ე. წ. კაბელების საქმის ადვოკატი ლევან სამუშია პროკურატურას აღნიშნულ საქმეზე სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატი ლევან სამუშია გამოეხმაურა პროკურორ ნინო აღლემაშვილის განცხადებას, რომელიც მან ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში განაცხადა.
ლევან სამუშიას თქმით, ნინო აღლემაშვილი ახდენს სიცრუის ტირაჟირებას და საზოგადოება განზრახ შეჰყავს სიცრუეში, თითქოს შპს „სპეცკავშირმშენის“ დირექტორმა ავთანდილ ჭოლოკავამ დაარეგისტრირა მოთხოვნა და თავდაცვის სამინისტროს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის 2 წვერი და უფასო მომსახურება შესთავაზა.
ლევან სამუშიას თქმით, პროკურორის აღნიშნული განცხადება არის სრული სიცრუე და ამის დასამტკიცებლად ადვოკატმა დღეს წარმოადგინა დოკუმენტი, რომელიც არის თავდაცვის სამინისტროს საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსის ოფიციალური მიმართვა, რომელშიც ნათქვამია, რომ თავდაცვის სამინისტროს სახელზე შპს „სპეცკავშირმშენის“ 2013 წლის 8 ივლისის წერილი შემოსული და რეგისტრირებული არ არის საქმისწარმოების დეპარტამენტში.
ლევან სამუშიას თქმით, ჭოლოკავას წერილი, რომელზეც პროკურატურა საუბრობს, თავდაცვის სამინისტროში რეგისტრირებული საერთოდ არ არის და თავდაცვის სამინისტრომ ამის შესახებ არაფერი იცოდა.
ადვოკატის თქმით, აღნიშნული არარეგისტრირებული წერილი ინახებოდა ავთანდილ ჭოლოკავას კომპიუტერში და სწორედ კომპიუტერიდან იქნა ამობეჭდილი და გამოძიებაზე გადაცემული ისე, რომ თავდაცვის სამინისტრომ მსგავსი შეთავაზების შესახებ არაფერი იცოდა.
ლევან სამუშიას თქმით, არსებობს მემორანდუმი, რომელზეც მარტო ავთანდილ ჭოლოკავა აწერს ხელს და აღნიშნული მემორანდუმიც მხოლოდ მის კომპიუტერში ინახებოდა და მზის შუქი არ უნახავს.
როგორც ადვოკატმა განაცხადა, სწორედ ამაზე აპელირებს პროკურატურა, რომ თითქოს ოფიციალურად დარეგისტრირებული და მიმართული იყო ჭოლოკავას მიერ თავდაცვის სამინისტროსთვის, სინამდვილეში კი ასე არ ყოფილა და ამას ადასტურებს ასევე ჭოლოკავას დაკითხვის ოქმი, სადაც ის სიტყვიერად ამბობს, რომ მას თავდაცვის უწყებისთვის არანაირი ოფიციალური დარეგისტრირებული წინადადება არ წარუდგენია. „ეს არის პროკურატურის სიცრუე და ამას ცხადყოფს პროკურატურის დათვალიერების ოქმიც. ეს არის ერთ-ერთი სიცრუე და ჩვენ ვიწყებთ პროკურატურის სიცრუის მხილებას. დღეს ეს იქნება პირველი, თუმცა ჩვენ ეტაპობრივად პასუხს გავცემთ ყველა მათ სიცრუეს, ოღონდ ყველაფერს გავაკეთებთ დოკუმენტებით“, - განაცხადა ლევან სამუშიამ, რომელმაც პრესკონფერენციაზე თავდაცვის სამინისტროს საქმისწარმოების დეპარტამენტის ოფიციალური მიმართვა და ასევე ავთანდილ ჭოლოკავას ის წერილი წარმოადგინა, რომელიც, მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროში არ დარეგისტრირებულა.