საფრანგეთი სირიასა და ერაყში ტერორისტებთან ბრძოლას გააძლიერებს

საფრანგეთი სირიასა და ერაყში ტერორისტებთან ბრძოლას გააძლიერებს

საფრანგეთი სირიასა და ერაყში ტერორისტებთან ბრძოლას გააძლიერებს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ნიცაში მომხდარის ტერაქტის შემდეგ ტელემიმართვაში განაცხადა.

„ჩვენ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს ქმედებებს სირიასა და ერაყში და გავაგრძელებთ დარტყმების მიტანას მათზე, ვინც ჩვენს მიწაზე გვესხმის თავს“, - განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.

გუშინ ადგილობრივი დროით 23:00-ზე ნიცაში, სადაც მოსახლეობა ეროვნულ დღესასწაულს, ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ხალხში უზარმაზარი სატვირთო ავტომობილი შევარდა.

თვითმხილველების ცნობით, მძღოლი განგებ ატარებდა მანქანას ისე, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადაესრისა.

ტერორისტმა დაახლოებით 2 კილომეტრის გზა გაიარა, რის შემდეგაც სატვირთო მანქანა გააჩერა და იქ მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა.

ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა თავდასხმელის ლიკვიდაცია მოახდინეს.

სატვირთო მანქანაში საბრძოლო მასალა და იარაღი აღმოაჩინეს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ მძღოლი 31 წლის ტუნისელი იყო. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ის სამართალდამცავი ორგანოებისთვის დანაშაულებრივი ქმედებების გამო ადრეც იყო ცნობილი.

პასუხისმგებლობა თავდასხმისთვის ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.