"კორცხელის ინციდენტზე ძირითადი პასუხისმგებლობა მთავრობას და მმართველ გუნდს ეკისრება"

საქართველოს ექს-პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე, კორცხელში მომხდარი ინციდენტი, სამარცხვინო ფაქტი იყო.

ჟურნალისტებთან შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მომხდარ ფაქტზე პასუხისგებლობა მთავრობას, მმართველ გუნდს ეკისრება, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ინციდენტი "ნაციონალური მოძრაობის" პროვოცირებული იყო.

"კორცხელის ინციდენტი ძალიან სამარცხვინო იყო. მმართველ გუნდსაც მოვუწოდებდი, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ მსგავსი აღარ განმეორდეს.

ქვების სროლით მოვიდა წინა ხელისუფლება და ვიცით როგორ დამთავრდა. ძირითადი პასუხისმგებლობა მთავრობასა და მმართველ გუნდს ეკისრება, ეს უნდა გააცნობიერონ კარგად და მეტი მოთმინება გამოიჩინონ. საერთო ჯამში, ამან ძალიან დააზარალა ჩვენი სახელმწიფო, ერთი პლუსი შეიძლება ჰქონდეს ამას - დასკვნები გააკეთონ და მსგავსი აღარ განმეორდეს. ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს პროკოკაცია კარგად დაგეგმილი იყო "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან.

ისიც შევამჩნიე, როგორ მოსწონდა ბოკერიას, რომ შედეგი მიიღო.

ჩანს "ნაციონალურ მოძრაობას" დიდი რესურსი არ გააჩნია, თორემ შემოინახავდა ძირითადი არჩევნებისთვის. აქვე ვუსვამ ხაზს, რომ ეს არ ამართლებს მმართველ გუნდს.

დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფრის ანალიზი მოხდება. მე დავინტერესდი და "ნაციონალურ მოძრაობას" სხვა ადგილებშიც ჰქონდა მცდელობა, ხონში ჩაუყვანიათ ხალხი, თუმცა იქ ვერ მოახერხეს",- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ექს-პრემიერი იმედოვნებს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები სანიმუშოდ ჩატარდება.