ჩვენ გაცილებით მეტი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდით ვიზალიბერალიზაციის საკითხს, ვიდრე ზოგიერთი ჩვენი კოლეგა ევროკავშირში, - ამის შესახებ რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველომ ტექნიკური თვალსაზრისით ყველაფერი გააკეთა.
”ჩვენ შეგვიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ - საქართველოს მხრიდან მაქსიმალური გაკეთდა ტექნიკური თვალსაზრისით, რომ დაგვეკმაყოფილებინა ევროკავშირის მოთხოვნები ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. დღეს ისეთი სიტუაციაა შექმნილი ”შერეკილებში” რომ არის - არავის ეგონა რომ გაფრინდებოდნენ, თუმცა ისხდნენ და მიფრინავდნენ. მე მგონი, ჩვენი ბევრი ევროპელი კოლეგაც ასე უყურებს ამ ვიზალიბერალიზაციის პროცესს. მივედით ბოლომდე, პრაქტიკულად ერთ ღილაკზე თითის დაჭერა რჩება და ზოგიერთი ახლა მოვიდა გონზე, რომ თურმე ჩვენ შეიძლება მართლა მივიღოთ ვიზალიბერალიზაცია. ამ დროს მთელი ამ წლების განმავლობაში, როგორც ჩანს, ჩვენ გაცილებით მეტი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდით ვიდრე ზოგიერთი ჩვენი კოლეგა ევროკავშირში. მე მინდა ჩვენმა მოსახლეობამ იცოდეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა და აკეთებს იმისთვის, რომ ვიყოთ აბსოლუტურად პირნათელი ევროკავშირთან ურთიერთობაში და ხაზი გავუსვათ იმას, რომ ჩვენი ვალდებულებები, რაც გვქონდა აღებული, არის სრულყოფილად შესრულებული და სიტუაციის გაუარესების არანაირ რისკს არ შეიცავს არც ერთი მიმართულებით”, - განაცხადა კვაჭანტირაძემ.