"მთავრობის ბევრი წევრი ხათრით და ენთუზიაზმით არის შერჩენილი, რომ საკუთარ ქვეყანას დაეხმაროს"

ექს-პრემიერის, ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ძნელია, როცა ადამიანს, რომელსაც მცირეშემოსავლიანი სამსახური აქვს, დემოკრატიაზე ესაუბრები, მაგრამ ეს მთავრობის ბრალი არ არის.

ივანიშვილის თქმით, ვისაც არ მოეწყინება დღეს, ნებისმიერ ბრუნვაში აკრიტიკებენ და ლანძღავენ მთავრობას და ასე შეიძლება, ქვეყანა მოჯადოებულ წრეზე დაბრუნდეს.

"ძალიან დიდია ხიბლი, რომ გაჭირვებული კაცი მიდის საღამოს სახლში - ვთქვათ, მაცივარი ნახევრად ცარიელია, სამუშაო აქვს ისეთი, რომ ძალიან მწირი შემოსავალი აქვს, და ამ დროს, მას დემოკრატიულ ღირებულებებზე ესაუბრები, ძალიან ძნელია, მესმის. ძნელი მისაღებია, რომ რაღაც უფლებებზე ესაუბრო, როცა ელემენტარული უფლება არ გააჩნია, რომ ოჯახი ღირსეულად არჩინოს, მაგრამ ეს რომ კვირიკაშვილს, ან მთავრობას მივაწეროთ და დავაბრალოთ, დავუწყოთ ჭიდაობა, არ იქნება მართალი. ვისაც არ მოეწყინება დღეს, ნებისმიერ ბრუნვაში აკრიტიკებენ და ლანძღავენ ისედაც მთავრობას და ძალიან ბევრი მთავრობის წევრი ხათრით არის იქ შერჩენილი და მხოლოდ იმ ენთუზიაზმით, რომ საკუთარ ქვეყანას დაეხმაროს. ასე შეიძლება მივანგრიოთ ეს ყველაფერი და წავიდეთ მოჯადოებულ წრეზე დავბრუნდეთ", - განაცხადა ივანიშვილმა "ტექნოპარკში" ტელევიზიების ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს.