ვლადიმერ პუტინს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივლეს

ვლადიმერ პუტინს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივლეს

ავსტრალიის, ახალი ზელანდიის და მალაიზიის მოქალაქეებმა ავალაინერ ბოინგ 777 კატასტროფის გამო, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

BBC-ის ცნობით, ინფორმაციას რუსეთისა და ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელის შეტანის შესახებ, ავსტრალიური საადვოკატო ფირმა LHD Lawyers ავრცელებს.

მოსარჩელე მხარე მოპასუხისგან თითოეულ დაღუპულ ნათესავზე 7,2 მილიონ აშშ დოლარის კომპანსაციას ითხოვს.

Sydney Morning Herald-ის ინფორმაციით, რუსეთის წინააღმდეგ მოსარჩელედ 33 ადამიანი გამოდის.

საქმეს საერთაშორისო საჰაერო სამართლის ექსპერტი, ამერიკელი იურისტი ჯერი სკინერი აწარმოებს. იურისტი ჯერ კიდევ ელოდება დადასტურებას, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სარჩელს განსახილველად მიიღებს.

ადვოკატის განცხადებით, საქმეში დევს იმ ადამიანების სიცოცხლის უფლების დარღვევის მტკიცებულება, რომლებიც ბორტზე იმყოფებოდნენ.

რუსეთის ფედერაციის საბჭოში სარჩელს ფსიქოლოგიური ომის ელემენტად განიხილავენ. ფედერაციის საბჭოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ფრანც კლინცევიჩის აზრით, სარჩელს სასამართლო პერსპექტივები არ გააჩნია.

"სარჩელი, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანეს, იურიდიულად უვარგისია და არავითარი პერსპექტივა არ აქვს“, - აღნიშნა კლინცევიჩმა და დასძინა, რომ არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც თვითმფრინავის კატასტროფასთან რუსეთის კავშირს დაადასტურებს.

ცნობისთვის, ექსპერტების 15-თვიანი მუშაობის შემდეგ, ჰოლანდიის უშიშროების საბჭომ საკუთარ მოხსენებაში განაცხადა, რომ თვითმფრინავი რუსული წარმოების "ბუკის" ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსმა ჩამოაგდო.

შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია „Malaysia Airlines“-ის კუთვნილი „Boeing 777“, რომელიც ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის რეისს ასრულებდა, 2014 წლის 17 ივლისს, დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ გრაბოვოში ჩამოვარდა. ავიალაინერის ბორტზე მყოფი 298-ვე ადამიანი, მათგან 80 ბავშვი, დაიღუპა.

დონეცკში ჩამოგდებული თვითმფრინავის ბორტზე შიდსთან ბრძოლის 108 სპეციალისტი – მეცნიერები, ექიმები და საზოგადო მოღვაწეები იმყოფებოდნენ, რომლებიც ავსტრალიაში საერთაშორისო კონფერენციაზე მიემგზავრებოდნენ.

"გაზეტა რუ"-ს ცნობით, ბორტზე შესაძლოა, შიდსის წამალი ყოფილიყო.

კანადელი სპეციალისტის ტრევორ სტრეტონის განცხადებით, დაღუპული მეცნიერები ძალიან ახლოს იყვნენ ვაქცინის შექმნასთან და არ გამორიცხა, რომ თვითმფრინავის ბორტზე ფაქტობრივად შიდსის წამალი ყოფილიყო.

ვაქცინის შესაძლო გადატანის შესახებ ინფორმაცია ირიბად ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა იგორ სტრელკოვმაც დაადასტურა, რომლის თქმით, თვითმფრინავში ჩვეულებრივი ლაინერისთვის უჩვეულოდ დიდი ოდენობით მედიკამენტები აღმოაჩინეს.