მსოფლიო ლიდერები ნიცაში მომხდარი თავდასხმის მსხვერპლთა ოჯახებს უსამძიმრებენ.
საფრანგეთს მხარდაჭერა გამოუცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით მონღოლეთში იმყოფება. “ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ საფრანგეთის გვერდით ვართ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ, ყველა სირთულის მიუხედავად”, - განაცხადა მერკელმა, რომელიც ევროპა-აზიის სამიტში მონაწილეობს.
მონღოლეთში მიმდინარე სამიტის მონაწილეებმა მსხვერპლთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
საფრანგეთს მხარადაჭერა ასევე მონღოლეთში მყოფმა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა გამოუცხადა. ტუსკის თქმით, ევროპა სოლიდარობას უცხადებს საფრანგეთის მოსახლეობასა და მთავრობას ძალადობისა და სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერმა კი განაცხადა, რომ ევროპა გააგრძელებს ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ როგორც შიგნით, ისე საზღვრებს გარეთ. “ჩვენ სიმტკიცე მხოლოდ გააძლიერებს ჩვენს ერთიანობას”, - აღნიშნა იუნკერმა.
საფრანგეთს მიუსამძიმრა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა, რომელიც ასევე მონღოლეთში მიმდინარე ევროპა-აზიის სამიტში მონაწილეობს. “მსურს მივუსამძიმრო საფრანგეთს, ყველა დაშავებულს, ასევე ნიცაში მომხდარი საშინელი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა ნათესავებს. ტერორიზმს არ აქვს საზღვრები. ეს არის საერთო გამოწვევა ევროპისა და აზიისთვს”, - განაცხადა მედვედევმა.
ნიცაში მომხდარ ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ, რომელიც ვიზიტით მოსკოვში იმყოფება. როგორც ჯონ კერიმ განაცხადა, ნიცაში განხორციელდა თავდასხმა “უდანაშაულო ხალხზე თავისუფლების, თანასწორობისა და მეგობრობის ზეიმის დღეს”. “მე მეამაყებოდა დღეს პარიზში ბასტილიის აღების დღის ზეიმის დროს საფრანგეთის ლიდერების გვერდით დგომა. აშშ სოლიდარულია ფრანგ ხალხთან ამ ტრაგედიის დროს. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ”, - წერს ჯონ კერი სოციალურ ქსელში.
ამასთან, თეთრმა სახლმა ბარაკ ობამას განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ვაშინგტონი მზად არის, საფრანგეთს ტერაქტის გამოძიებაში დაეხმაროს.
ნიცაში მომხდარ თავდახმა გამოემხაურა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი. მისი თქმით, ის მომხდარის გამო შოკირებულია. ამასთან, დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყება საფრანგეთში მყოფ თავის მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
ნიცაში განხორციელებულ თავდასხმას გმობს გაერო-ს უშიშროების საბჭო. “უშიშროების საბჭოს წევრები უმკაცრესად გმობენ ნიცაში განხორციელებულ ბარბაროსულ თავდასხმას”, - ნათქვამია უშიშრების საბჭოს განცხადებაში.
ნიცაში მომხდარ ტერაქტს გმობენ ჩინეთის, იაპონიისა და ყაზახეთის ლიდერები.
"ჩინეთი გლოვობს გარდაცვლილებს. გულწრფელად ვუსამძიმრებთ დაშავებულებსა და გარდაცვლილების ახლობლებს", - ნათქვამია ჩინეთის პრემიერის განცხადებაში.
"ვგლოვობთ გარდაცვლილებს. თუ ეს ტერაქტი იყო, ეს უპატიებელი ქმედებაა", - განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ.
ბოლო მონაცემებით, ნიცაში განხორციელებულ თავდასხმას 84 ადამიანი ემსხვერპლა.