ასეა თუ ისე, მერაბიშვილი განათლების საკითხებით არის დაინტერესებული და განათლების მინისტრიც ამ შეხვედრების გამართვას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად უზრუნველყოფს.
ცხადია, შეხვედრაზე მერაბიშვილის მისვლას თავისი დატვირთვა აქვს და ერთგვარი გაფრთხილებაა, რომ თუ ეს მასწავლებლები ისე არ მოიქცევიან, როგორც ეტყვიან, მერე რა მოხდება, ადვილი წარმოსადგენია, რადგან პოლიციას შეუძლია, ე.წ. გონივრული ეჭვის საფუძველზე ნებისმიერი მათგანს და მათი ოჯახის წევრს, ნათესავს თუ ახლობელს, აკრძალული რამ ნივთი აღმოუჩინოს.
ეს სქემა იმდენად მარტივია და იმდენჯერ არის აპრობირებული, რომ ყველმა კარგად იცის, რა შეიძლება მოხდეს. ამიტომაც არც ის არის ძნელი მისახვედრი და გასაგები, თუ ასეთ შეხვედრებზე მერაბიშვილი რას აკეთებს. მით უმეტეს, რომ პედაგოგებთან შეხვედრებზე თავად განათლების მინისტრი მერაბიშვილის გარეშეც არ აკლებს მუქარას, რომ „ყველას დაიჭერს“. სხვათა შორის, შაშკინის ამ საყვარელი ფრაზის შესახებ თავად პედაგოგები ყვებიან.
ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ახლა, მერაბიშვილის თანდასწრებით, უკვე პირდაპირ მითითებებს აძლევენ, არჩევნებზე როგორ უნდა მოიქცნენ. როგორც ამ შეხვედრის მონაწილე მასწავლებლები ამბობენ, შეხვედრაზე დასასწრებად საგანგებოდ „სანდო“ მასწავლებლებს არჩევენ, რომლებმაც შემდეგ სხვა მასწავლებლებს უნდა გადასცენ ის, რისი გაკეთებაც არჩევნებზე მოეთხოვებათ.
მთავარი მოთხოვნა ის არის, რომ მათ „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა მისცენ ხმა და, რაც მთავარია, უბანზე უნდა შეიტანონ ტელეფონი, რითაც გადაიღებენ ვიდეო მასალას, როგორ ხაზავენ ხუთ ნომერს. შემდეგ შემოხაზულს დააფიქსირებენ და უბნიდან რომ გამოვლენ, გარეთ დახვდებათ კოორდინატორი, რომელსაც უნდა აჩვენონ ეს მასალა. შემდეგ ის აღნიშნავს თავის დავთარში, თუ დავალება როგორ შეასრულა თითოეულმა მათგანმა და მისი და მისი ოჯახის ბედი ამ დავალების შესრულების ხარისხზე იქნება დამოკიდებული.
ეს არის ის სქემა, რასაც მასწავლებლებს მერაბიშვილის თანდასწრებით აძლევენ. ასეთივე კონტროლი განხორციელდება საჯარო სექტორში დასაქმებულ ყველა კატეგორიაზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ხმების გარკვეული რაოდენობა გარანტირებულიც აქვს და თანაც უკვე ის მექანიზმიც აქვს მოფიქრებული, თუ როგორ უნდა აიძულოს ეს ადამიანები, რომ ხმები ნაციონალებს მისცენ.
ყველაზე საგანგაშო კი ის არის, რომ ეს ადამიანები ამ ყველაფერზე ღიად ვერ საუბრობენ, რადგან ასეთ შემთხვევაში საფრთხე მათი ოჯახის წევრებს დაემუქრებათ. ამიტომაც იმის თქმა, რომ კაბინაში ვინ რას შემოხაზავს, მისი საქმეა, რეალობისგან საკმაოდ შორს არის და, როგორც ჩანს, ამ არჩევნებზე ხმების გაყალბების ძირითადი საშიშროება დაახლოებით ამ მიმართულებით იქნება. ამის პრევენცია კი როგორ შეიძლება განხორციელდეს, ძნელი სათქმელია.