საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული კანონპროექტი უფრო დეტალურად უნდა ყოფილიყო განხილული, მათ შორის ვენეციის კომისიასთან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად ხელისუფლების დაპირებებისა, კანონპროექტი საწყის ეტაპზე ვენეციის კომისიაში არ გადაგზავნა.
”ჩვენ თავიდანვე გამოვთქვით მოსაზრება, რომ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის საკონსტიტუციო სასამართლო, კანონპროექტი უნდა ყოფილიყო უფრო დეტალურად განხილული დაინტერესებულ პირებთან, ექსპერტებთან, მათ შორის ვენეციის კომისიასთან. მიუხედავად ხელისუფლების დაპირებებისა ევროპის საბჭოს მონიტორინგის საბჭოს წარმომადგენლებთან, ევროპარლამენტარებთან, კანონპროექტი საწყის ეტაპზე არ გადაგზავნეს ვენეციის კომისიაში. ეს პირველად ხდება მგონი საქართველოში, რომ უკვე მიღებული კანონი გადაგზავნეს ვენეციის კომისიაში. მიღების დროსაც საინტერესოა, მაგრამ უფრო მიღების პროცესშია საინტერესო მათი პოზიცია”, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, კანონპროექტის შინაარსზე ვერ ისაუბრებს, რადგან ის შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდეს.
”შინაარს არ შევეხები, რადგან ის თეორიულად შესაძლოა გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში და არ მინდა გამოვთქა ჩემი პირადი აზრი”, - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც ცნობილია, პროექტი პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით, 14 მაისს მიიღო, 20 მაისს კი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნა.
ოპოზიციის წარმომადგენლებს ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ, რის გამოც პრეზიდენტს კანონპროექტზე ვეტოს დადებას ურჩევენ.
თავის მხრივ, პრეზიდენტმა, რომელსაც გადაწყვეტილების მისაღებად 10 დღიანი ვადა აქვს, კანონპროექტი წინასწარი მოსაზრებების მოსამზადებლად ვენეციის კომისიას გადაუგზავნა.