ვინაიდან გუშინ გახდა ცნობილი, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ კარდაკარის პრინციპით საარჩევნო სიების გადამოწმებას აპირებს, presage.tv–მ კითხვა დაუსვა კობახიძეს, აქვს თუ არა კოალიციას იმის რესურსი, რომ ამხელა სამუშაო ჩაატაროს, რაზეც პარტიის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ კოალიციის ხიბლი სწორედ იმაშია, რომ მასში შემავალი სუბიექტების ძალები არის გაერთიანებული და შესაძლებლობა აქვთ, რომ გამოყენებული იქნეს თითოეული პარტიის გამოცდილება და რესურსი.
მანანა კობახიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებაში“ ყოველდღე მიდიან ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებიც პარტიას თავის სამსახურს სთავაზობენ. კობახიძის თქმით, კოალიციაში არსებობს სპეციალური ჯგუფი, რომელიც საარჩევნო თემატიკაზე მუშაობს და თუ საჭირო გახდა იმ ადამიანებისთვის, ვინც კარდაკარს ჩაატარებს, გაიმართება ტრენინგები, რათა მათ საჭირო კვალიფიკაცია ჰქონდეთ.
კითხვაზე რატომ გადაწყვიტა „ქართულმა ოცნებამ“ კარდაკარის ჩატარება, როდესაც ამას უკვე აკეთებს საარჩევნო სიების დაზუსტების კომისია, მანანა კობახიძემ უპასუხა: „კომისიას რომ ვენდობოდეთ, ამის აუცილებლობა არც იქნებოდა. ეს უნდობლობაც განპირობებულია იმით, რა პოლიტიკური პროცესები იყო მანდამდე და რა ვითარებაშიც შეიქმნა ეს კომისია. ჩვენ ვენდობით ჩვენს მიერ მაქსიმალური მობილიზებით ჩატარებულ კარდაკარს. კარდაკარი პირველად არ ტარდება, იგი თითქმის ყველა არჩევნებზე ტარდებოდა და მით უმეტეს, ოპოზიცია არის დაინტერესებული იმით, რომ საარჩევნო სიები იყოს მოწესრიგებული. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ეს სრულიად ჩვეულებრივი პროცესია და განსაკუთრებული არაფერი ხდება“.
მანანა კობახიძემ კომენტარი გააკეთა ასევე ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილებაზე, პოლიტიკური მოღვაწეობის არჩევნებამდე რეგიონში გაგრძელების თაობაზე. კობახიძის განცხადებით, რეგიონებში გასვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან გაყალბების პრობლემა ყველაზე მეტად სწორედ რეგიონებში დგას. შესაბამისად, ძალიან კარგია, რომ ირაკლი ალასანია სამეგრელოში იქნება და იქ უხელმძღვანელებს ამ პროცესებს. მანანა კობახიძე აცხადებს, რომ ყველა მაჟორიტარი, რომელიც საარჩევნო ოლქებში დასახელდება, აუცილებლად მთელს თავის უფლება–მოსილებას განახორციელებს იმ ადგილას და ცენტრიდან ძალიან დიდი ყურადღება იქნება გადატანილი რეგიონებზე.
კონკრეტულად ვინ რომელ რაიონში წავა, ამის დასახელებას კობახიძე ნაადრევად მიიჩნევს და აცხადებს, რომ როდესაც ამ საკითხზე გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, ეს ინფორმაცია გახდებს საჯარო.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ კოალიცია მზად არის იმ შემოტევებისთვის, რასაც ხელისუფლება განახორციელებს და რასაც ის დღესაც ახორციელებს „ქართული ოცნების“ მიმართ. კობახიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ იუსტიციის სამინისტროში ამ კვირაში შეაქვს განაცხადი პარტიის რეგისტრაციის თაობაზე. სამინისტროს პარტიის რეგისტრაციისთვის აქვს გარკვეული ვადა და მანანა კობახიძე არც იმას გამორიცხავს, რომ იუსტიციის სამინისტრომ ხელოვნური მიზეზი შექმნას და პარტიის რეგისტრაციაზე უარი თქვას.
