რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ „ედპ“-ც იწყებს კარდაკარის პრინციპით საარჩევნო სიების გადამოწმებას. დღეს კი იგივე ქმედება დააანონსა „ქართული ოცნების“ წევრმა ელისო ჩაფიძემაც. მისი თქმით, კოალიცია არა მხოლოდ საარჩევნო სიებს გადაამოწმებს, არამედ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით მთელი რიგი ღონისძიებები აქვს დაგეგმილი.
რატომ ატარებს „ქართული ოცნება“ კარდაკარს და ენდობა თუ არა იგი სხვის მიერ ჩატარებულ იგივე კამპანიას, ასევე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის რის გაკეთებას აპირებს, ამის შესახებ presage.tv-ს ელისო ჩაფიძე ესაუბრება.
ელისო ჩაფიძე: „ამ შემთხვევაში მე ეჭვქვეშ არ დავაყენებდი ხელისუფლების მიერ შექმნილ საარჩევნო სიების დაზუსტების კომისიას, თუმცა რა თქმა უნდა, „ახლების“ ხელისუფლებასთან დაახლოების თემა არახალია და „ედპ“-სთან დაკავშირებითაც საზოგადოებაში არსებობს ანალოგიური მოსაზრება. ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენ ვართ რეალური ოპოზიცია და იმისთვის, რომ არ მოხდეს ხელისუფლებასა და გარკვეულ კომისიებს შორის გარიგება, ჩვენ გვჭირდება, რომ გვქონდეს საკუთარი ინფორმაცია.
რეგიონებიდან სისტემატურად გვაწოდებენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარეობს საარჩევნო სიებში არარსებული ადამიანების ჩაწერა, მიცვალებული ადამიანების აღნუსხვა და ა.შ. ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია მსგავსი ინფორმაციების გადამოწმება. ამას ვერავინ აგვიკრძალავს.
აქვს „ქართულ ოცნებას“ იმისთვის საჭირო ადამიანური რესურსი, რომელიც მომზადებულია, რომ ამხელა სამუშაო ჩაატაროს და საქართველოში მცხოვრებ ყველა ოჯახში მივიდეს სიების გადასამოწმებლად?
- ასეთი ადამიანების ნაწილი უკვე გვყავს, ნაწილი კი ძალიან მალე გვეყოლება. არჩევნებამდე დარჩენილი არის გარკვეული დრო, ეს არ არის ძალიან დიდი პერიოდი. ჩვენ მოკლებულნი ვართ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლებლობას, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ზოგადად ქართული სახელმწიფოს სირცხვილია ის, რომ (საქართველოს მოსახლეობა 4 მილიონამდეც კი აღარ არის, მათ შორის კი შეუძლებელია სამ მილიონზე მეტი იყოს საარჩევნო ხმის მქონე, ანუ 18 წელზე მეტი ასაკის ადამიანი) 21-ე სუკუნეში ქართულმა სახელმწიფომ ვერ მოახერხა სამი მილიონი ამომრჩევლის დათვლა, დამისამართება და ამისთვის გვჭირდება ამერიკის საელჩოს დახმარება, რაღაც პროგრამები და ამ თვალსაზრისით მთელი მსოფლიოს მასშტაბით თავი გვაქვს მოჭრილი.
თქვენ წარმოიდგინეთ, გაეროს მიერ სავალდებულოდ დადგენილი მოსახლეობის აღწერის 10-წლიანი ციკლიც კი დაირღვა იმისთვის, რომ არ გვქონდეს დაზუსტებული ამომრჩეველთა სიები. ეს არჩევნების გაყალბებისთვის ქმნის ძალიან ნოყიერ ნიადაგს. ამით არის დაინტერესებული ხელისუფლება, რადგან როდესაც თავის დროზე მათ შესთავაზეს, თითის ანაბეჭდების საშუალებით მომხდარიყო ადამიანების იდენტიფიცირება, ვინაიდან ეს არის მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკა, ხელისუფლება მაქსიმალურად ეცადა, ვადა გაეჭიმა, აქამდე მოეყვანა საქმე და კაციტაძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო კომისიით ჩაენაცვლებინა ის ალტერნატივა, რაც ცდომილების 1-3%-იან გარანტიას მოგვცემდა.
თქვენ თვითონვე ამბობთ, რომ ხელისუფლებას არ აქვს საარჩევნო სიების დაზუსტების პოლიტიკური ნება. ამ ფონზე როგორ აპირებთ, რომ თქვენს მიერ კარდაკარის შედეგად დაზუსტებული სიები იქნეს საარჩევნოდ გათვალისწინებული?
- ჩვენ ვაპირებთ ამ ყველაფრის გაკეთებას საერთაშორისო მონიტორინგისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლით. ასევე ვაპირებთ საზოგადოებას ვაჩვენოთ, თუკი ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას აპირებს, როგორი მეთოდებით გააკეთებს იგი ამას. ჩვენს პოლიტიკურ ძალას არასოდეს გამოურიცხავს ქუჩაში გამოსვლის შესაძლებლობა, თუკი ხელისუფლება ეცდება არჩევნების გარკვეულ ზღვარს ზემოთ გაყალბებას.
იქნებ დაგვიკონკრეტოთ, რა არის ეს ზღვარი?
- ცდომილება შეიძლება იყოს 3%, ეს არის დასაშვები ზღვარი. არჩევნების გაყალბება ხელისუფლებამ რაღაც დოზით უკვე მოახერხა არათანაბარი საარჩევნო პირობების შექმნით, ასევე იმ ინფორმაციული ვაკუუმით, რომელიც რეგიონებში არსებობს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებითა და ადამიანების დაშინებით.
მე ვფიქრობ, რომ ამის ზევით, ანუ კარუსელებით და სიების გაბერვით გაყალბების საშუალება ხელისუფლებას აღარ უნდა მივცეთ. ყოველ შემთხვევაში, ასეთი მცდელობები დაფიქსირდება და გამოიწვევს საზოგადოების ძალიან დიდ პროტესტს, თუმცა ჩვენ არ გვინდა, რომ მოვლენები ამ სცენარით განვითარდეს.
საარჩევნო გარემო მხოლოდ სიებს არ გულისხმობს, მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი არის მედიამონიტორინგი. ამ თვალსაზრისით თუ აპირებთ რაიმე ზომების მიღებას?
- ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან იქნება მედიამონიტორინგი, მაგრამ ჩვენ ამისთვის ასევე მივმართავთ როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ასეთი არის კამპანია „ეს შენ გეხება“-ში შემავალი ორგანიზაციები, რომლებსაც კოალიცია „ქართული ოცნება“ უდიდეს ნდობას უცხადებს და მიგვაჩნია, რომ მათზე დიდწილად არის დამოკიდებული, როგორ განვითარდება მოვლენები ჩვენს ქვეყანაში.
პირადად მე მიმაჩნია, რომ საქართველოში არჩევნებამდე ბოლო სამი-ოთხი თვით ადრე მაინც უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი, საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე ექსპერტებისაგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც სატელევიზიო ეთერებს გაუწევს მონიტორინგს და დააფიქსირებს, რამდენად მიეცა საშუალება ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს მიეღო მონაწილეობა დებატებში, ხმა მიეწვდინა საკუთარი ამომრჩევლისთვის და როგორი კონფიგურაციით ცდილობენ ტელევიზიები მათ წარმოჩენას.
მე ვფიქრობ, რომ უნდა შეიქმნას ისეთივე ჯგუფი (თუმცა ალბათ უფრო მრავალრიცხოვანი სამუშაო ჯგუფი უნდა ახლდეს მას), როგორიც იყო ე.წ. „მიხნიკის“ ჯგუფი. მსოფლიო ჟურნალისტიკაში ძალიან ბევრი ავტორიტეტია, რომელსაც ქართულ საპარლამენტო არჩევნებზე შეუძლია ეს ძალიან მნიშვნელოვანი მისია შეასრულოს.