სააკაშვილი: საქართველოს უპილოტო თვითმფრინავები და სოფლის რაზმები დაიცავს

სააკაშვილი: საქართველოს უპილოტო თვითმფრინავები და სოფლის რაზმები დაიცავს

 

ერთი კვირის წინ, საქართველომ ადგილობრივი წარმოების ახალი უპილოტო თვითმფრინავის ჩვენება მოაწყო – საკუთარი თავდაცვითი წარმოების შექმნისკენ გადადგმული სიმბოლური ნაბიჯი. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მიხეილ სააკაშვილს კიდევ უფრო გრანდიოზული გეგმები აქვს ქვეყნის სამხედრო-საწარმოო კომპლექსთან დაკავშირებით, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის და ასევე ისეთი უპილოტო საფრენი აპარატების შექმნა (მომავალი წლისთვის), რომელიც შეიარაღების გადატანას შეძლებს.

ვებ-გვერდ Civil.ge-ს ცნობით, საკუთარი გეგმების შესახებ, სააკაშვილმა თბილისში, სახელმწიფო სამხედრო საწარმოში ისაუბრა:

„მე დარწმუნებული ვარ, რომ კარგად ვიმუშავებთ, ავაწყობთ ანტისაჰაერო სისტემას“, – განაცხადა სააკაშვილმა. „გუშინ, როდესაც უპილოტო თვითმფრინავის გამოცდას ვესწრებოდით, ზოგიერთები ფიქრობდნენ, რომ ეს სათამაშოა… მაგრამ აბა მიბრძანდით და თუ შეძლებთ იყიდეთ ასეთი „სათამაშო“, რომელსაც ჰაერში ყოფნა 8 საათის განმავლობაში შეუძლია, აღჭურვილია კამერებით, რომლებსაც ღამით კადრების გადაღება შეუძლია“.

„მომავალი წლიდან გვექნება [საფრენი აპარატების] იგივე ანალოგია, ოღონდ მას შეეძლება იარაღის გადატანა უკვე ბევრად უფრო შორ მანძილზე და ბევრად უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ძველი რუსული „შტურმავიკები“, – განაცხადა სააკაშვილმა“.

პრეზიდენტის თქმით, რომელმაც საქართველოსთვის მისაბაძ მაგალითად, სინგაპურის სამხედრო წარმოების განვითარების მოდელი მოიყვანა, ქვეყანა უკვე აწარმოებს „სერიოზულ მოლაპარაკებებს“ ისეთი ჯავშანმანქანების ექსპორტთან დაკავშირებით, როგორებიცაა „დიდგორი“ და ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ლაზიკა“.

იმავე გამოსვლაში, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო, ყველაფერთან ერთად, თავის თავდაცვითუნარიანობას განამტკიცებს არამხოლოდ შეიარაღების, არამედ ნაბაყოფლობითი სარეზერვო სისტემის შექმნის გზით, რომლის რიცხვი ამ ზაფხულში 70 ათასიდან მომავალ წელს 150 ათასამდე გაიზრდება . ციტატა Civil.ge-დან:

“ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა სოფელს ეყოლება რაზმი თავდაცვისათვის და ეს მშვიდობისთვის ყველაზე მყარი გარანტიაა“, – განაცხადა მან და იქვე მოიყვანა ფაშისტური გერმანიის მაგალითი, რომელმაც „უარი თქვა შვეიცარიაში შესვლაზე იმიტომ, რომ შვეიცარია ერთადერთი ევროპული ქვეყანა იყო, რომელსაც აწყობილი ჰქონდა რეზერვისტთა სისტემა“.

„ვიღაცეებმა ხანდახან, მათ შორის უცხოელმა დიპლომატებმა შეიძლება თქვან, რომ ‘ეს რეზერვისტთა სისტემა მაინც რა ვიცით, კარგად შეისწავლეთ, უფრო დიდხანს განიხილეთ’ და 2008 წელს ჩვენ კარგად დავინახეთ: ჩვენ გვჭირდება შიდა ტერიტორიული დაცვა და არავინ არ გააკეთებს ჩვენს საქმეს ჩვენს გარდა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„ჩვენ დავიწყეთ რეზერვისტთა ახალი სისტემის აწყობა და მივიღეთ ფენომენალური შედეგი – ჩვენს მტერს ეს ძალიან აღიზიანებს და მათ ქართველ აგენტებს, ე.წ. პოლიტიკოსებს ძალიან აღიზიანებთ რეზერვისტები, მაგრამ სოფლებში, სადაც თავდაცვის სამინისტრო შევიდა, ყველა ზრდასრული მამაკაცი ჩაეწერა რეზერვში – გამაოგნებელი შედეგია“, – განაცხადა მან.“

„მტრის აგენტები“, როგორც ჩანს ნახსენები იყო ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური მოძრაობის გასაგონად, რომელიც ამტკიცებს, რომ სააკაშვილი საკუთარი ძალაუფლების განმტკიცების მიზნით „შეიარაღებულ ფორმირებებს“ აყალიბებს. შესაძლოა, ეს შეფასება გაზვიადებულია, თუმცა, როგორც ჩანს სააკაშვილი მართლაც იყენებს შესაძლო რუსულ საფრთხეს შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის. ბოლო დროს, თავდაცვის საკითხებს ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა, როგორც აშშ-საქართველოს ურთიერთობის, ასევე ქვეყნის თავდაცვითუნარიანობის კონტექსტში. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მხრიდან განსაკუთრებული საფრთხე არ შეიმჩნევა. წელს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, მომავალ წელს – საპრეზიდენტო, ეს კი ხელისუფლების დროში გამოცდილი ტაქტიკაა, რომლის მიზანიც ყველა სხვა საკითხზე მაღლა თავდაცვის საკითხების დაყენებაა. ეს ხომ არ ხდება დღეს საქართველოში?
foreignpress.ge