„ამისთვისაც მზად ვართ. ფაქტია, რომ ჩვენს წევრებსა და მხარდამჭერებს ხელისუფლება პრობლემებს უქმნის და ამის ნათელი დადასტურებაა გუშინდელი ბრიფინგი ქალბატონისა, რომლის შვილიც აგვისტოს ომში დაიღუპა. ხელისუფლება იმასაც კი ბედავს, რომ ასეთ ადამიანებზე განახორციელოს ზეწოლა იმის გამო, რომ ის არის ჩვენი მხარდამჭერი. მინდა გითხრათ, რომ ბატონი ბიძინა დგას ამ ქალბატონის გვერდით და ასევე მხარში ამოუდგება ყველა იმ ადამიანს, ვისაც ხელისუფლება ჩვენი მხარდაჭერის გამო შეუქმნის პრობლემებს. არსებობს სხვადასხვა საშუალებები იმისთვის, რომ თუნდაც ამ რეჟიმის პირობებში ადამიანები იყვნენ დაცულები, ეს არის სამართლებრივი გზები, ჩვენი აქტიურობა, საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება და ა.შ. ყველა ამ გზას გამოვიყენებთ და დაუცველს ნამდვილად არავის დავტოვებთ“, – აცხადებს მანანა კობახიძე.
მას ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა, რამდენად კარგად გაართმევს პარტიის თავმჯდომარეობას თავს. მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ უფლებადაცვით სფეროში მუშაობის გამოცდილება ეხმარება იმაში, რომ კარგად იცნობდეს იმ პრობლემებს, რაც ადამიანებს სხვადასხვა სფეროში აქვთ, ეს იქნება სასამართლო, სოციალური პრობლემები თუ სხვა რამ. კობახიძის თქმით, ვითარების ცოდნა და ფლობა არის სწორედ იმის გარანტი, რომ პარტიის თავმჯდომარის რანგშიც ადამიანმა სწორად განსაზღვროს და სწორად იფიქროს, რა სჭირდება საზოგადოებას და რა უნდა გააკეთოს პარტიამ, რომ ეს გამოწვევები დააკმაყოფილოს.
„ის, რაც პარტიის თავმჯდომარეს ევალება ჩვენი წესდებით, ძალიან კარგად მაქვს გააზრებული, გათავისებული და ეს რომ რაღაც ისეთი სირთულე ყოფილიყო, რომელსაც მანანა კობახიძე ვერ მოერეოდა, დამერწმუნეთ, ახლა თქვენს წინაშე ამ რანგში არ ვიჯდებოდი“, – აცხადებს კობახიძე.
მან ასევე ისაუბრა „ქართული ოცნების“ სამომავლო გეგმებზე. კობახიძის თქმით, პარტიის დეკლარაციაში (რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა) ზოგადად ასახულია მისი მიზნები, მაგრამ მათ სჭირდება გაშლა და საარჩევნო პროგრამაში ასახვა. მანანა კობახიძე აცხადებს, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ წარმოადგენს ამ საარჩევნო პროგრამას იმ კონკრეტულ დროს, როდესაც საჭიროდ ჩათვლის, რადგან ამასაც თავისი სტრატეგია და ტაქტიკა აქვს, მით უმეტეს, ოფიციალურად არჩევნები ჯერ დანიშნული არ არის.
„ჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ და პრიორიტეტი ბევრია. აქცენტები გაკეთდება პირველ რიგში სოციალურ სამართლიანობაზე, რასაც ემსახურება ჩვენი წინანადება, რომ ყველა მოქალაქე (და არა შერჩევით) დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე იყოს დაზღვეული. ეს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დანაპირები და აუცილებლად შესრულდება. ასევე დაუბეგრავი მინიმუმის შემოღება. ეს არის ის საკითხები, რაც ასე ზოგადად შემიძლია გითხრათ. რა თქმა უნდა, პრობლემები არის ასევე ჯანდაცვის სფეროში, განათლების ხელმიუწვდომლობაში და ა.შ. ცხადია, რომ ყველა ეს სფეროები საჭიროებს გადაწყვეტას. რაც შეეხება სასამართლოს, ჩვენი ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია სამართლიანი სასამართლოს აღდგენა. სწორედ ხელისუფლების რეალური დაყოფის პრინციპის აღდგენა, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ზოგადად სისხლის სამართლის სფეროს რეფორმირება იქნება ჩვენი პრიორიტეტი. მოგეხსენებათ, დღეს პრობლემაა სასჯელთა შეკრება, პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლება, პატიმართა რაოდენობის ზრდა, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ადამიანების გარდაცვალება, ამ ყველაფერზე ჩვენს კოალიციას ექნება ძალიან მკაფიო პროგრამა“, – ამბობს კობახიძე.
