ამერიკის ელჩ, იან კელის შეფასებით, "ამერიკელ და ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს შორის თავსებადობის დონე გაუმჯობესდა".
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც "ღირსეული პარტნიორის“ შესახებ ისაუბრა.
"წელს, სამხედრო წვრთნები უფრო მნიშვნელოვანი და უკეთესია. აღფრთოვანებული ვარ ამ სწავლებით, რომელიც ჩატარდა საქართველოს, აშშ-სა და ბრიტანეთის სამხედროების მონაწილეობით. ასევე აღფრთოვანებული ვარ სამი სხვადასხვა ქვეყნის თანამშრომლობის დონით, რაც საკმაოდ არაორდინალურია და იმის მანიშნებელია, რამდენად გაუმჯობესდა სამხედრო მოსამსახურეთა თავსებადობა; რამდენად განვითარდა საქართველოს შეიარაღებული ძალები. განსხვავებასაც ვერ ვხედავდი ქართულ და ამერიკელ სამხედროებს შორის, იმდენად გაუმჯობესდა ამ ორი ქვეყნის მოსამსახურეთა თავსებადობა".
ცნობისათვის, წელს, "ღირსეული პარტნიორი“ 11 მაისს გაიხსნა. წვრთნები საველე სწავლებასა და საბრძოლო სროლებს მოიცავს. ბატალიონის დონის სწავლება სამ ფაზად განხორციელდება. პირველ ეტაპზე, ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები თეორიულ მომზადებას გაივლიან. მეორე ფაზის განმავლობაში, სხვადასხვა ტიპის შეიარაღებიდან საცეცხლე მომზადებაა დაგეგმილი, ხოლო დასკვნით, მესამე ეტაპზე, ტაქტიკური სწავლებები განხორციელდება. “ღირსეული პარტნიორი” საჩვენებელი წვრთნით დასრულდა.
სწავლებაში მონაწილეობდა 600 ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. ქართულ-ამერიკულ ერთობლივ წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალები I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის "ალფა“ ასეულით, IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის I მექანიზირებული ასეულითა და სამხედრო პოლიციის ოცეულით იყო წარმოდგენილი.
ქართული მხრიდან სწავლებაში გამოიყენეს ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ქსმ-2“. წვრთნებში ჩართულია ამერიკული ქვეითთა საბრძოლო მანქანა "ბრედლი“ და რამდენიმე ლოგისტიკური უზრუნველყოფის მანქანა.