უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე უკრაინაში ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას ივნისის ბოლოსთვის აანონსებს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
საყვარელიძის განცხადებით, ამ პარტიას ექნება პარლამენტში მოხვედრის ამბიცია.
„ჩვენ არ გვაქვს ამბიცია ვინმე ჩვენს მხარეს გადმოვქაჩოთ, ჩვენი ამბიციაა გავაერთიანოთ ყველა ეფექტური და პატიოსანი ადამიანი, ვინც შეძლებს უკრაინის კრიზისიდან გამოყვანას. ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო პოლიტიკური პლატფორმის შექმნა, რომ პროცესში არ შევიდნენ შეიარაღებული ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ უკრაინის ბედის შეცვლა ათწლეულებით“, - განაცხადა საყვარელიძემ.
მისი თქმით, ახალი პარტია არ იქნება ქართული და არ იქნება მიხეილ სააკაშვილის პარტია. საყვარელიძის ინფორმაციით, ახალ პარტიას ჯერ სამუშაო სახელიც კი არ გააჩნია, მაგრამ შეუძლია სახალხო დეპუტატობის კანდიდატებს დაუჭიროს მხარი 17 ივლისის უმაღლესი რადას არჩევნებზე.
საყვარელიძემ ადრე განაცხადა, რომ ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ახალი პარტიის ერთ-ერთი იდეოლოგი იქნება.