ჰყავს თუ არა ნოდარ ჯავახიშვილს ნათესავები ხელისუფლებაში და რა საფრთხეს შეიძლება უქმნიდნენ ისინი სახელმწიფოს, ამ საკითხებთან დაკავშირებით presage.tv ნოდარ ჯავახიშვილს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ ეროვნულ ბანკში მისი ნათესავი მართლაც მუშაობს და ეს მისი ნათესავი, არც მეტი, არც ნაკლები, თავად ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძეა.
ნოდარ ჯავახიშვილი: პირველ რიგში, იმის ვიტყვი, რომ ნოდარ ჯავახიშვილი ქიზიყელია და ქიზიყელები თავის ნათესავებს მაინც და მაინც, სამსახურში მოწყობაზე და ა.შ. არ წყალობენ. აქედან გამომდინარე, საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ძალიან კარგად იცის, რომ მე ქიზიყელი ვარ და ხასიათითაც ზუსტად ასეთი ვარ.
ოთხწელიწადნახევარი ვიყავი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და არც ერთი ჩემი ნათესავი არ მიმიყვანია სამსახურში და რატომ გაჩნდა ამის ძებნის აუცილებლობა, ნამდვილად ძნელი წარმოსადგენია. მაგრამ ვინც ჩემი ხასიათი იცის, იქ ამის ძებნას არ დაიწყებდა.
მე გავიხსენებ, რომ ეროვნულ ბანკში ჩემი პრეზიდენტობის დროს ერთი ამბავი ატეხეს იმაზე, რომ აქ მუშაობდა ჩემი ძმა. მაგრამ მე რომ იქ მივედი, ის უკვე მუშაობდა ინკასაციაში მძღოლად, იჯდა ერთ თეთრ ნივაზე და ოთხწელიწადნახევრის შემდეგ მე რომ წამოვედი, ის ისევ იმ თეთრ ნივაზე იჯდა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ყველა მანქანა ჩამოვწერეთ ხანდაზმულობის გამო, ჩემი ძმის მანქანა არ ჩამოვწერეთ, რადგან ის ყველაზე კარგად უვლიდა მანქანას და ნორმალურ მდგომარეობაში იყო, თორემ ასაკით ჩამოწერა კი ეკუთვნოდა.
ასე რომ, ამის მეტი არანაირი მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა და შეგიძლიათ, „ქართუშიც“ შეამოწმოთ. ექვსი თვეა, აქ ვარ და ნახეთ, ერთი ჩემი ნათესავი თუ მოვიყვანე და ამით მიხვდებით ჩემს დამოკიდებულებას.
მე ძალიან მეპარება ეჭვი, რომ ეს ქადაგიძის ინიციატივა ყოფილიყო.
რატომ?
- სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია უფრო მაღალ ეშელონებსა და სამართალდამცავებში მივიდა და კიდევ უფრო მეტი ეჭვი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ბატონი ადეიშვილიდან მოდის.
რატომ ეძებენ ჩემს ნათესავს ეროვნულ ბანკში ასე გამწარებულები, ნამდვილად ძნელი წარმოსადგენია და დავიჯერო, ბატონო ადეიშვილს ამხელა ინფორმაცია არა აქვს? თუ არა აქვს, მაშინ მის გასაგონად ვიტყვი, რომ ეროვნულ ბანკში ჩემი ერთადერთი ნათესავი მუშაობს და ეს ზუსტად ის არის, ვინც ეძებს ჩემს დანარჩენ ნათესავებს.
ვის გულისხმობთ?
- ქადაგიძე, დიახ, ეს გახლავთ ბატონი გიორგი ქადაგიძე. ახლა მე ვერ ვიტყვი, რომ ის ჩემი სისხლით ნათესავია, მაგრამ ქართული საზოგადოება ძალიან მარტივად გაიგებს იმას, რომ ჩემი ალალი ძმისშვილი არის მისი ალალი მამიდაშვილი. ამიტომაც მიკვირს, თუ ვის ეძებს ასე განწარებული. მოძებნოს თავის სანათესაოში.
