ადამიანის უფლებათა დაცვა ყოველთვის იყო და კვლავ არის ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც თემაზე ”ადამიანის უფლებები ყველასათვის: საქართველო ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის (2014-2020) განხორციელების გზაზე” ოფიციალური მიღება გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ორგანიზებით მოეწყო.
”პირველ რიგში, ნება მომეცით განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ევროკავშირს მის მიერ გამოყოფილი გულუხვი ფინანსური დახმარებისათვის, რომელიც საშუალებას გვაძლევს გაერო-ს სხვადასხვა ორგანოს ფარგლებში დავგეგმოთ და განვახორციელოთ შესაბამისი აქტივობები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა და ემსახურება ადამიანის უფლებათა განვითარებასა და უკეთეს დაცვას. ადამიანის უფლებათა დაცვა ყოველთვის იყო და კვლავ არის ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტი. მიმაჩნია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული შვიდწლიანი სტრატეგია ჩვენი მთავრობის მიერ შემუშავებული უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რადგან მასზე მუშაობა მიმდინარეობდა ძალიან ინკლუზიურ და გამჭვირვალე გარემოში. გადაწყვეტილების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტორები იყვნენ ჩართულნი. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ნაწილი თანხმდება, რომ ეს ყოვლისმომცველი დოკუმენტი ერთ-ერთი საუკეთესოა”, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე განცხადებით, დღეს საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის მომავალი ორი წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. ”მინდა ხაზი გავუსვა, რომ მე პირადად და ჩემი გუნდი მაქსიმალურად ერთგულნი ვართ მისი იმპლემენტაციის მიზნისა. ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის დარგში ჩვენი მიღწევებით. თუმცა, მწამს, რომ გუშინდელი მარცხის დღევანდელ წარმატებად გარდაქმნის პროცესს დასასრული არ უნდა ჰქონდეს. ჩვენ საკუთარ თავს მაღალ სტანდარტებს ვუდგენთ და გვჭირდება უფრო მეტი შრომა, რათა შევძლოთ ამ სტანდარტების ინსტიტუციურ და პრაქტიკულ დონეზე შენარჩუნება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს მიერ სხვადასხვა საერთაშორისო მექანიზმის ფარგლებში აღებული ვალდებულებები სრულადაა ასახული სამთავრობო ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმაში. ესაა შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ რამდენად ვაფასებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ მოცემულ რეკომენდაციებს”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციასა და გაეროს სხვადასხვა ინსტიტუციებს ადამიანის უფლებათა საბჭოს, სამდივნოს და ზოგადად, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და პროგრესის კუთხით გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისათვის.
ოფიციალურ მიღებას დაესწრნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში ნილს სკოტი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.