პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ვარშავის სამიტზე, პირველად ისტორიაში, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ნატო-საქართველოს კომისია შედგება.
სესიაშვილის განმარტებით, აღნიშნული ფაქტი მიანიშნებს საქართველოს მიმართ ნატო-ს პოლიტიკურ მხარდაჭერას.
"ვარშავის სამიტზე სერიოზულ შედეგებს ველოდებით, რომელიც პრაგმატულ შედეგებზე ორიენტირებული იქნება. მათ შორის, ვეძებთ გზებს, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და თავდაცვა გავაძლიეროთ. ასევე, უფრო ინტენსიური გავხადოთ ჩვენი ურთიერთობა ნატო-სთან, კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებულ გზაზე. პირველად ისტორიაში, ვარშავის სამიტზე, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ნატო-საქართველოს კომისია შედგება, რაც უპრეცედენტოა და ხაზს უსვამს ნატო-ს პოლიტიკურ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. რაც ასევე აძლიერებს ჩვენს შესაძლებლობებს, რომ ამ მიმართულებით სერიოზული და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები გადავდგათ", - განაცხადა სესიაშვილმა.
მისი თქმით, მონტენეგროს ნატო-ში გაწევრიანება ნიშნავს იმას, რომ საქართველომ თავის რიგში კიდევ ერთი ნაბიჯით წაიწია.
"მონტენეგროს გაწევრიანებას მივესალმებით. ამ პროცესში, მონტენეგროს გაწევრიანება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთი ნაბიჯით წინ წავიწიეთ რიგში და ეს არის შეუქცევადი პროცესი. ჩვენ ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ ნატო-ს წევრობისთვის, რათა იმ პოლიტიკური გადაწყვეტილების მომენტისთვის, ვიყოთ მზად", - განაცხადა სესიაშვილმა.