არ არის სასაცილო? ამისთანა ექსცესები რომ არ მოჰყოლოდა, ამიტომაც არ ვლაპარაკობ სანათესაოზე და ბატონი გიორგი ქადაგიძე რუსთავში ჩემს ბავშვებთან ერთად იზრდებოდა და ძალიან კარგად იცნობს ჩემს შვილებს ისიც, მისი ძმაც და არ იცის, ვინ ვისი ნათესავია? ჰკითხოს მერე დედამისს, მამამისს, მამიდამისს ჰკითხოს.
არ ვიცი, ადეიშვილმა თუ ამდენი ვერ გამოიძია და ქადაგიძეს ავალებს ჩემი სანათესაოს მოძებნას, პირდაპირ შემიძლია, მივუთითო და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემი ალალი ძმისშვილი არის ბატონი გიორგი ქადაგიძის ალალი მამიდაშვილი.
თუ მაინცდამაინც ჩემს ბიძაშვილებს ეძებენ სადმე, მინდა, დავაწყნარო ბატონი ადეიშვილიც და ბატონი ქადაგიძეც, რომ მე ბიძაშვილები საერთოდ არ მყავს, არც მამაჩემს ჰყავდა ძმა და არც დედაჩემს. ზოგადად ჩემს ნათესავებს თუ ეძებენ, აგერ არის ნათესავი და მეტ ნათესავს ვერ იპოვიან.
ჯავახიშვილები დიდი გვარია და ძალიან ბევრი ადამიანის შეწუხება დასჭირდებათ, მაგრამ ქიზიყში ძალიან ცოტა ჯავახიშვილი ცხოვრობს. ჩემდა სამწუხაროდ, ის დიდი ქართველებიც არ არიან ჩემი ნათესავები და მაინცდამაინც მთელ საქართველოს ნუ მოედებიან ჩენი ნათესავების ძებნაში.
თქვენ როგორ ფიქრობთ, რაში სჭირდებათ თქვენი ნათესავების პოვნა? რას შეიძლება აკეთებდნენ ეს ადამიანები ისეთს, რომ მათთვისასეთი ხელისშემშლელი იყოს?
- მე ვერაფერს გასაკვირს ვერ ვხედავ იმაში, რომ ამათთვის ნოდარ ჯავახიშვილი და მისი ახლობელი ადამიანები აბსოლუტურად მიუღებლები იყვნენ. მე ვატყობ, რომ ქართული სულით თუ არის ვინმე გაჟღენთილი, ამათთვის საერთოდ მიუღებელია. თორემ, რამდენადაც მე ვიცი, ეროვნულ ბანკში საქმის გაფუჭება ვისაც შეუძლია, ყველა ბატონი ქადაგიძის მიყვანილია. ახლა იქ, რომელიმე ჩემი ნათესავი დამლაგებელი რომც იყოს, იმან რა საქმე უნდა გაუფუჭოს, არ ვიცი. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ტყუილად ეძებენ.
თუ თავად არ მიიღეს ვინმე ჩემი ნათესავი ისე, რომ მე არ ვიცი, იქ ჩემი ახლობელი არავინ მუშაობს, როგორც გითხარით, თავად ქადაგიძის გარდა.
ისე, ეს ხალხი საკადრო გადაწყვეტილებებს ძალიან „საინტერესოდ“ რომ იღებს ფაქტია. მე დეტალები არ დამიზუსტებია, მაგრამ ადამიანმა, რომელმაც ჩვენ ცილი დაგვწამა და რისი გულისთვისაც ბანკი რვაასი ათასზე მეტით დააჯარიმეს, აქედან წავიდა თუ არა, ერთ-ერთ სოლიდურ ბანკში დაიკავა ზუსტად იგივე თანამდებოდა.
