უმრავლესობამ ბაღათურიას საკანონმდებლო ინიციატივა ცხვირწინ ააცალა

უმრავლესობამ ბაღათურიას საკანონმდებლო ინიციატივა ცხვირწინ ააცალა

საპარლამენტო უმრავლესობას ოპოზიციისთვის ერთი ინიციატივაც კი არ ემეტება, რომ მათი სახელით გავიდეს. არადა, ჯონდი ბაღათურია რამდენიმე ისეთ საკითხს ითხოვს, რომელზეც უარის თქმა ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ ნამდვილად არ აწყობს.

ასეთ საკითხებს შორის აღმოჩნდა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ისეთი შეღავათების დაწესება, როგორიცაა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის უბილეთოდ მგზავრობისთვის დაკისრებული ჯარიმებისგან და საურავებისგან გათავისუფლება და ა.შ.

ჯონდი ბაღათურიას სათანადო კანონპროექტი ჯერ კიდევ გასულ წელს ჰქონდა ინიცირებული და პარლამენტმა მას პრინციპების დონეზე მხარიც დაუჭირა. მაგრამ საკითხი პირველი მოსმენის შემდეგ გაიჭედა მიუხედავად იმისა, რომ ბაღათურია ამ კანონპროექტს პარლამენტს ყოველ სესიაზე ახსენებს.

თუკი უმრავლესობის მხრიდან მაშინ გაკეთებულ განცხადებებს გავითვალისწინებთ, სადაც  ისინი ამბობდნენ, რომ მათთვის მისაღები იყო პროექტის ის მუხლი, რომელიც სოციალურად დაუცველ მოსახლეობას უბილეთოდ მგზავრობისთვის დაკისრებული ჯარიმებისგან და საურავებისგან ათავისუფლებდა, კანონპროექტის ამდენი ხანი გაჩერება გარკვეულ კითხვებს აჩენს.

ცხადია, რომ ამ საკითხზე ხელისუფლება უარს ვერ იტყვის, ზუსტად იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პროცესში ოპოზიცია წამოაძახებს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ამ კანონპროექტში არსებული სხვა საკითხების გათვალისწინება არ სურთ და ამიტომაც ახლა აღარ იციან, რა ქნან.

თითქმის ერთი წელია, მთავრობის საპარლამენტო მდივანი აცხადებს, რომ მთავრობისთვის ამ ინიციატივის გარკვეული საკითხები მიუღებელია და საკითხის მეორე მოსმენით განხილვა მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც კანონპროექტის ავტორთან შეთანხმება იქნება შესაძლებელი.

როგორც დღევანდელ ბიურის სხდომაზე აღმოჩნდა, მთავრობას ბაღათურიასთან შეთანხმება კი არ სურს, არამედ კანონპროექტიდან იმ საკითხების ამოღება, რაც არ აწყობთ. 

მთავრობის საპარლამენტო მდივანმა დიდხანს ისაუბრა იმაზე, რომ ამ ინიციატივის განხორციელება ქვეყნისთვის საზიანო იქნება, რადგან, მისი თქმით, „პროექტის მიხედვით შეღავათი კონტრაბანდისტებსაც უნდა შეეხოს, რაც მიუღებელია“.

ამის სათქმელად კი ისე შორიდან დაიწყო ლაპარაკი, რომ აღშფოთება თავად უმრავლესობის წარმომადგენელმა, ხათუნა გოგორიშვილმაც ვერ დამალა და განაცხადა, „ვერ გავიგე, რისი თქმა გინდა, გასაგებად თქვი, ეთანხმებით თუ არაო“. 

„სუბიექტთა წრე დასახვეწია, ინიციატორისგან კი დახვეწილი პროექტი ვერ მივიღეთ“, – საბოლოოდ განაცხადა ხუროშვილმა და დასძინა, რომ სოციალურად დაუცველ პირებთან მიმართებაში იგივე პროექტი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტსაც აქვს მომზადებული.

ასეთი პროექტის არსებობა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა ანჯაფარიძემაც დაადსტურა.

როგორც ჩანს, ხელისუფლება მოსახლეობასთან სათქმელს იტოვებს, რომ მათთვის რაღაცას აკეთებენ. დიდი ამბავი თუ ამისთვის ოპოზიციის ინიციატივის მითვისება მოუწევთ. მთავარი ის არის, რომ უახლოეს პლენარულ სხდომაზე, მთავარ ინიციატივად  ჯონდი ბაღათურიას კანონპროექტი გამოვა, უმრავლესობის პროექტი კი მის ალტერნატიულ წინადადებად იქნება წარმოდგენილი და უმრავლესობა სწორედ ამ ინიციატივას თავისი სახელით დაამტკიცებს.