მერაბიშვილი მეორედ რუსთავს ამ ორი დღის წინ ეწვია. შეხვედრა ორ დაწესებულებაში“ – რუსთავის თეატრში და რუსთავის “კინო რუსთაველში“ შედგა.
“ბ-ნ ვანო გვყავდა სტუმრად. სამწუხაროდ, თქვენ ვერ მოუსწარით, ის უკვე რუსთავის თეატრში მეორე შეხვედრაზეა წასული. რაც შეეხება ამ შეხვედრას, მერაბიშვილი აქ რუსთავის კორპუსების მამასახლისებს შეხვდა. გაიგო რა პრობლემებია კორპუსების მოვლა-პატრონობის მხრივ. დახმარება და მხარდაჭერა აღუთქვა კორპუსების მამასახლისებს“ - გვიხსნიან რუსთავის “კინო რუსთაველის“ გარეთ მდგომი მოქალაქეები.
შეხვედრა მართლაც დასრულებულია. გარეთ არცერთი მანქანა არ დგას. მოქალაქეების მხოლოდ მცირე ჯგუფია დარჩენილი და ისინიც ნელ-ნელა იშლებიან.
“თქვენ არ ინერვიულოთ არცერთი კამერა და მიკროფინი არ იყო. ასე რომ, სხვაც ვერავინ გააშუქებს“ - გვამშვიდებენ რუსთაველები.
აღმოჩნდა, რომ მერაბიშვილი მეორე შეხვედრას მართლაც რუსთავის თეატრის შენობაში მართავდა, ოღონდ ამჯერად მისი მსმენელები რუსთაველი მეხანძრეები და მერიის სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ.
რუსთავის მერიის პრესსამსახურმა პრესაგე.ტვ შეხვედრაზე არ შეუშვა, თუმცა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ ვის და რა თემებზე ესაუბრა მერაბიშვილი, თავად შეხვედრის მონაწილეებისგან გამოვიდა. “ყველაზე საინტერესო გამომსვლელი მაინც მერაბიშვილი იყო. ისაუბრა იმ ცვლილებეზე რაც მოხდა ჩვენს ქვეყანაში. ამ დადებით ფაქტებს ჩვენც კარგად ვხედავთ. შეხვედრიდან ძალიან კმაყოფილი მივდივარ სახლში“ - გვითხრა რუსთავის სახანძრო სამსახურის თანამშრომელმა, ინგა ჩხაიძემ.
ინფორმაცია შეხვედრაზე დედაქალაქიდან ჩამოსული სტუმრების სრულ შემადგენლობაზე რუსთავის საკრებულოს აპარატის თანამშრომლებისგან გავიგეთ.
“მერაბიშვილის გარდა მომხსენებლები იყვნენ ბ-ნ გიგი წერეთელი, დავით კირკიტაძე და განათლების მინისტრის მოადგილე, ირინა ქურდაძე. შეხვედრა საინტერსო იყო „ - თავისი შთაბეჭდილებები გაგვიზიარა, რუსთავის საკრებულოს აპარატის თანამშრომელმა, ელენე ჩაჩანიძემ.
საუბარზე დაგვთანხმდა შეხვედრიდან გამოსული გიგი წერეთელი. “ჩვენ მთელი წელი ვაწყობთ მსგავს შეხვედრებს მოსახლეობასთან. ვიგებთ რა შენიშვნები და შეფასებები აქვთ მათ იმ რეფორმების მიმართ, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ. ასეთ შეხვედრას მე საარჩევმო კამპანიას ვერ დავარქმევდი. როდესაც დავიწყებთ საარჩევნო კამპანიას ამას ოფიციალურად გამოვაცხადებთ“ - გაგვიხსნა გიგი წერეთელმა.
მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალურ მოძრაობას საარჩევნო კამპანია ოფიციალურად არ დაუწყია, მერაბიშვილის მოქალაქეების „ვერბოვკის“ დიდი ტურნე ქვემო ქართლში ანშლაგით მიდის.
21 აპრილს რუსთავში ჩამოსული მერაბიშვილის გადაღება ჩვენ ვერ მოვახერხეთ. ყველა შეხვედრა, რომელსაც ის ამ “ტურნეს“ ფარგლებში აწყობს ჟურნალისტენისთვის სულ უფრო დახურული და რთულად გასაშუქებელი ხდება.