ასე რომ, ჩაუღრმავდეს ბატონი ადეიშვილიც და ბატონი ქადაგიძეც, როგორ ხდება ეს, რომ ადგილს უთავისუფლებენ და პირდაპირ ნიშნავენ მაღალ თანამდებობაზე იმისთვის, რომ ვიღაცას ცილი დასწამა. გამოდის, რომ დააჯილდოვეს. ღმერთმა სიკეთეში მოახმაროთ. ეს ადამიანი ჩვენთვის ნამდვილად არ იყო დანაკარგი. მათთვის კი, ალბათ, ძალიან დიდი შენაძენია, რადგან მსგავსი რაღაცეები კიდევ შეიძლება გააკეთოს.
ხელისუფლებას ახალი ინიციატივა აქვს, რომლის თანახმად ეროვნულ ბანკს მიენიჭება უფლება, განსაზღვროს, ვინ არ შეიძლება იყოსკომერციული ბანკის უპირატესი წილის მფლობელი და ასევე ბანკის პრეზიდენტი. ხელისუფლების მხრიდან ისიც ითქვა, რომ ეროვნულბანკს ეს უფლება აქამდეც ჰქონდა და რამდენად მართალია?
- არა. ზუსტად ამაშია საქმე, რომ ჩვენთან კანონმდებლებიც კი ისე საუბრობენ კანონზე, თითქოს რაღაცა ზღაპარს ყვებოდნენ. ასეთი უფლება ეროვნულ ბანკს არ ჰქონდა. კანონში იყო გაწერილი კრიტერიუმები, რითი უნდა ეხელმძღვანელა ეროვნულ ბანკს. ახლა ეს კრიტერიუმები, რომლებიც გაწერილი იყო, გაიმეორეს და დაუმატეს ერთი წინადადება, რომ ეროვნულ ბანკს ამ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გარდა, სხვა კრიტერიუმების შემოღებაც შეუძლია. ეს არის პირდაპირი ვოლუნტარიზმი, რომ შენი რაღაც არ მოეწონება და მაინცდამაინც ის შეიძლება შარად მოგდოს.
ნორმალურ და ცივილიზირებულ სახელმწიფოში, შესაძლოა, ამ ჩანაწერსაც არაფერი შეეცვალა, რადგან იქ ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც ნორმალური იქნება, საბჭოც იარსებებს და ვერავინ ვერ მიიღებს ალოგიკურ გადაწყვეტილებას. ჩვენთან კი ეს ყველაფერი ზუსტად იმიტომ არის საშიში და მიუღებელი, რომ ყველა კანონს საიდანაც უნდათ, იქიდან აბამენ ყურს და რა დანიშნულებითაც უნდათ, იმ დანიშნულებით იყენებენ. მარტო ამ ექვსი თვის განმავლობაში ერთი და ორი ფაქტი ვნახეთ? დაწყებული იქიდან, რომ მიიღეს ქვეყნის დამაქცევარი კანონი და, როგორც ვაფრთხილებდით საზოგადოებას, გამოიყენეს მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ. რა, ორმაგი სტანდარტი საქართველოში ძნელი მოსაძებნია?
ვერავინ ვერ ამიხსნა, ვერც ერთმა მათემატიკოსმა, არადა, საკმაოდ წარმატებული მათემატიკოსები ჯერ კიდევ გვყავს. გნებავთ, გაუგზავნეთ ნობელის პრემიის ლაურეატ მათემატიკოსებს და ჰკითხეთ, რატომ არის ნული გამრავლებული ათზე რვაას ოცი ათას ორმოცი, არც მეტი და არც ნაკლები.
თუკი პარლამენტარი ხარ და გაგიჩნდა აზრი, რომ დამატებითი კრიტერიუმია შემოსატანი, კანონში ის კრიტერიუმი ჩაწერე და პირდაპირ იცოდეს საზოგადოებამ. მაგრამ არა, კრიტერიუმს კი არ წერენ, არამედ მას აძლევენ უფლებას, რომ დამატებითი კრიტერიუმები შემოიღოს. რატომ? თუ არ იცი, რა დამატებითი კრიტერიუმია საჭირო, ვინ გეხვეწება, რამე დაამატეო? იყოს, როგორც არის. თუ დადგება ამის აუცილებლობა, მაშინ შეიტან, რა პრობლემაა? ახლა გამოდის რომ ეს კრიტერიუმი არ გაქვს და მაინც შეგაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს კრიტერიუმი გაქვს, მაგრამ არ გინდა, რომ ეს საზოგადოებრივი განხილვის საგნად იქცეს და გინდა, რომ ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით შემოვიდეს მოქმედებაში მოულოდნელად, თორემ სხვანაირად რატომ გაჩნდება?
