეებთან ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო. სწორედ ამ საკითხს შევეხე მე პარლამენტის სხდომაზე და საპარლამენტო უმრავლესობას ვუთხარი - საკუთარ ხალხს ნუ ემალებით, დაელაპარაკეთ-მეთქი მათ.
თქვენი აზრით ამან გამიწვია აზერ სულეიმანოვის გაღიზიანება?
- მე რა ვიცი სულეიმანოვის და ბობოხიძის გაღიზიანება რამ გამოიწვია. კაცი მთელი ჩემი გამოსვლის განმავლობაში დარბაზიდან რეპლიკებს ისროდა და მიშლიდა ხელს. მათზე ჩემი ყველა გამოსვლა ისე მოქმედებს, როგორც ხარზე წითელი ნაჭერი. ჩემი აზრით, უბრალოდ ისინი სააკაშვილს აწონებენ თავს.
თქვენს მიმართ ასეთი დამოკიდებულება სააკაშვილის ვიზიტის დროს თქვენი ცნობილი გამოსვლის შემდეგ ჩამოყალიბდა?
- დიახ, ამის შემდეგ ყოველთვის ხელოვნურად ხდება ხოლმე დაპირისპირების გამწვავება. ამას ისეთი ხალხი აკეთებს, ვისაც მომავალ საპარლამენტო სიაში თავისი ადგილი გარკვეული ჯერ არ აქვს და ამ სამარცხვინო მეთოდით ცდილობენ პარტიაში საკუთარი პოზიციების გაძლიერებას, მაგრამ ასე რა ჩიტსაც დაიჭერენ, ამას მომავალი გვაჩვენებს.
„Радио Свобода – Эхо Кавказа“ აცხადებს, რომ ჩერქეზთა გენოციდის აღიარებით სააკაშვილმა „პანდორას ყუთს“ ახადა თავი. იზიარებთ ამ მოსაზრებას?
- მერე არ არის ეს სწორი შეფასება? ზუსტად ამას ვეუბნებოდი ჩვენს ხელისუფალთ, რომ არ იყო ზედმეტი მატრაკვეცობა და ასეთი რამის გაკეთება საჭირო ერთდღიანი იაფფასიანი პიარის გულისთვის. არის საკითხები, რომ როგორც ყველაფერი არ იჭმევა, ისე ყველაფერი არ ითქმის. არის საკითხები, რომლებზეც მეტი პასუხისმგებლობა და მეტი სიფრთხილე გმართებს, მით უმეტეს, როდესაც ქვეყნის ხელისუფალი ხარ. ამათ კი არც პასუხისმგებლობა აქვთ, არც გონება ჰყოფნით და სხვათაშორის, - არც სჭირდებათ. მხოლოდ იმაზე არიან ორიენტირებულები, რაც შეიძლება მეტი ფული მოიპარონ და მეტი სიბინძურე გააკეთონ.
თქვენს განცხადებასთან დაკავშირებით ჩერქეზული კულტურის ცენტრმა გააკეთა შეფასება და გაგაკრიტიკათ ამ განცხადების გამო.
- ვენაცვალე, წიკლაურის მეგობრებს, მათი განცხადება არასერიოზულად მიმაჩნია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩერქეზი ერი არის გმირი ერი და მათ უდიდეს პატივს ვცემ და ძალიან მიყვარს. მაგრამ ასევე ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო და მის მიმართ სიყვარულის უფლება და ვალდებულებაც მაკისრია. ჩერქეზთა ზოგიერთ დიასპორას ჰყოფნის იმის უნარი, რომ განაცხადონ, რომ ეს საკითხი თვითონაც არ აქვთ ჯერ შესწავლილი, გენოციდის საკითხს ვგულისხმობ.
უმჯობესი იქნებოდა, ჩერქეზები შეკრებილიყვნენ და ამ საკითხთან დაკავშირებით მიეღოთ გადაწყვეტილება, რათა ჩვენც ცოტა უფრო სერიოზულ მდგომარეობაში ვყოფილიყავით. ხომ არ შეიძლება სააკაშვილის პოხონდრიების გამო ჩვენი ქვეყანა ცირკის არენად გადავაქციოთ?
სხვათაშორის მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ჩერქეზები იყვნენ პარლამენტში მოსულები და როდესაც გენოციდის საკითხი განიხილებოდა, მე სიტყვით გამოვედი და ვთქვი, რომ ამ გადაწყვეტილებას მხარს არ დავუჭერდი, მაგრამ მათ მიმართ პატივისცემა გამოვხატე. მინდა გითხრათ, რომ ისინი ჩემს ამ ნათქვამს აპლოდისმენტებით შეხვდნენ. ისინი ვაჟკაცები არიან და ძალიან კარგად მიხვდნენ, რაზე ვსაუბრობდი მაშინ და ამიტომაც დაუკრეს ტაში. თვითონ სამშობლოს განცდა და სიყვარული აქვთ და ამას სხვებშიც აფასებენ.
ჩვენს დეპუტატებს კი სამშობლოს სიყვარული რომ არ აქვთ, ალბათ იმიტომაც არის, რომ შტატიან პროვოკატორებად არიან ქცეულები.