დავით ლორთქიფანიძეს საზოგადოება ზარაფხანის ყოფილ უფროსად იცნობს, ის ზურაბ ჟვანიას ყოფილი თანაგუნდელია, რომელიც შემდეგ „ქრისტიან-დემოკრატიულ“ მოძრაობას შეუერთდა. ვანელები ამბობენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მართლაც ლორთქიფანიძე რომ დაასახელოს მაჟორიტარობის კანდიდატად, მას არჩევნების მოგების არანაირი შანსი არ აქვს.
„უპირო და სიტყვის გამტეხი კაცია, ეს ყველამ იცის, ადრეც იყრიდა კენჭს საკუთარ სოფელში და მხოლოდ 5 %-აიღო“- გამიმხილა ვანელმა შუახნის მამაკაცმა, რომელმაც ჯერ პირობა ჩამომართვა, რომ მის ვინაობას არ დავასახელებდი.
ჯერ კიდევ ქდმ-ში ყოფნისას ლორთქიფანიძემ ადგილობრივი მოსახლეობისთვის პრივატიზებული საძოვრების დაბრუნება ითავა, ლაპარაკია სოფელ ამაღლებაში ხელისუფლების მიერ გასხვისებულ სოფლის ფართობებზე. ქდმ ცდილობდა, მიწების დაბრუნებით ლორთქიფანიძისთვის საარჩევნო ქულები დაეგროვებინა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს გეგმა ჩაიშალა, რადგან ლორთქიფანიძემ „ქრისტიან-დემოკრატები“ მიატოვა.
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობაზე მხოლოდ ქდმ-ელი დავით ლორთქიფანიძე არ ოცნებობს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ვანში კრახი „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ განიცადა, ნაციონალების დეპუტატი ბეჟან ხურციძე ერთი თვის წინ გარიცხეს „ნაციონალთა“ რიგებიდან იმ მიზეზით, რომ სხდომებს აღარ ესწრებოდა და არც „ნაცმოძრაობის“ დავალებებს ასრულებდა.
„ბეჟან ხურციძეს კიდევ თავისი შვილის შეგდება უნდა ბიძინასთან, მაგიტომ უგანა „ნაციონალებს“- მეუბნება ჩემი ინკოგნიტო რესპოდენტი.
„ნაციონალების“ ფრაქციის წევრი და „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან ხურციძე საკუთარ პარტიას ჯერ კიდევ 2009 წელს დაუპირისპირდა, როდესაც თანაპარტიელი პაატა ლეჟავა კრიმინალის მფარველობაში დაადანაშაულა.
როგორც მაშინ ხურციძე აცხადებდა ვანის გამგებლის მოადგილე დავით კაკაბაძემ რაიონის ბიუჯეტი შეჭამა და დასაჭერია.
„კაკაბაძემ მთელი ვანი გაძარცვა, მაგრამ არ იჭერენ, იმიტომ, რომ ვანის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და ნაციონალების დეპუტატი პაატა ლეჟავა მფარველობს. პარტიაში დავწერე წერილი, მოაცილეთ ეს კაცი-მეთქი. ის გამგებლის მოადგილეობიდან მოხსნეს, მაგრამ კონტროლის პალატის რეგიონული დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დანიშნეს, ანუ დააწინაურეს.
მე, ბეჟან ხურციძე, ვიძლევი გარანტიას, რომ კაკაბაძეს დაიჭერენ. ჩემი წინამორბედი დეპუტატი მელორ ტყეშელაშვილი ვანის გამგებელ მელქაძეს ისევე მფარველობდა, როგორც ახლა ლეჟავა მფარველობს კაკაბაძეს. სად არის ახლა ტყეშელაშვილი, არ ვიცი, მაგრამ მელქაძე დაუსწრებლად გაასამართლეს და მიუსაჯეს. იგივე ბედი ელის კაკაბაძესაც“, - ამბობდა მაშინ ბეჟან ხურციძე.
ხურციძის შემდეგ კაკაბაძის შეჭმულ ვანის ბიუჯეტს „რესპუბლიკელებმაც“ მიუძღვნეს ბრიფინგი, მაგრამ უშედეგოდ.
პაატა ლეჟავა ოპოზიციის ბრალდებებს უარყოფდა და ამბობდა, რომ რაც ამ ბოლო დროს ვანში კეთდება, 20 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა. რატომღაც ვერც ის დაიჯერა, რომ ხურციძემ მას კაკაბაძის მფარველობაში დასდო ბრალი.