თქვენ ფიქრობთ, რომ ეს „ქართუ ბანკისთვის“ კეთდება?
- მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილება ზუსტად იმისთვის შემოიტანეს, რომ რაღაცა მოეძებნათ ჩემთვის ან ბატონი ბიძინასთვის. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ამას აღარ გააგრძელებენ. იმიტომ, რომ მე რამდენიმე ინტერვიუში მოვუწოდე, რომ თვითონაც ნუ წვალობენ და დეპუტატებსაც ნუ აწვალებენ. რომც მოძებნონ ასეთი კრიტერიუმი, რომელსაც მე ვერ ვაკმაყოფილებ, დააკმაყოფილებს ბანკის ყველა დანარჩენი ხელმძღვანელი და ამით რა შეიცვლება?
მე „ქართუ ჯგუფის“ პრეზიდენტიც ვარ. მეთოთხმეტე სართულზე მაქვს ამაზე ოთხჯერ დიდი კაბინეტი. ავალ და იქ დავჯდები. აქ კი ის ადამიანი დაჯდება, რომელიც ბანკს ისევე მართავს, როგორც მე ვმართავ. ავუხსენი, რომ ამით ვერ მიაღწევენ ვერაფერს. ისევე, როგორც ბანკის წასაქცევად ხომ გააკეთეს ყველაფერი? მაგრამ რა შედეგი? 150 მილიონის მარტო გირაოები წაგვართვეს და სესხი ჩამოგვაწერინეს. დაახლოებით ამდენი ზარალი მოგვაყენეს და რა, წაგვაქციეს?
მე არ ვიტყვი, რომ მთლად ტყუილად დაშვრნენ, მაგრამ მიზანს ხომ ვერ მიაღწიეს? კი, ბატონო. ხუთი თვეა, ზის აქ „ეროვნული ბანკის“ შემმოწმებელი, მაგრამ რა? გვიპოვა ქვეყნის დამაქცევარი რამე? აქედანაც ხომ არაფერი გამოვიდა?
მაპატიეთ და უბრალოდ თავი შეირცხვინეს მსოფლიო მასშტაბით. იმიტომ, რომ რამდენიმე უპრეცედენტო რამ ჩაიდინეს. გავიხსენოთ, - ბატონი ქადაგიძე გამოვიდა ტელევიზიით და განცხადებაც გააკეთა, რომ მთელ მსოფლიოში ის კანონი მოქმედებს თურმეო. ამის საპასუხოდ აშშ-ის სავაჭრო პალატის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გააკეთა დასკვნა, რომ არა, ცივილიზებული სამყარო ამ წესით არ მუშაობსო. ცივილიზებული მსოფლიო მუშაობს იმ წესით, რაც მანამდე თქვენ გქონდათ და დღეს რომ შეცვალეს, ბატონ ქადაგიძეს და მთელ ქართულ ხელისუფლებას აღარ უნდათ ცივილიზირებული მსოფლიოს გვერდით დგომა? ჯუნგლებში უნდა დავბრუნდეთ? ეს არ არის ლეგიტიმური შეკითხვა? რა თქმა უნდა, არის. მაგრამ მე ვერ ვნახე ვერც პარლამენტში ვინმეს გამოსვლა და ვერც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის განცხადება, ვისაც ყველაზე მეტად უნდა შესტკიოდეს გული, რომ ეთქვა, რას გვიშვრებით, სად გვაბრუნებთო. რაშია საქმე?