„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან.
შეხვედრაზე პარტიის წარმომადგენლები დიპლომატებს სოფელ კორცხელში 22 მაისს საარჩევნო უბანთან მომხდარ დაპირისპირებას აცნობენ.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი დიპლომატებს გააცნობენ ვიდეომასალებს, რომელიც სოფელ კორცხელში დაპირისპირებისას აღბეჭდეს კამერებმა.
„თუ ამგვარი ძალადობა ხდება, ერთ პატარა სოფელში, ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა მასშტაბი ექნება 8 ოქტომბერს ძალადობას. ამიტომ დიპლომატიური კორპუსი შეშფოთებულია იმით, რომ ეს ძალადობა არ უნდა გაგრძელდეს და საჭიროა აღიკვეთოს. რაც მთავარია, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. ის პირები, ვინც იდენტიფიცირებულები არიან კორცხელში, უკვე ემზადებოდნენ გარდაბნის არჩევნებზე ანალოგიური ქმედებისთვის, მაშინვე რომ მიეღო ზომები ხელისუფლებას, ეს ძალადობა არ იქნებოდა. თუმცა ხელისუფლება თავად არის მათი ორგანიზატორი და თავად არის დაინტერესებული, რომ ამგვარი ძალადობით შეინარჩუნოს ხელისუფლება“, - განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრას პარტიის ლიდერი დავით ბაქრაძე და ზურაბ ჭიაბერაშვილი ესწრებიან.
შეხვედრის დაწყებამდე დიპლომატებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.