საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განმარტებით, საქართველოს პარლამენტის წევრის გიგი წერეთლის დანიშვნა ეუთოს საპარლამენტო ასაბმლეის პრეზიდენტის და მსგავს მაღალ და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მისასალმებელია.
აღნიშნული კომენტარი საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიგი წერეთლის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე არჩევნებში მონაწილეობას მიესალმა და ასამბლეის დელეგატებს, რომლებიც 1-5 ივლისს, თბილისში სესიაზე შეიკრბებიან, ქართველი დეპუტატის მხარდაჭერისაკენ მოუწოდა, „ქართული ოცნების“ წევრებმა კი, პრეზიდენტის აღნიშნული განცხადება გააკრიტიკეს.
თენგიზ ფხალაძის განმარტებით, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის დანიშვნა მსგავს მაღალ და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მისასალმებელია და ასეთ შემთხვევაში არ შეიძლება საუბარი იყოს რაიმე პოლიტიკურ კუთვნილებაზე.
„ეს არის მოცემულობა, როდესაც ქართველს, საქართველოს პარლამენტის წევრს აქვს საშუალება დაიკავოს ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო თანამდებობა. არ არის საუბარი პარტიულ ინტერესებსა და კუთვნილებაზე, აქ არის საუბარი იმაზე, რომ საქართველოს წარმომადგენელი შეიძლება გახდეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მითუმეტეს 25-ე სესია ტარდება თბილისში, სრულიად ბუნებრივია, რომ პრეზიდენტი მიესალმება და მხარს უჭერს საქართველოს წარმომადგენლის არჩევას ამ მეტად მაღალ და საპასუხისმგებლო პოსტზე“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.