სხვათა შორის, პაატა ლეჟავა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ვანში პრეზიდენტის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. ამ შტაბის წევრი იყო ბეჟან ხურციძეც. სააკაშვილმა მაშინ ვანში ხმების 72 პროცენტი მიიღო.
დღეს დავით კაკაბაძე ვანის საკრებულოს თავმჯდომარეა, ბეჟან ხურციძე კი „ნაციონალთა“ რიგებიდან გარიცხული. როგორც ვანელები ამბობენ, პაატა ლეჟავა დღესაც აკონტროლებს ვანს. თანამემამულეებს კი პოლიციის გამჭვირვალე შენობისა და საავადმყოფოს აშენებას ჰპირდება. მან 300 კაციანი წვეულება გამართა ცოტა ხნის წინ, შეკრიბა ე.წ. ვანის „ელიტა“ და ნაციონალური მოძრაობის ერთგულებაზე დააფიცა, ღვინით.
ვანში კი ერთადერთი სიახლე რაც ამ 20 წლის მანძილზე მოხდა, ის არის, რომ ნაძვები, რომელიც 50-60 წლის წინ ერთ-ერთ რაიკომის მდივანს ვანის ცენტრში დაურგავს, ახალმა გამგებელმა მოჭრა. მერე საიდანღაც პალმები ჩამოიტანა, რომელმაც ზამთარს ვერ გაუძლო და გახმა. ასე დარჩა ვანის ცენტრი გახრიოკებული, „ნაციონალებმა“ ერთი შადრევანიც კი ვერ გაიმეტეს.
სავარაუდოდ, ვანელ „ნაციონალებს“ შორის განხეთქილება საკონსერვო ქარხნის გამო მოხდა. როგორც ვანელები ამბობენ, ბეჟან ხურციძეს რეკომენდაცია გაუწევია ერთ-ერთი ვანელი ბიზნესმენისთვის, რომელიც დღეს მოსკოვში საქმიანობს, რომ მშობლიურ რაიონში საკონსერვო ქარხანა აღედგინა და თანამემამულეები დაესაქმებინა. მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობდა, თუმცა ბოლოს ბიზნესმენმა ყველაფერზე უარი თქვა და საქართველო დატოვა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას ქარხნის წილის 50 % მოუთხოვია.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მიმდინარე წლის თებერვალში უკვე დააყადაღა საკონსერვო ქარხნის ქონება და, როგორც ჩანს, ძალიან მალე სიმბოლურ ფასად რომელიმე ბიზნესმენს გადაეცემა.
გახდება თუ არა ეს ისტორია ბეჟან ხურციძის შვილისთვის „ქართული ოცნების“ რიგებში მოსახვედრი კოზირი, ძნელი სათქმელია. გასაკვირი მხოლოდ ის არის, რომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობაზე ასეთი კონკურენციაა.
„ქართული ოცნების“ ოფისი ვანში ჯერ ოფიციალურად არ არის გახსნილი, თუმცა ფართი უკვე ნაქირავებია და ოფისის გასახსნელადაც ემზადებიან.
ჩემი ვანელი რესპოდენტი მეუბნება, რომ ვანში სულ ერთი-ორი ადამიანი მოიძებნება, ვინც ამ ოფისში შესვლას ბედავს.
„როგორც ყველა რეგიონში, ვანშიც ტერორი მეფობს. პოლიცია ატერორებს შედარებით აქტიურ მოქალაქეებს, ემუქრება შვილების დაპატიმრებით, მათთვის ნარკოტიკის ჩადებით, ცემით.
აღდგომის წინა დღეებში იმერეთის ამ რეგიონში ერთი უცნაური ამბავი მოხდა. ერთმა პიროვნებამ გადაწყვიტა, „ქართულ ოცნებაში“ შესულიყო და ეს საახლობლოში არც დაუმალავს. იმავე დღეს მიაკითხა ადგილობრივმა პოლიციამ, როგორც წესი, შვილების დაჭერით დაემუქრნენ და ეს ამბავი საბოლოოდ იმით დამთავრდა, რომ მას ფორმალურად დააწყებინეს მუშაობა და ხელფასიც დაუნიშნეს.
