საქართველოს ხელისუფლების საგარეო და საშინაო პოლიტიკურმა კურსმა და სახელმწიფოს მართვის მის მიერ დამკვიდრებულმა მეთოდებმა, რეალური საფრთხე შეუქმნეს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას.
2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ განვითარებული პოზიტიური პროცესები, ცალკეული წარმატებული რეფორმები, ფასადურმა დემოკრატიამ და ავტორიტარიზმმა შეცვალა. უკეთესი მომავლის მოლოდინი საზოგადოების უდიდეს ნაწილს იმედგაცრუებად ექცა.
მიმდინარეობს სოციალურ-ეკონომიკური ვითარების დამძიმებისა და მოსახლეობის გაღატაკების შეუქცევადი პროცესი. მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის ხელმიუწვდომელია ჯანდაცვა და განათლება. უსაფუძვლოდაა გაზრდილი კომუნალური და სახელმწიფო სააგენტოების მომსახურების გადასახდელები. შემაშფოთებელია უმუშევრობის, მოსახლეობის მიგრაციისა და დემოგრაფიული მაჩვენებლების ვარდნის მასშტაბები.
ნორმად იქცა საბიუჯეტო სახსრების, მათ შორის საერთაშორისო დახმარების, განკარგვის გაუმჭვირვალობა და არამიზნობრივი გამოყენება. გამეფებულია ელიტარული კორუფცია, მონოპოლიზებულია ბიზნესი, კრიტიკულად იზრდება საგარეო ვალის მოცულობა.
ყველა სფეროში ირღვევა ადამიანის უფლებები. ხელყოფილია უდანაშაულო ადამიანთა სიცოცხლე, ჯანმრთელობა და თავისუფლება, მათ შორის პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით. ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლის ერთპიროვნულ ნებასაა დამორჩილებული სასამართლო სისტემა და მედიის მნიშვნელოვანი ნაწილი.
პოლიტიზებულია ჯარი, პოლიცია, პროკურატურა და მაკონტროლებელი ორგანოები. დამახინჯებული პრობაციისა და საპროცესო გარიგებების სისტემა გადაქცეულია ფულის ამოღების და ადამიანებზე ზეწოლის მექანიზმად.
საზოგადოება ჩამოშორებულია ქვეყნის მართვის და ობიექტური ინფორმაციის მიღების საშუალებებს. ხელოვნური ბარიერები ექმნება თავისუფალი მედიის და სამოქალაქო სექტორის საქმიანობას. სახელმწიფო სრულად აკონტროლებს სარეკლამო ბაზარს.
ფეხქვეშაა გათელილი კონსტიტუცია. ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით კონსტიტუციისა და კანონების ხშირი ცვლილებები ყოველგვარ სამართლებრივ და მორალურ ნორმებს სცილდება.
ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის ვერც პრევენცია და ვერც მისთვის ეფექტური წინააღმდეგობის გაწევა, რასაც მოჰყვა მნიშვნელოვანი ადამიანური მსხვერპლი, მორალური და მატერიალური ზარალი, ტერიტორიების ოკუპაცია.
ხელისუფლებას არ გააჩნია კრიზისული ვითარებიდან გამოსვლის მწყობრი სტრატეგია. სახელისუფლებო პროპაგანდის ძალისხმევა მიმართულია ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებასა და ოპონენტების დისკრედიტაციაზე, რაზედაც ათეული მილიონობით საბიუჯეტო თანხები იხარჯება.
ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით ხელისუფლება ცდილობს გააძლიეროს ზეწოლა საკუთარ ხალხზე, შეინარჩუნოს და განამტკიცოს ავტორიტარული მართვის სისტემა.
შექმნილი რეალობა მეტყველებს მეგობარ სახლმწიფოთა რჩევებისა და მოწოდებების იგნორირებაზეც. ხელისუფლება იქცა დასავლეთისაგან მიღებული პოლიტიკური და მატერიალური დახმარების უპასუხისმგებლო მომხმარებლად.
პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ამოცანები. სახელმწიფოს მართვის პრინციპები დაპრიორიტეტები
პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” უახლოესი პერიოდის ამოცანად განიხილავს ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას, რაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადარჩენის, ჩვენი შვილებისა და მომავალი თაობების უსაფრთხოების, თავისუფლების და კეთილდღეობის გარანტირების აუცილებელი პირობაა.
