ანდრო ალავიძემ დავით აღმაშენებელი და ლევან ვეფხვაძე მოიშველია

ანდრო ალავიძემ დავით აღმაშენებელი და ლევან ვეფხვაძე მოიშველია

საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ დემოკრატიულმა ინტიტუტმა (NDI) რუსთავში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა მოაწყო. შეხვედრას პარლამეტის ყველაზე ახალგაზრდა წევრი უმრავლესობიდან, ანდრო ალავიძე და ქრისტიან-დემოკრატი, ლევან ვეფხვაძე დაესწრნენ. აღნიშნული კანონპროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, ასევე - 21 წელს მიღწეული პირი, რომელიც დაბადებულია და ათი წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში და აქვს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა.

29 წლის პარლამენტარ ანდრო ალავიძის მთავრი არგუმენტი, თუ რატომ არის საჭირო პარლამეტის წევრის ასაკის 25-დან 21-მდე დაწევა ასეთი იყო: “ჩვენ ისტორიას ახსოვს ლიდერები და მეფეები, რომლებიც ბევრად პატარა ასაკში ჩაუდგნენ ქვეყანას სათავეში. ყველამ იცი, რომ დავით აღმაშენებელი 16 წლის ასაკში გახდა მეფე. ასე რომ, ამისი გამოცდილება და პრეცედენტები ჩვენ ისტორიულად გვაქვს“.

დარბაზში, სადაც დამსწრე საზოგადოების დიდი ნაწილი თვითმმართველობაში მომუშავე საჯარო მოხელეები იყო, ალავიძეს მხოლოდ. ერთი ოპონენტი გამოუჩნდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რუსთავის ოფისს მისი „მყარი“ არგუმენტები უსაფუძვლოდ ეჩვენა.

„რა კონკრეტული პრობლემის მოგვარებას ფიქრობთ, პარლამენტარების ასაკის 25-დან 21-მდე დაწევით? მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, სადაც ნამდვილად დაწიეს პარლამენტარების ასაკი, კონკრეტული პრობლემა არსებობდა. მათ კვლევა ჩაატარეს, რომლის თანახმადაც გამოჩნდა, რომ 18-30 წლამდე ასაკის ამომრჩევლების, მხოლოდ, 20% მიდიოდა არჩევნებზე. სწორედ საზოგადოების ამ ნაწილის არჩევნებით დაინტერების მიზნით დაწიეს პარლამენტის წევრის ასაკი. თქვენ ამ ცვლილებებისას, რომელ კვლევას ეყრდნობოთ?“ - ჰკითხა ალავიძეს საიას რუსთავის ოფისის იურისტმა, თათული თოდუამ.

ამ კითხვისთვის თოდუამ ყველაზე ახალგაზრდა პარლამეტარისგან შენიშვნა დაიმსახურა. ანდრო ალავიძეს შეკითხვის დამსმელის საუბრის ტონი არ მოეწონა.

„ისეთი ტონით საუბრობთ, თითქოს რაიმე დარღვევა აღმოაჩინეთ. ჩვენ არავითარი პრობლემის გადაჭრას არ ვგეგმავთ აღნიშნული ცვლილებებით. უბრალოდ, გვინდა ახალ თაობას შანსი მივცეთ. საბოლოოდ, ხალხი გადაწყვეტს აირჩიოს თუ არა პარლამენტის წევრობის ახალგაზრდა კანდიდატი. რადგან ასეთი დაკითხვის სტილით გინდათ საუბარი, დასვით შემდეგი შეკითხვა და გიპასუხებთ“ - ალავიძე სულ მცირედ განსხვავებულმა აზრმაც კი ააღელვა.

მეორე საკონსტიტუციო ცვლილებაზე, რომელიც ევროკავშირის მოქალაქისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მინიჭებას ისახავს მიზნად, ალავიძემ კომენტარის ჟურნალისტებთან გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ თემა ბიძინა ივანიშვილის გარშემო ტრიალებდა, უმრავლესობის წარმომადგენელმა ივანიშვილის გვარი მაინც ვერ ამოთქვა. “ის საუბრები, რაც არის გარკვეული საარჩევნო კანდიდატების მიმართ, რომ თითქოს მათ არჩევნებში მონაწილების უფლებას არ ვაძლევთ, ამ საკონსტიტუციო ცვლილებებით უნდა დასრულდეს. აღნიშნული ცვლილებები, მოგეხსენებათ, არის ქრისტიან-დემოკრატების ინიცირებული და ჩვენ უმრავლეოსობამ გავიზიარეთ მათი შეხედულებები“ - საუბრობდა ყველაზე ახალგაზრდა პარლამენტარი ანდრო ალავიძე.

საჯარო განხილვაზე რუსთავში ჩამოსული სტუმრებისთვის გუნება-განწყობილება საიას გარდა არავის გაუფუჭებია.

“სამწუხაროდ, ამ საჯარო განხილვას დადებითად ვერ შევაფასებთ. არ იყო წარმოდგენილი საზოგადოების სხვადასხვა ფენა. შესაბამისად, შეხედრაზე არსებითი კითხვები არ დაისვა და ჯანსაღი დისკუსია ვერ შედგა“ - აღნიშნეს საიას რუსთავის ოფისის წარმომადგენლებმა.