„პოლიტიკური სიტუაცია მხოლოდ თბილისში არ წყდება“

„პოლიტიკური სიტუაცია მხოლოდ თბილისში არ წყდება“

 

პოლიტიკური პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დამფუძნებელ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ერთხმად იქნა არჩეული უფლებადამცველი მანანა კობახიძე. მან განაცხადა, რომ მისთვის ეს დიდი პასუხისმგებლობაა და დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს.

Presage.tv გთავაზობთ ინტერვიუს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს ახლადარჩეულ თავმჯდომარესთან.

მანანა კობახიძე„ჩვენ ერთ მუშტად შევკრავთ მთელს საქართველოს და გპირდებით, რომ ოქტომბრის არჩევნებში აუცილებლად გავიმაჯრვებთ. როგორც ნახეთ, ყრილობამ ერთხმად მიიღო პარტიის თავმჯდომარედ ჩემი არჩევის გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, როდესაც ამ გუნდში მოვედი, ყველაფრისთვის, და თუნდაც ამისთვის, მზად უნდა ვყოფილიყავი. აუცილებლად სათანადოდ შევასრულებ იმ ფუნქციებს, რაც გააჩნია პარტიის თავმჯდომარეს. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო, საკმაოდ რთული პოზიცია, მაგრამ მე არ ვარ მარტო, მე ვარ გუნდთან ერთად, რომელიც თავის დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს და რაც მთავარია, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ლიდერი გახლავთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი.

პარტიაში გადაწყვეტილებებს ვინ მიიღებს?

- პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებს პოლიტიკური საბჭო. ცხადია საბჭო გადაწყვეტილებებს მიიღებს იმდაგვარად, როგორც ეს წესდებით არის განსაზღვრული და ამ პროცესში კანონის ყველა მოთხოვნა იქნება დაცული.

ქალბატონო მანანაამ თანამდებობაზე თქვენი წარდგენის ინიციატორი ვინ იყო?

- ეს იყო ბატონ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა.

პარტიის საქმოქმედო გეგმასთან დაკავშირებით თუ შეგიძლიათ რამდენიმე სიტყვა გვითხრათ?

- თქვენ მოისმინეთ ჩვენი პარტიის დეკლარაცია, რომელშიც დეტალურად არის ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ასახული. დეკლარაციის თქვენთვის გაცნობისას ბატონმა ბიძინამ ისაუბრა იმ ძირითად პრინციპებზე, რომლებიც ჩვენი პარტიის სამოქმედო გეგმაა. ეს გეგმა დაიბეჭდება, გავრცელდება და თითოეულ ადამიანს შეეძლება მისი გაცნობა. ამასთანავე, ეს პროგრამა ითარგმნება, გადაეგზავნება ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და ყველას ეცოდინება, რით მოდის „ქართული ოცნება“ და რას ჰპირდება საზოგადოებას.

ამ პრინციპებში საუბარია ასევე საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზესაყოველთაოდ ცნობილია თქვენს კოალიციაში შემავალიერთ-ერთი პირისგოგი თოფაძის უარყოფითი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი და როგორ ხდება ამ პოზიციების შეჯერება?

- თქვენ ნახეთ, რომ დღეს ამ პრინციპებს ყველამ ერთხმად უყარა კენჭი. ამიტომ ახლა უკვე ზედმეტია იმაზე საუბარი, ვინ რას ამბობდა და ვის რა პოზიცია ჰქონდა. დღეს ჩატარდა დამფუძნებელი ყრილობა და ცხადი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს ევროატლანტიკურ და ზოგადად ევროპულ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციას. ამიტომ, ამასთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშნები აბსოლუტურად გაუმართლებელია.

დიდი რეზონანსი მოჰყვა თქვენი კოალიციის ერთ-ერთი წევრის, ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილებას არჩევნებამდე სამეგრელოში გადასვლას. თუ არის გადაწყვეტილი, რომ თქვენი კოალიციის სხვა წევრებიც წავიდნენ სხვა რეგიონებში?

- რეგიონებში აბსოლუტურად ყველანი გავალთ, რადგან რეგიონები უმნიშვნელოვანესია. მოგეხსენებათ, პოლიტიკური სიტუაცია მხოლოდ თბილისში არ წყდება. ამიტომ, რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება ისე, როგორც არის საჭირო.  პარტია მთელი თავისი რესურსით იმუშავებს იმისთვის, რომ შესრულდეს ის მიზნები, რომლებიც ჩვენ გვაქვს გაცხადებული.

თქვენ გახდით პარტიის თავმჯდომარე და რა ბედი ელით თქვენი დაცვის ქვეშ მყოფ პირებსრომელთა ინტერესებს თქვენ აქამდეიცავდით?

- ცხადია, დღეიდან მე საადვოკატო საქმიანობას ვეღარ გავაგრძელებ, რადგან ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობა, რაც ძალიან დიდ რესურსს მოითხოვს. ბუნებრივია, მე დავემორჩილები კანონს, ამ შემთხვევაში, პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონს, რომლის შესაბამისადაც განვახორციელებ ჩემს მოვალეობას.

რაც შეეხება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს, გეტყვით, რომ შეუცვლელი არავინ არის. ქვეყანაში არსებობენ ადვოკატები და ბუნებრივია, ისინი გააგრძელებენ ჩემი დაცვის ქვეს მყოფი პირების ინტერესების დაცვას. მოგეხსენებათ, ზოგადად ადამიანის უფლებების დაცვა ჩვენი პარტიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად, იქ, სადაც იქნება დასაცავი ადამიანის უფლებები, ჩვენ ყველანი მიმართულები ვიქნებით. ჩვენ დავიცავთ ყველა ჩვენს მომხრეს, მათ შორის, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ჩვენი მხარდაჭერისთვის შეავიწროვებენ ან გაანთავისუფლებენ სამსახურიდან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დაუცველი არავინ დარჩება.

პარტიის ხელმძღვანელობა მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვას არ გულისხმობს და როგორ ფიქრობთროგორ მოახერხებთ პარტიისსაქმიანობის გაძღოლასრისი გამოცდილებაც თქვენ არ გაქვთ?

- რა თქმა უნდა, პარტიის საქმიანობის გაძღოლა მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვას არ გულისხმობს. უფლებების დაცვა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია და თქვენ ნახეთ ჩვენს დეკლარაციაში, რომ ამის გარდა კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი ამოცანები გვაქვს დასახული. ჩვენ აუცილებლად მიზანმიმართულად დავიწყებთ ამ ამოცანების განხორციელებას.

ის, რომ მე პარტიის მართვის გამოცდილება არ მაქვს, არ ნიშნავს, რომ ამას ვერ შევძლებ. თუკი ადამიანი ამგვარ გადაწყვეტილებას იღებ, ბუნებრივია, რომ ამისთვის მზად ხარ და ეს მზაობა რომ არ ყოფილიყო, დღეს მე აქ არ ვიქნებოდი.