პარტიის იდეოლოგია ეფუძნება ჭეშმარიტ დემოკრატიულ ღირებულებებს, სოციალური სოლიდარობისა და სამართლიანობის პრინციპებს.
პარტია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
პარტია ყოველმხრივ შეუწყობს ხელს ოპოზიციური ძალების ერთიანობის გამყარებას პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” ფარგლებში და ინტენსიურად ითანამშრომლებს სხვა პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც იზიარებენ კოალიციის სადამფუძნებლო დეკლარაციაში ჩამოყალიბებულ ხედვებს.
სახელმწიფო მართვის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს საზოგადოების ჩართულობას ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესებში. ამის გარანტიაა საარჩევნო გარემოს სამართლიანობა, ადგილობრივი თვითმმართველობის შექმნა, კონსტიტუციური რეფორმების პროცესში საერთო სახალხო რეფერენდუმის მექანიზმის გამოყენება, საგანგებო მნიშვნელობის კანონების მიღებაში ხალხის უფრო ფართოდ მონაწილეობის ახალი ფორმების დამკვიდრება.
საზოგადოებრივი თანხმობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ბალანსი ხელისუფლების საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო შტოებს შორის, სასამართლო ხელისუფლების რეალური დამოუკიდებლობა, მთავრობისა და არჩევითი ორგანოების ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე, ობიექტური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა თავისუფალი მედიის მეშვეობით.
მნიშვნელოვანია ქვეყნის მართვაში ოპოზიციური ელექტორატის წარმომადგენელთა აქტიური ჩართვა. ისინი უნდა წარმართავდნენ საბიუჯეტო შემოსავლების ხარჯვისა და სახელმწიფო ქონების განკარგვის მაკონტროლირებელ უწყებათა სააგენტოების საქმიანობას.
აუცილებელია, რომ ხელისუფლების ყველა შტო, სახელმწიფო ბიუროკრატია ემსახუროს მთელი ხალხის და არა რომელიმე ცალკე აღებული პოლიტიკური ძალის ინტერესებს და განუხრელად დაიცვას ქვეყნის კონსტიტუცია. სახელისუფლო სტრუქტურებში დასაქმების კრიტერიუმებს უნდა წარმოადგენდეს ადამიანების პატიოსნება, ღირსება, პროფესიონალიზმი და არა პარტიული კუთვნილება.
აუცილებელია შეიქმნას სახელმწიფო მართვის ისეთი სისტემა, რომლის ამოსავალ წერტილად იქცევა ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. დემოკრატიული ინსტიტუტების სიმძლავრე ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის მთავარ წინაპირობას წარმოადგენს.
სახელმწიფოს სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარებისათვის საკმარისი არაა ადამიანის უფლებების დეკლარირება მხოლოდ სამართლებრივ აქტებში. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ამ უფლებების რეალიზაციის საკმარისი მექანიზმების შექმნა. დაუშვებელია, რომ მატერიალური შესაძლებლობის დეფიციტი გახდეს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთლების, განათლების, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის მიზეზი.
ადამიანის სამართლებრივ და სოციალურ დაცვაზე, ჯანმრთელობაზე, მის განათლებაზე მზრუნველი მართვის სისტემა უზრუნველყოფს მოქალაქისა და სახელმწიფოს ურთიერთპასუხისმგებლობას. ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა, სახელმწიფო ბიუჯეტი, უპირველეს ყოვლისა, ორიენტირებული უნდა იყოს ამ ამოცანის გადაწყვეტაზე.
ჯანდაცვის სფეროს მოწესრიგება სახელმწიფოს უპირველესი საზრუნავია. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს საბაზისო სადაზღვევო პაკეტი და ეს პაკეტი უნდა იყოს უფრო ფართო, ვიდრე არსებული ხელისუფლება ჰპირდება ყოველ მეორეს.
ომების შედეგად დაზარალებულ, დევნილ მოქალაქეებსა და დაღუპულთა ოჯახებზე ზრუნვა, მათთვის განსაკუთრებული შეღავათების დაწესება, წარმოადგენს არა სახელმწიფოს კეთილ ნებას, არამედ - ვალდებულებას.
აუცილებელია, შემწეობის მიმღები ყველა კატეგორიის მოქალაქეებისათვის გამოყოფილი საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარებისა და სახელმწიფო რესურსების მართვის კოორდინაცია. შეღავათებისა და სტიმულების დაწესებით უნდა წახალისდეს ადგილობრივი ბიზნესწრეების საქველმოქმედო საქმიანობა და ამ მიმართებით სახელმწიფოს ვალდებულებების გაზიარება.
სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს უმუშევრობის დონის შემცირება, გადასხდელების გადამხდელთა რაოდენობის გაზრდა და შედეგად სახელმწიფოს მართვაში მოქალაქეთა ჩართულობის გაფართოება. ქვეყნის ბიუჯეტი უნდა ძლიერდებოდეს გადასახდელების გადამხდელთა რაოდენობის და არა გადასახდელების მოცულიბის ზრდის ხარჯზე. დაუშვებელია, საზოგადოების და სახელმწიფოს ურთიერთობები მიმდინარეობდეს მთხოვნელისა და მოწყალების გამცემის ურთიერთობის ფორმატში.
სოციალური სამართლიანობის მიღწევის მიზნით, ძირეულადაა შესაცვლელი საგადასახადო სისტემა. საწყისისათვის აუცილებელია დაწესდეს დაუბეგრავი მინიმუმი, რომელიც საარსებო მინიმუმს გაუტოლდება. ადამიანები, რომელთა შემოსავალი თვეში საარსებო მინიმუმის ტოლია, საერთოდ არ უნდა იბეგრებოდნენ საშემოსავლო გადასახდით, ხოლო ყველა დანარჩენს დასაბეგრი ბაზა უნდა შეუმცირდეს.
ეკონომიკური პოლიტიკა უნდა დაემკვიდროს ლიბერალურ საბაზრო პრინციპებს. ბიზნესის სფეროების დემონოპოლიზაციის გარეშე შეუძლებელია კონკურენტული გარემოს შექმნა, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება, სამუშაო ადგილების ზრდა და საშუალო სოციალური ფენის გაფართოება.
კერძო საკუთრება ხელშეუხებელია. დაუშვებელია, რომ სახელმწიფო ხელს უწყობდეს მის გადანაწილებას პოლიტიკური ნიშნით, პროპაგანდაზე აგებული ეკონომიკური პროგნოზითა და მცდარი ეკონომიკური სტიმულებით შეცდომაში შეყავდეს კერძო მესაკუთრე, ზღუდავდეს ან კრძალავდეს იმ მეწარმეთა საქმიანობას, რომლებსაც საბანკო ვალი აქვთ აღებული.
სოფლის მეურნეობის განვითარება შესაძლებელია ამ სექტორში ინვესტიციების მოზიდვით, მათ შორის მნიშვნელოვანი მოცულობის საბიუჯეტო რესურსების გამოყენებით. სასურსათო პროდუქციის ადგილობრივი წარმოების გაფართოება სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.
სახელმწიფო ხელს უნდა უწყობდეს როგორც კერძო ფერმერული მეურნეობების განვითარებას, ასევე გლეხური მოეურნეობების კოოპერირებას. საგანგებო ყურადღებასა და მხარდაჭერას საჭიროებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინადადება, რომელიც გულისხმობს მოტივირებული და ორგანიზებული მეურნეებისათვის საეკლესიო მიწების უსასყიდლოდ გადაცემას.
სახელმწიფოსა და მოსახლეობის ერთობლივი ზრუნვის საგანს უნდა წარმოადგენდეს ეკოლოგიური უსაფრთხოების დაცვა. ჩვენი მომავალი თაობების წინაშე ჩადენილი დანაშაულია მოკლევადიანი ეკონომიკური სარგებელის ფასად ეკოლოგიური ზიანის მომტანი კანონების მიღება. ამასთანავე, სწორედ ეკოლოგიური რესურსი და ბუნების მრავალფეროვნება წარმოადგენს მთელი რიგი შემოსავლიანი დარგების განვითარების და ხალხის ფიზიკური სიჯანსაღის ბაზისს.
ეროვნული ისტორიული ფასეულობებისა და კულტურული მემკვიდრების, ისევე როგორც ხელოვნებისა და სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობა საერთო მსოფლიო ოჯახში საქართველოს იდენტობის დამკვიდრებას უნდა ემსახურებოდეს.
