დიმიტრი ქუმსიშვილმა „ტერაბანკის“ განახლებული ფილიალი გახსნა

დიმიტრი ქუმსიშვილმა „ტერაბანკის“ განახლებული ფილიალი გახსნა

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „ტერაბანკის“ (ყოფილი „კორსტანდარტბანკი“) რებრენდინგის შედეგად განახლებული ფილიალის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ბანკის მენეჯმენტი, აქციონერები და ბანკის პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ტერაბანკში“, რომელიც 17 წლის მანძილზე საქართველოს ბაზარზე „კორსტანდარტბანკის“ სახელით ოპერირებდა, ერთი წლის წინ ბიზნესტრატეგია შეიცვალა და ძირითად სამიზნე აუდიტორიად მცირე და საშუალო ბიზნესი განისაზღვრა. შესაბამისად, საჭირო გახდა ბანკის იერსახის, საკომუნიკაციო სტილისა და ინტერიერის ცვლილება, იმისათვის რომ აღნიშნული სეგმენტისათვის ხარისხიანი საბანკო მომსახურების გაწევა მათთვის კომფორტულ გარემოში მომხდარიყო. 

ვიცე-პრემიერმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა „ტერაბანკის“ განახლებული ფილიალი დაათვალიერეს, რომლის კონცეფცია მთავარი მესიჯის - „ჩემი ფინანსური სახლის“ ირგვლივ აიგო, რაც მომხმარებლისთვის საბანკო მომსახურების გაწევას კომფორტულ და მყუდრო გარემოში ითვალისწინებს.

ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა რებრენდინგის შედეგი. მან  მადლობა გადაუხადა ბანკის მთავარ აქციონერს, არაბეთის გაერთიანებული საემიროების შეიჰს ნაჰაინ მუბარაქ ალ ნაჰაიანს, რომელსაც საქართველოს ეკონომიკაში 250 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „აღნიშვნის ღირსია ის, რომ მსგავსი მოვლენები ქვეყანაში ხდება მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როდესაც არის ჯანსაღი კონკურენცია. მისი თქმით, „ეს იწვევს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა უმაღლესი ხარისხის საბანკო მომსახურება კომფორტულ და მისთვის ახლობელ გარემოში მიიღოს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ღონისძიებაზე ასევე აღინიშნა, რომ „ტერაბანკი“ აქტიურად არის ჩართული ბიზნესის დაკრედიტებაში. მონაწილეობს და სესხებს გასცემს სახელმწიფო პროექტებში, როგორიცაა: „შეღავათიანი აგრო დაკრედიტება“ და „აწარმოე საქართველოში“. რეგიონში განთავსებული ფილიალებიდან განსაკუთრებით  აქტიურად მიმდინარეობს სოფლის მეურნეობის სექტორის დაფინანსება.