„ჩვენ ვერ შევძელით, დღევანდელი მდგომარეობის განხილვაზე უარი გვეთქვა“

„ჩვენ ვერ შევძელით, დღევანდელი მდგომარეობის განხილვაზე უარი გვეთქვა“

დღეს საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დამფუძნებელი ყრილობა ჩატარდა. ყრილობას კოალიცია „ქართული ოცნების“ ცნობილი სახეებიდან რესპუბლიკელი დავით უსუფაშვილი, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია, ასევე მანანა კობახიძე, ნოდარ ხადური, ირაკლი სესიაშვილი, სოზარ სუბარი, ეკა ბესელია, არჩილ კბილაშვილი, გუგული მაღრაძე, მამუკა არეშიძე, „მრეწველებიდან“ გოგი თოფაძე და ზურაბ ტყემალაძე ესწრებოდნენ. ყრილობას დაესწრნენ ასევე „ქართული აკადემიის“ წევრები ნუკრი ქანთარია, თემურ ნანეიშვილი, ნინელი ჭანკვეტაძე და სხვები. აღსანიშნავია, რომ ყრილობაზე რატომღაც არ გამოჩენილან „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენლები. 

ყრილობა 15.00 საათზე დაიწყო და იგი „ქართული ოცნების“ საინიციატივო ჯგუფის უხუცესმა წევრმა ვანო კიღურაძემ გახსნა. შემდეგ ყრილობამ სხდომის თანმჯდომარედ ერთხმად აირჩია ასევე საინიციატივო ჯგუფის წევრი, იურისტი არჩილ კბილაშვილი, რომელიც გაუძღვა ყრილობას მანამ, სანამ პარტიის თავმჯდომარეს აირჩევდნენ.

ყრილობას ესწრებოდა 1109 დელეგატი. დღის წესრიგში შემდეგი საკითხები იყო - პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს დაფუძნება, პარტიის წესდების მიღება, პარტიის სიმბოლიკის დამტკიცება, პარტიის თავმჯდომარის არჩევა, პოლიტიკური საბჭოს და სარევიზიო კომისიის წევრების არჩევა, და ბოლოს ყრილობის შედეგების დამკტიცება. პირველ სამ საკითხზე გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული, რის შემდეგაც სხდომის თავმჯდომარემ, არჩილ კბილაშვილმა დელეგატებს პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი მანანა კობახიძე წარუდგინა.

კბილაშვილმა ისევ აუხსნა საზოგადოებას, რომ ივანიშვილიმა საქართველოს მოქალაქეობაზე უარის მიღებით, უფრო აღმატებული რამ მიიღო, ვიდრე ითხოვდა. კბილაშვილის თქმით, პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ბიძინა ივანიშვილი გახდება თავისი პარტიის ლიდერი, მაგრამ სანამ საქართველოს კონსტიტუციაში ცნობილი ცვლილებები შევა (იგულისხმება ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივა) და ივანიშვილის ამის უფლება ოფიციალურად მიენიჭება, პარტიას სჭირდება თავმჯდომარე და სწორედ ამ მოვალეობას შეასრულებს მანანა კობახიძე. იგი სხდომამ ერთხმად აირჩია პარტიის თავმჯდომარედ.

არჩილ კბილაშვილმა სხდომის წაყვანაც მანანა კობახიძეს გადააბარა, რის შემდეგაც დელეგატებს უკვე კობახიძემ მიმართა. კობახიძის თქმით, მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარეობა.

„ჩემთვის ეს თანამდებობა უდიდესი პასუხისმგებლობაა. ჩვენ ხელისუფლებამ ჩაგვაყენა ასეთ მდგომარეობაში და მზად ვარ იმ ეტაპამდე, სადამდეც საჭირო იქნება ჩემი თავმჯდომარეობა, გავუძღვე ამ საქმეს. დიდი პატივია გავუძღვე იმ პარტიას, რომლის სახელიც დაკავშირებულია თითოეული ჩვენგანის ოცნების ასრულებასთან. გპირდებით, რომ მთელს საქართველოს ერთ მუშტად შევკრავთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.