სახელმწიფოს სტაბილურობის უზრუნველყოფის ამოცანებს ასევე განეკუთვნება საქართველოში მცხოვრები სხვა ეთნიკური ჯგუფების კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისათვის ზრუნვა, მათი თანასწორუფლებიანობის გარანტირება.
განათლების სისტემა ორიენტირებული უნდა იყოს მომავალი თაობის პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდაზე, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა საერთო სახელმწიფო სისტემაში ინტეგრირებასა და საერთაშორისო დონის სპეციალისტების მომზადებაზე.
ძირეულადაა შესაცვლელი სახელმძღვანელოების პოლიტიკა. ბოლო უნდა მოეღოს განათლების სფეროს პოლიტიზაციას და პოლიციური მეთოდებით ადმინისტრირებას.
ასაღორძინებელია ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალი, რომლის დეფიციტს განიცდის როგორც ქვეყნის ეკონომიკის ყველა დარგი, ასევე სოციალური და კულტურული სფეროები.
ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთ მთავარ მახასიათებლად უნდა იქცეს. ამის განხორციელება შეუძლებელია კამპანიური, პროპანდისტული ხასიათის ღონისძიებებით. სახელმწიფოს განვითარების პროგრამის ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილად უნდა იქცეს საზოგადოების ფართო ფენებისათვის სპორტის ხელმისაწვდომობა, საგანმანათლებლო სისტემაში მისი ფართოდ დაბრუნება.
აუცილებელია კრიმინალთან და დანაშაულობებთან ბრძოლის გამკაცრება. უსაფრთხო გარემო ქვეყნის განვითარებისათვის გადამწვეტ ფაქტორს წარმოადგენს. ამასთანავე, ყოვლად დაუშვებელია ეს ხორციელდებოდეს საზოგადოებრივი კონტროლის მიღმა დარჩენილი, სრულიად პოლიტიზირებული და სადამსჯელო ოპერაციებზე ორიენტირებული სტრუქტურების მიერ.
საქართველოს საზოგადოება საჭიროებს მისი ინტერესების დამცველ პოლიციელს. დემოკრატიული ქვეყანის სტანდარტი მოითხოვს რესოციალიზაციაზე ორიენტირებულ და არა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის მატარებელ და ღირსების შემლახავ სასჯელაღსრულების სისტემას.
საგარეო ურთიერთობების ორიენტირები მიმართული უნდა იყოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისაკენ. არანაკლებ მნიშვნელოვანია რეგიონალური თანამშრომლობის განვითარება და ურთიერთობების ნორმალიზაცია რუსეთთან. საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის საიმედო და პროგნოზირებად პარტნიორად უნდა იქცეს.
საქართველომ საერთაშორისო თანამეგობრობას უნდა შესთავაზოს ტერიტორიული პრობლემების მშვიდობიანად მოგვარების მწყობრი, მრავალმხრივ მოლაპარაკებებზე ორიენტირებული სტრატეგია.
ქვეყნის უსაფრთხო არსებობას უნდა უზრუნველყოფდეს თანმიმდევრული ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა, რომლის ქვაკუთხედიც არსებული სამხედრო საფრთხეების ადეკვატური შეიარაღებული ძალებია.
საჭიროა სამხედრო ძალების განვითარება ეფუძნებოდეს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის ძირითად პრინციპებსა და მოთხოვნებს. სამოქალაქო-დემოკრატიული კონტროლიდან გამოსული ეროვნული უსაფრთხოების სიტემა და მისი მმართველობა, ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფოს სტაბილურ გარემოში განვითარების შესაძლებლობას.
პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” მზადაა პასუხისმგებლობა აიღოს ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანაზე, მოქალაქეების ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფაზე, შიდაეროვნული თანხმობის მიღწევასა და დამკვიდრებაზე, რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაში საქართველოსათვის ღირსეული პარტნიორის ფუნქციის დაბრუნებაზე.
ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება - მშვიდობიანი განვითარების საშუალება მივცეთ ჩვენს ლამაზ ქვეყანას, უსაფრთხო მომავალიშევუქმნათ მომავალ თაობებს.
გვფარავდეს უფალი!