თურქეთი არ აპირებს, რუსეთს ინჯირლიკის ავიაბაზის გამოყენება შესთავაზოს

თურქეთი არ აპირებს, რუსეთს ინჯირლიკის ავიაბაზის გამოყენება შესთავაზოს

თურქეთის ხელისუფლება რუსეთისთვის ინჯირლიკის ავიაბაზის გამოყენების უფლების მიცემას არ აპირებს. ამის შესახებ, სააგენტო Reueters-ის ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

“ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ რუსეთთან “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლაში ვითანამშრომლოთ. მე არაფერი მითქვამს ინჯირლიკის ბაზაზე რუსული თვითმფრინავების შესახებ”, - განაცხადა თურქეთის მთავარმა დიპლომატმა.

მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, თურქულმა მედიამ მისი განცხადება არასწორად გაიგო.

დღეს თურქულმა მედიამ მევლუთ ჩავუშოღლუს ინტერვიუდან შემდეგი ციტატა გაავრცელა: “ჩვენ გავხსენით ინჯირლიკის ბაზა ყველასთვის, ვისაც "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლაში ჩართვა სურს. რატომ არ შეგვიძლია რუსეთთან თანამშრომლობა? ეს ტერორისტული ორგანიზაცია ყველასთვის მტერია და ჩვენ უნდა ვებრძოლოთ მას".

თურქულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რუსი კანონმდებლების მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა.

"ეს ნამდვილად მეგობრული ნაბიჯია. ამ ბაზის გამოყენება ჩვენს მიერ საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად არის შესაძლებელი, თუმცა გადაწყვეტილება რუსეთის სამხედრო მეთაურობამ უნდა მიიღოს", - განაცხადა რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის წევრმა ანდრეი კრასოვმა.

თურქეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ინჯირლიკის ავიაბაზას ნატო-ს წევრები, კერძოდ, აშშ-ის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის ძალები, ასევე ყატარისა და საუდის არაბეთის საჰაერო ძალები იყენებენ.