მას ასევე მოუწია საუბარი ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაზე, რომლის მიმართაც (მაგალითად რესპუბლიკელების მიმართ) საზოგადოებაში არსებობს ნეგატიური დამოკიდებულება. მანანა კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა იმის ძალა და შესაძლებლობა, რომ მარტოს, მხოლოდ თავისი პარტიით მიეღო მონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში.
„მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეობასთან დაკავშირებით ანალოგიური პრობლემები იქნებოდა, ბიძინა ივანიშვილის პარტიას ნამდვილად შეეძლო მარტოს მიეღო მონაწილეობა საარჩევნო პროცესში. მაგრამ აბსოლუტურად სწორი გათვლაა, რომ პარტია არ არის მარტო და ამ პარტიათა მრავალფეროვნება ქმნის იმის გარანტიას, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთვევაში პარლამენტში წარმოდგენილი იქნება ის სრული პოლიტიკური სპექტრი, რომელიც ქმნის პოლიტიკურ ამინდს. ერთი პარტიის დომინანტობის შედეგად ვღებულობთ იმას, რაც დღეს გვაქვს პარლამენტში. ეს არის ძალიან უმოქმედო საკანონმდებლო ორგანო, სადაც დისკუსია უბრლაოდ არ იმართება, სადაც ერთ დღეს შეიძლება უცებ უამრავი კანონი მიიღონ ისე, რომ დეპუტატების უმრავლესობას ისინი წაკითხულიც არ ჰქონდეს. დღეს მოქმედ პარლამენტში პოლიტიკური პროცესი მკვდარია“, – აცხადებს მანანა კობახიძე.
რაც შეეხება კონკრეტული პარტიების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას, მისი თქმით, გემოვნება სხვადასხვანაირი აქვს ყველას, ვიღაცას შეიძლება რესპუბლიკელები არ მოეწონოს, ვიღაცას – დემოკრატები და ა.შ.
მანანა კობახიძემ განაცხადა, რომ პარტია „ქართული ოცნების“ კარი ღიაა, იქ მუდმივად მიდიან მოქალაქეები და ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ „ქართულ ოცნებაში“ ახალი ცნობილი სახეებიც ვიხილოთ.
presage.tv–ს კითხვაზე, რატომ აირჩია ბიძინა ივანიშვილმა თავისი პარტიის წევრებად ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ პოლიტიკური გამოცდილება, მანანა კობახიძე პასუხობს, – „სულ ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ ჩვენ არ გვაქვს პოლიტიკური გამოცდილება, მით უმეტეს მე. სახელისუფლებო მედია მუდმივად აპელირებს იმაზე, რომ მე პოლიტიკოსი არ ვარ. მოდით მაშინ ასე დავსვამ კითხვას, რა პოლიტიკური გამოცდილება ჰქონდა დავით დარჩიაშვილს, რომელიც პოლიტიკაში მოსვლამდე არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობდა? მანამდე კი, ჩემი სტუდენტობის დროს დავით დარჩიაშვილი იყო ისტორიის ფაკულტეტის კომკავშირის კომიტეტის მდივანი. ეს ხდებოდა საბჭოთა დროში, როდესაც ისტორიული და იურიდიული ფაკულტეტების კომკავშირის მთელი ბიურო კონტროლდებოდა უშიშროების სამსახურების მიერ. ბატონი დავითი დღეს არის პარლამენტში და ითვლება, რომ არის კარგი პოლიტიკოსი. ავიღოთ ბატონები უგულავა და ბოკერია, ისინიც არასამთავრობო სექტორში მუშაობდნენ, სანამ პოლიტიკაში მოვიდოდნენ. არ ვიცი, რით იყვნენ დაკავებულები ქალბატონი კალანდაძე და ქალბატონი ქობალია და კიდევ ძალიან ბევრნი მაგდაგვარნი. ამიტომ როდესაც ჩვენზე ამბობენ, რომ პოლიტიკოსები არ ვართ, თვითონ რა გაუკეთეს ქვეყანას, თუკი პოლიტიკოსები არიან, ჯერ ამაზე ისაუბრონ.
სტაჟიანი და გამოცდილი პოლიტიკოსების საქმიანობას, როგორებიც გოგორიშვილი, მაჭავარიანი და წერეთელი არიან, უკვე წლებია ვუყურებთ და სადამდე მიიყვანეს მათ ქვეყანა, ყველანი ვხედავთ. ბატონი ბიძინას გადაწყვეტილება იყო, რომ პოლიტიკაში მოეყვანა ადამიანები, რომლებიც თავისი პროფესიონალიზმით კონკრეტულ სფეროებში გამოადგებოდნენ ქვეყანას.