რუსეთი ნატო-ს არც ერთ წევრ სახელმწიფოზე თავდასხმას არასდროს განახორციელებს. როგორც „რია ნოვოსტი“ იტყობინება, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, ყველა სერიოზულ და პატიოსან პოლიტიკოსს მშვენივრად ესმის, რომ რუსეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რომელიმე წევრ სახელმწიფოზე არასდროს განახორციელებს თავდასხმას. მსგავსი გეგმები ჩვენ არ გვაქვს. ვფიქრობ, ნატო-ში ეს მშვენივრად იციან, მაგრამ იყენებენ საბაბს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ტექნიკა და ბატალიონი განალაგონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ აშშ ამ ყველაფერს მიხედავს“, - განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, მოსკოვში ნატო-ს ქმედებებს საფრთხედ აფასებენ. „ნატო-ს გაფართოების და ე.წ. ნატო-ს საპარტნიორო პროგრამის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება არ შეცვლილა. ჩვენი უსაფრთხოების დოქტრინებში ცალსახადაა გაწერილი, რომ ნატო-ს აღმოსავლეთისკენ გაფართოება ჩვენი უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი მთავარი საფრთხეა. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ საფრთხედ არა ნატო-ს არსებობას, არამედ სამხედრო ალიანსის პრაქტიკულ ნაბიჯებს განვიხილავთ“, - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.