"შევამჩნიე, როგორ მოსწონდა ბოკერიას, რომ შედეგი მიიღო"

საქართველოს ექს-პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე, კორცხელში მომხდარი ინციდენტი "ნაციონალური მოძრაობის" პროვოცირებული იყო.

თუმცა ამასთან, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა მთავრობას და მმართველ გუნდს ეკისრება.

ექს-პრემიერის ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობა" ხონშიც აპირებდა პროვოკაციის განხორციელებას, თუმცა ხელისუფლება სწორად მოიქცა და პარტიამ ეს ვერ მოახერხა.

"ეჭვიც არ მეპარება რომ ეს პროკოკაცია კარგად დაგეგმილი იყო "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან - კადრებიც ვნახე, ისიც შევამჩნიე, როგორ მოსწონდა ბოკერიას, რომ შედეგი მიიღო. თუმცა ეს არაფრის გამართლების საფუძველი არ გახლავთ. ეს არ ამსუბუქებს იმას, რაც მოხდა. ჩანს "ნაციონალურ მოძრაობას" დიდი რესურსი არ გააჩნია, თორემ შემოინახავდა ძირითადი არჩევნებისთვის. აქვე ვუსვამ ხაზს, რომ ეს არ ამართლებს მმართველ გუნდს. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფრის ანალიზი მოხდება. მე დავინტერესდი და "ნაციონალურ მოძრაობას" სხვა ადგილებშიც ჰქონდა მცდელობა, ხონში ჩაუყვანიათ ბიჭები, თუმცა იქ ვერ მოახერხეს, რადგან ხელისუფლება სწორად მოიქცა",- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2016 წლის 24 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ნებაყოფლობით გამოცხადდა ინცინდენტში მონაწილე 6 პირი, რომლებიც მოწმის სახით გამოიკითხნენ. გამოძიების მსვლელობისას, ასევე გამოიკითხა ინციდენტის მონაწილე მეორე მხარეც. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო და ფიზიო-ტექნიკური ექსპერტიზები.

ფაქტთან დაკავშირებით, 2016 წლის პირველ ივნისს, ინციდენტში მონაწილე 5 პირს: გიორგი გ.-ს, კობა ტ.-ს, გიორგი გ.-ს, ნოშრევან წ.-ს და გრიგოლ ტ.-ს ბრალი წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ვლადიმერ გ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით.