არ მინდა საქართველოს მთავრობაში ვიხილო მინისტრები, რომლებიც ანტიევროპულ და პრორუსულ პოლიტიკას გაატარებენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„მოვესწარი ამ ქვეყანაში ცხოვრებას , როდესაც მხოლოდ პრორუსები მართავდნენ. მე დარწმუნებული ვარ, ეს აღარასოდეს დაბრუნდება. ამას უნდა მივაღწიოთ თანამშრომლობით და არა ძალადობით. არ უნდა გამოგვივიდეს ისე, რომ საზოგადოების ნაწილი გამოვაცხადოთ დამნაშავედ, რადგან განსხვავებული აზრი აქვს. დამნაშავეებად ადამიანებს აცხადებს კანონი და პროკურორი. არ ვიცი და არ ვარ დარწმუნებული ვიხილავ თუ არა პრორუსულ ძალებს მომავალ პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ პარლამენტში იქნება რამდენიმე პარტია წარმოდგენილი, მიუხედავად იმისა ვის რა ოცნებები და ილუზიები აქვს ერთპარტიულ პარლამენტზე. დარწმუნებული ვარ იქნება პროდასავლური უმრავლესობა რომელიც შექმნის ასეთივე მთავრობას“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, პარლამენტში 150 ადგილია და შესაძლოა იქ აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც სხვა მიმართულებას უჭერს მხარს.
„მე ამაში კატასტროფას ვერ დავინახავ, მაგრამ სასურველ მოვლენად არ ვთვლი. მაგრამ ამასთან ხმლით და ტაბურეტკებით ბრძოლა არ იქნება სწორი”, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.