საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნა 27 მაისს გახდება ცნობილი. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” სტრასბურგში მყოფმა, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
”ვენეციის კომისიის ხელმძღვანელსა და კომისიის კონსტიტუციური მართლმსაჯულების მიმართულების ხელმძღვანელთან შეხვედრა დაახლოებით 2 საათი გაგრძელდა. ჩვენ დეტალურად გავიარეთ კანონპროექტი, ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს გავაცანით ჩვენი მოსაზრებები. ვთქვით ის, რაც მოგვწონს ამ კანონპროექტში და რაც არ მოგვწონს. გავაკეთეთ აქცენტი იმაზე, რაც არ მოგვწონს, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს ცვლილებები საფრთხეს შეუქმნის საკონსტიტუციო სასამართლოს გამართულად ფუნქციონირებას”, - განაცხადა კოჟორიძემ.
მისივე თქმით, დასკვნის გამოქვეყნებამდე კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის წევრების დამოკიდებულებაზე ვერ ისაუბრებს.
”ჩვენ პოზიციები გავცვალეთ. ჩვემთვის ცნობილია მათი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე გამომდინარე იქედან, რომ მუხლობრივად გავიარეთ კანონპროექტი. გამომდინარე იქედან, რომ ვენეციის კომისიის წევრები დასკვნის გამოქვეყნებამდე არ აფიქსირებენ თავის პოზიციას, მე თავს შევიკავებ იმაზე საუბრისგან, თუ რა შენიშვნები აქვთ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით”, - აღნიშნა კოჟორიძემ.
ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს კახა კოჟორიძე საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილთან ერთად შეხვდა.