პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე „ქართული დასის“ ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას დაინტერესებას, იმასთან დაკავშირებით, თუ რას აპირებს საქართველოს ხელისუფლება სომხების მიერ გენოციდის აღიარების მოთხოვნასთან დაკავშირებით ინციდენტი მოჰყვა. ჯონდი ბაღათურიამ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ჯერ თურქეთში საქართველოს მოქალაქეების სავალალო მდგომარეობაზე შემდეგ კი, სომეხთა გენოციდის საკითხზე ისაუბრა. "გუშინ აქ იყვნენ ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქეები – სომხები, თბილისელები თუ რეგიონებიდან ჩამოსულები, რომლებმაც საქართველოს პარლამენტისგან სომეხთა გენოციდის აღიარება და ჩვენი მხარდაჭერა მოითხოვეს. მე ხომ გეუბნებოდით, როცა ერთდღიან პიარაქციას - სამასხარაო პიარაქციას აწყობდით და გინდოდათ ჩერქეზთა გენოციდი გეღიარებინათ, რომ არ გაგეკეთებინათ ეს საქმე, რადგან ხვალ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, სომხები მოვლენ და სათქმელი არ გვექნება არაფერი. მაინტერესებს, რა გინდათ, რომ ამ ხალხს უპასუხოთ", – განაცხადა ბაღათურიამ, რა დროსაც დარბაზში უკვე ხმაური დაიწყო, ბაღათურიამ დეპუტატებს დაწყნარებისკენ მოუწოდა და სიტყვა გააგრძელა. მისი თქმით, სომხებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, ქართველებთან ერთად შრომობენ და იბრძვიან. "ამიტომ, ამაზე პასუხიმგებლობა გეკისრებათ თქვენ, ყველას", – მიმართა ბაღათურიამ ხელისუფლებას და დარბაზში მყოფ აზერბაიჯანელ დეპუტატს აზერ სულეიმანოვს, რომელიც ხმაურობდა დაპირდა, რომ "ჩავიდოდა და მიხედავდა" ბაღათურიამ პარლამენტის დარბაზში ხმაურის მომატების მიუხედავად, საუბრის გაგრძელება პედაგოგების პრობლემებზე სცადა, თუმცა მას სულეიმანოვმა ტუბი ესროლა და სიტყვა გააწყვეტინა. ბაღათურიამ კი, ტუბი უკან ესროლა. ამასობაში ბაღათურიასთან ფიზიკურ დაპირისპირებას უმრაველსობის წევრი, აკაკი ბობოხიძეც შეეცადა. როგორც საპარლამენტო ოპოზიციის, ისე უმრავლესობის წევრებმა სიტუაციის განმუხტვა სცადეს და დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში პარლამენტის პლენარული სხდომა გაწევ-გამოწევის ფონზე მიმდინარეობდა. ამ ინციდენტიდან შემდეგ რამდენიმე წუთის შემდეგ პარლამენტთან "აზერბაიჯანელ სტუდენტთა ასოციაციის" წევრები შეიკრიბნენ და ბაღათურიას განცხადებები გაპროტესტეს. „ქართული დასის“ ლიდერი, ჯონდი ბაღათურია მომხდარს სამარცხვინოს უწოდებს და ამაში ხელისუფლებას ადანაშაულებს. დეპუტატის განცხადებით, მისთვის გაუგებარია რამ გამოიწვია მმართველი გუნდის გაღიზიანება და აღნიშნა, რომ „გაღიზიანება კი არა ეს წინასწარდაგემილი პროვოკაცია იყო“. „ეს უტაქტო და „ძველბიჭური“ საქციელები სრულიად სამარცხვინოა პარლამენტის წევრებისთვის. პარლამენტში რომ შევლენ და მერე იწყებენ ბლატაობას ეს ძალიან მაკვირვებს. როგორ არ ცხვენიათ ასეთი კრიმინალური საქციელების. თუმცა საზოგადოებამ ძალიან კარგად დაინახა მომდარი ფაქტი და უკვე ისიც იცის ვისთან გვაქვს საქმე“,- განაცხადა ბაღათურიამ. ქართული დასის ლიდერი აცხადებს, რომ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების ფაქტი ნეგატიურად შეაფასა, თუმცა ვერ გაიგო რა გახდა სკანდალის მიზეზი. „ამაზე პასუხიმგებლობა ხელისუფლებას დავაკისრე, თუმცა რა იყო ამაში წივილ კივილის და ისტერიკის საფუძველი ვერ გავიგე. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ჩემი გამოსვლიდან 10 წუთში აზერბაიჯანელი სტუდენტები მოიყვანეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს წინასწარდაგეგმილი სცენარი და პროვოკაცია იყო“ - აცხადებს ბაღათურია და აღნიშნა, რომ მთვარობის ის წევრები, რომლებმაც ასეთ რამეში ბავშვები გარიეს სახელმწიფო ცხოვრებისა და პარლამენტისათვის „სრულიად უვარგისნი“ არიან.ჯონდი ბაღათურია: დეპუტატები პარლამენტში შედიან და მერე „ბლატაობას“ იწყებენ |