ამის შემდეგ პარტიამ პოლიტიკური საბჭო აირჩია, რომელიც 11 წევრისგან შედგება. ესენი არიან თამაზ ავდალიანი, ზურაბ აზმაიფარაშვილი, ვანო კიღურაძე, გუგული მაღრაძე, გურამ ოდიშარია, ირაკლი სესიაშვილი, სოზარ სუბარი, ელისო ჩაფიძე, ნოდარ ხადური, გელა ხვედელიძე და თედო ჯაფარიძე. აღსანიშნავია, რომ პოლიტსაბჭოს თითოეულ წევრს ცალ-ცალკე ეყარა კენჭი. პოლიტსაბჭოს წევრების არჩევისას ყველაზე მეტი მოწინააღმდეგე (9 ადამიანი) ჰყავდა გუგული მაღრაძეს, 7-7 მოწინაამდეგე ჰყავდათ სოზარ სუბარს, გელა ხვედელიძესა და თედო ჯაფარიძეს. დანარჩენები შეიძლება ითქვას, ერთხმად იქნენ არჩეულები.

პარტიის სარევიზიო კომისია, რომელიც ასევე ყრილობაზე იქნა დამკტიცებული, ხუთი წევრისაგან შედგება - ირაკლი ღარიბაშვილი, არჩილ კბილაშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი, მირიან მჭედლიშვილი და კოტე მურადაშვილი. სარევიზიო კომისიის წევრებიდან კი ყველაზე მეტი მოწინააღმდეგ - 5 ადამიანი, ჰყავდა ზაქარია ქუცნაშვილს. სარევიზიო კომისიის არჩევის შემდეგ პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ელისო ჩაფიძემ განაცხადა, - „ასეთი სარევიზიო საბჭოს არსებობა პარტიის ფინანსების ისეთ სკრუპულოზულ კონტროლს უზრუნლეყოფს, რომ კონტროლის პალატის არ გვეშინია“.

ყველაფერ ამის შემდეგ კიდევ ერთხელ ჩატარდა კენჭისყრა, რომლითაც ყრილობის შედეგები დამტკიცდა და ბოლოს სიტყვით გამოვიდა პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი. მან დელეგატებს ახალი პარტიის დაფუძნება მიულოცა და განაცხადა, რომ ღრმად სწამს ამ პარტიის გამარჯვებისა.

„მსურს კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი ღრმა რწმენა, რომ ახლადდაფუძნებული პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ აუცილებლად გაიმარჯვებს შემოდგომის არჩევნებში. სანამ პარტიის დეკლარაციას წარმოგიდგენდეთ, მინდა გულახდილად გითხრათ, რომ დეკლარაციის შედგენის პროცესში ერთი ჩვენი მეგობარი გვირჩევდა, რომ დეკლარაციაში არ განხილულიყო ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა და მხოლოდ მომავალ გეგმებსა და საპროგრამო ამოცანებზე გვესაუბრა, რადგანაც დღევანდელობა მოგეხსენებათ, კრიტიკული იქნება.

ჩვენ ვერ შევძელით, დღევანდელი მდგომარეობის განხილვაზე უარი გვეთქვა და სწორედ არსებული ვითარების შეფასებით დავიწყებ დეკლარაციის პრინციპების განხილვას“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მან გააკეთა ქვეყანაში შექმნილი ვითარების მიმოხილვა. ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების საშინაო და საგარეო პოლიტიკურმა კურსმა და ქვეყნის მართვის მის მიერ დამკვირვებულმა მეთოდებმა რეალური სარფთხე შეუქმნეს ქვეყნის განვითარების პერსპექტივებს. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ განვითარებული პოზიტიური პროცესები, ცალკეული წარმატებული რეფორმები ფასადურმა დემოკრატიამ და ავტორიტარიზმმა შეცვალა. უკეთესი მომავლის მოლოდინი საზოგადოების უდიდესი ნაწილის იმედგაცრუებად იქცა. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს სოციალურ-ეკონომიკური ვითარების დამძიმებისა და მოსახლეობის გაღატაკების შეუქცევადი პროცესი.

მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მიუწვდომელია ჯანდაცვა და განათლება, უსაფუძვლოდ არის გაზრდილი კომუნალური და სახელმწიფო სააგენტოების მომსახურების გადასახადები. შემაშფოთებელია უმუშევრობის, მოსახლეობის მიგრაციისა და დემოგრაფიული მონაცემების ვარდნის მაჩვენებლები, ნორმად იქცა საბიუჯეტო სახსრების, მათ შორის, საერთაშორისო დახმარებების განკარგვის გაუმჭვირვალობა და არამიზნობრივი გამოყენება, გამეფებულია ელიტარული კორუფცია.

ამის შემდეგ კი ივანიშვილმა წაიკითხა მისი პარტიის დეკლარაცია, რომლის ძირითადი პრინციპები ასეთია:

პარტია ყოველმხრივ ხელს შეუწყობს ოპოზიციური ძალების ერთიანობის გამყარებას პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ფარგლებში და ინტენსიურად ითანამშრომლებს სხვა პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც იზიარებენ კოალიციის სადამფუძნებლო დეკლარაციაში ჩამოყალიბებულ ხედვებს.

აუცილებელია შეიქმნას სახელმწიფო მართვის ისეთი სისტემა, რომლის ამოსავალ წერტილად იქცევა ადამიანის უფლებები და თავისუფლება. დემოკრატიული ინსტიტუტების სიმძლავრე ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის მთავარ წინაპირობას წარმოადგენს.

ომების შედეგად დაზარალებულ დევნილ მოქალაქეებსა და დაღუპულთა ოჯახებზე ზრუნვა, მათთვის განსაკუთრებული შეღავათების დაწესება წარმოადგენს არა სახელმწიფოს კეთილ ნებას, არამედ ვალდებულებას.

სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს უმუშევრობის დონის შემცირება, გადასახადების გადამხდელთა რაოდენობის გაზრდა და შედეგად სახელმწიფოს მართვაში მოქალაქეთა ჩართულობის გაფართოება. ქვეყნის ბიუჯეტი უნდა ძლიერდებოდეს გადასახადების გადამხდელთა რაოდენობის და არა გადასახდელების მოცულობის ზრდის ხარჯზე. დაუშვებელია, საზოგადოების და სახელმწიფოს ურთიერთობები მიმდინარეობდეს მთხოვნელისა და მოწყალების გამცემის ურთიერთობის ფორმატში.

კერძო საკუთრება ხელშეუხებელია. დაუშვებელია, რომ სახელმწიფო ხელს უწყობდეს მის გადანაწილებას პოლიტიკური ნიშნით, პროპაგანდაზე აგებული ეკონომიკური პროგნოზითა და მცდარი ეკონომიკური სტიმულებით შეცდომაში შეჰყავდეს კერძო მესაკუთრე, ზღუდავდეს ან კრძალავდეს იმ მეწარმეთა საქმიანობას, რომლებსაც საბანკო ვალი აქვთ აღებული.

განათლების სისტემა ორიენტირებული უნდა იყოს მომავალი თაობის პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდაზე, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა საერთო სახელმწიფო სისტემაში ინტეგრირებასა და საერთაშორისო დონის სპეციალისტების მომზადებაზე. ძირეულადაა შესაცვლელი სახელმძღვანელოების პოლიტიკა. ბოლო უნდა მოეღოს განათლების სფეროს პოლიტიზაციას და პოლიციური მეთოდებით ადმინისტრირებას.

საგარეო ურთიერთობების ორიენტირები მიმართული უნდა იყოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისაკენ. არანაკლებ მნიშვნენლოვანია რეგიონალური თანამშრომლობის განვითარება და ურთიერთობების ნორმალიზაცია რუსეთთან. საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის საიმედო და პროგნოზირებად პარტნიორად უნდა იქცეს.

ივანიშვილის მიერ პარტიის დეკლარაციის წაკითხვის შემდეგ ყრილობა დახურულად გამოცხადდა.