საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. უწყების ინფორმაციით, შეხვედრის ძირითად მიზანს საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით ევროკავშირის მხრიდან დარჩენილი პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიღება წარმოადგენდა. შეხვედრისას საუბარი ევროკავშირის საბჭოში საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შესახებ ამჟამად მიმდინარე განხილვებს შეეხო.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან აღინიშნა, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ამ ეტაპზე საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, ვინაიდან ხელშესახები სარგებელი იქნება საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.
ელჩების მხრიდან ხაზი გაესვა, რომ საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში განხორციელებული წარმატებული რეფორმები და მიღწეული პროგრესი ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი ქვეყნების მიერ ცალსახად დადებითად ფასდება. ამასთან, აღინიშნა, რომ საკანონმდებლო პროცედურა საქართველოს საკითხზე დაგეგმილი განრიგის მიხედვით მიმდინარეობს.
საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭების საკითხს 10 ივნისს, ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების საბჭო განიხილავს.