„მე გახლავართ სერგო ჩაჩიბაია, ყოფილი პოლიციისა და უშიშროების პოლკოვნიკი. ვარ ირაკლი ალასანიას პარტიის წევრი. მაქვს ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აპირებენ ჩემს დაკავებას. მინდა მოგახსენოთ, რომ სახლში გამაჩნია ოთხი ერთეული დარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი. „ჩზ-ს (cz)“ სისტემის პისტოლეტი, „ხოლერის“ სისტემის რევოლვერი, კარაბინი და „სკს“ სისტემის კარაბინი. ამ სისტემის არც საბრძოლო და არც სანადირო ვაზნები ოჯახში არ გამაჩნია. ასევე არ გამაჩნია რაიმე სახის ფეთქებადი ნივთიერება. არ ვარ ნარკოტიკული ნივთიერების მომხმარებელი, გადამზიდველი ან შემნახველი.“-აცხადებდა სერგო ჩაჩიბაია.
ცივი იარაღის უკანონო ტარებისა და პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებული სერგო ჩაჩიბაია თავს დამნაშავედ არ გრძნობს და დაპატიმრების ფაქტს მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კი მას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. წინასასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერები თანაპარტიელის პოლიტიკური ნიშნით დევნაზე მიუთითებდნენ და მას სინდისის პატიმრად მოიხსენიებდნენ.
ირაკლი ალასანიას განცხადებით, დღევანდელი საქმის განხილვა ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს.
„ირაკლი აფშილავა არ არის დამოუკიდებელი მოსამართლე, მისი პირით საუბრობდა პროკურორი ახალაია. რეალურად, დაცვის მხრიდან მას ყველა არგუმენტი ჰქონდა მიცემული იმისათვის, რომ სასამართლო წარმართულიყო ობიექტურად და მან უარი თქვა მოწმეების ჩვენების მოსმენაზე სასამართლოში. ეს არის უპრეცენდენტო ფაქტი, როდესაც მოსამართლე თვითონ დგამს ნაბიჯებს, რომ შეჯიბრობითობის პრინციპი სასამართლოში იყოს დარღვეული და მხოლოდ ბრალდების მხარეს ჰქონდეს მეტი გავლენა საქმის განხილვისას. ეს არის დაუშვებელი“, - განაცხადა ალასანიამ.
სერგო ჩაჩიბაიას ადვოკატი, შალვა შავგულიძე ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს დაუშვებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ პოლიციის მიერ დანის მოპოვებისას არ ყოფილა დაცული სისხლის სამართლის პროცესით დადგენილი სტანდარტები. დალუქვის გარეშე არსებული ნივთმტკიცება კი, შავგულიძის თქმით, დანის შეცვლის ფაქტს არ გამორიცხავს.
დღევანდელ სასამართლო სხდომას NDI-სა და IRI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელები ლუის ნავარო და ანდრეა ქერბსი ესწრებოდნენ, თუმცა სასამართლოს შენობა მათ კომენტარის გარეშე დატოვეს.
სასამართლო პროცესის დაწყებამდე ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში დღეს „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, თეა წულუკიანიც მივიდა, რომელიც კახა მიქაიას დაკავების ფაქტზე ახსნა-განმარტების მისაცემად პოლიციის გამომძიებელმა, გოგიტა ქობალიამ დაიბარა. 27 მარტს, თეა წულუკიანმა მიქაიას უკანონო დაკავების გამო ზუგდიდის პოლიციის უფროსს, ლევან ქირიას განცხადებით მიმართა და მისი, როგორც თვითმხილველის განმარტების მოსმენა მოითხოვა. ნახევარსაათიანი მცდელობის მიუხედავად, წულუკიანი პოლიციის შენობაში არავინ შეუშვა.
სერგო ჩაჩიბაია 25 მარტს, ზუგდიდში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე ავტოსერვისთან მომხდარი ინციდენტის შედეგად დააკავეს. შეკეთებული ავტომანქანის გამოსაყვანად მეგობრებთან ერთად მისულ ჩაჩიბაიას მოულოდნელად გამოჩენილმა ოთარ ქეცბაიამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა მან თავი შეიკავა და საპასუხო რეაგირება არ მოუხდენია. რამდენიმე წამში, ინციდენტის ადგილზე, პოლიციის ჯგუფები გამოჩნდნენ და სერგო ჩაჩიბაია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ბრალდებით დააკავეს. პოლიციის სამმართველოში მიყვანის შემდეგ კი იგი სამართალდამცავების მიმართ წინააღმდეგობის გაწევაშიც დაადანაშაულეს. ჩაჩიბაიას საქმის განხილვა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 8 მაისს განახლდება.