აქამდე ასოცირების შეთანხმების 80%-ს ვიყენებდით, დღეიდან კი მეტი შესაძლებლობების გამოყენების საშუალება გვექნება

აქამდე ასოცირების შეთანხმების 80%-ს ვიყენებდით, დღეიდან კი მეტი შესაძლებლობების გამოყენების საშუალება გვექნება

ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუციებში პროცესები ლოგიკური თანმიმდევრობით მიდის, - ასე გამოეხმაურა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ევროკავშირის საბჭოს მიერ დღეს საქართველოს შესახებ საკითხის განხილვას.

ბაქრაძის თქმით, უახლოეს მომავალში კომიტეტი განიხილავს ვიზალიბერალიზაციის საკითხს და ეს თემა უკვე გადავა პარლამენტის სხდომაზე განსახილველად. ბაქრაძის თქმით, ამის პარალელურად ვიზაჯგუფის შემდეგ ამას განიხილავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების ხელმძღვანელთა სხდომა, რომელიც მოამზადებს ამ საკითხს შემდგომში ევროკავშირის საბჭოსთვის.

მინისტრის თქმით, ლოგიკურად და თანმიმდევრულად მიმდინარეობს პროცესი ორი მიმართულებით და ოფიციალურ თბილისს აქვს მოლოდინი, რომ ეს პროცესი ლოგიკურად განვითარდება და დასრულდება.

მინისტრი დღესვე გამოეხმაურა ევროკავშირის მიერ ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას. ბაქრაძის თქმით, ასოცირების რატიფიცირების დასრულება ნიშნავს, რომ ის სრული ფორმით ამოქმედდება პირველი ივლისიდან. ხოლო, ბაქრაძის განმარტებით, ეს ამოქმედება ნიშნავს უკვე თანამშრომლობის იმ ეტაპებს, რასაც ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს.

„შეიძლება ითქვას, რომ აქამდე ასოცირების შეთანხმების 80%-ს ვიყენებდით. დღეიდან კი მეტი შესაძლებლობების გამოყენების საშუალება გვექნება. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ ვასრულებთ რატიფიკაციის პროცესს და შევდივართ ისეთ ეტაპზე, როცა ჩვენი რეფორმების დემოკრატიული განვითარების გზა არის კონსოლიდირებული და გადახედვას არ ექვემდებარება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.