არავისთვის საიდუმლო არ არის, ადგილობრივმა პოლიციამ შესანიშნავად იცის, ვის შეუძლია საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენა და ამ ხალხს აშანტაჟებს.
ხელფასი ვანში, ისევე როგორც საქართველოს ყველა რეგიონში, დიდი ფუფუნებაა. რაიონი დაცლილია ახალგაზრდებისგან, ძირითადი მოსახლეობა პენსიონერებისაგან შედგება. ვინც შრომისუნარიანია, ქალები საბერძნეთში, ხოლო მამაკაცები თურქეთში მუშაობენ. ადგილზე დასაქმებულები გამგეობის თანამშრომლები ან პედაგოგები არიან.
საზოგადოებრივი აზრიც რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ მთლად ჩამოყალიბებული არ არის. პენსიონერებს, ახსოვთ, რომ შევარდნაძის დროს 14-ლარიან პენსიას თვეობით ვერ იღებდნენ, ახლა 100 ლარი აქვთ და მთავრობა მომატებასაც ჰპირდება, ამიტომაც პენსიონერები ამბობენ, რომ მხარს მიხეილ სააკაშვილს უჭერენ“, - ამბობს ჩვენი რესპოოდენტი.
მისივე თქმით, გამგეობაში დასაქმებულ ხალხს ეშინია, რომ ივანიშვილი თუ მოვა ხელისუფლებაში მათ სამსახურის დატოვება მოუწევთ, შემოსავლის სხვა წყარო არ გააჩნიათ და ეშინიათ, ესეც არ დაკარგონ.
„ნაციონალებს“ იმისაც ეშინიათ, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომლის სიტყვისაც სჯერა ხალხს, არ დაპირდეს მოსახლეობას, რომ პენსიას გაუზრდის. ეშინიათ, იმიტომ, რომ შესაძლოა, „ნაციონალებმა“ მხარდამჭერები დაკარგონ.
ვანშიც, ისე, როგორც საქართველოს რეგიონების უმეტესობაში ინფორმაციის ერთადერთი წყარო „რუსთავი 2“ და „იმედია“. ხალხს არ აქვს შესაძლებლობა თეფშები იყიდოს და სხვა არხებსაც უყუროს. ახალგაზრდები შედარებით უკეთ ერკვევიან ვითარებაში. იციან „რუსთავსა“ და „იმედზე“ მოსმენილიდან რა დაიჯერონ და რა - არა.
ვანში ხალხისთვის ორი ძირითადი პოლიტიკური ცენტრი არსებობს, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“, სხვა პარტიებს უბრალოდ, არ ცნობენ.
„ნაციონალებს“ მასწავლებლების სახით არჩევნებში გამოცდილი კადრები ჰყავთ. ხალხის განწყობა, რომ არჩევნებზე მისვლას აზრი არ აქვს, ჯერჯერობით, არ შეცვლილა,
„ჩვენი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ფოკუსნიკივით, რაც გინდა, იმ შედეგს აჩვენებს. თანაც პატარა სოფლებია, ყველა ერთმანეთს იცნობს და ვერ გადავალთ მუშტიკრივზე. თუ თბილისიდან ჩამოვა დამკვირვებელი, იმას კი შეუძლია გააკონტროლოს გამყალბებლები“, - მეუბნება რესპოდენტი.
მერე ვეღარ ითმენს და თავის გულისტკივილსაც მიყვება: „საწვავი ორლარნახევარია, ერთადერთი, საბჭოთა დროიდან შემორჩენილი ტრაქტორით ვამუშვებთ მიწას. შარშან გავრისკეთ რამდენიმე გლეხმა და ჰიბრიდული სიმინდი დავთესეთ. ზოგადად ვანში სიმინდის კარგი მოსავალი იცის, მაგრამ ჰიბრიდულმა არ გაამართლა, ამიტომ ფასმა სიმინდზე კატასტროფულ ზღვარს მიაღწია, ერთი ფუთი 13-15 ლარი ღირს. ერთადერთი, რითიც სულს ვითქვამთ და რისი გაყიდვაც შეგვიძლია, თხილია. ახლა ფასები დაეცა, მაგრამ სეზონზე 4-4,2 ლარადაც ვყიდით-ხოლმე. მეგრელები ჩამოდიან და ისინი ყიდულობენ. ვისაც თხილი აქვს, იმას არა უჭირს, წამლის, შაქრის და პურის ფულს შოულობს“.
ვანში, თითქმის, ყველა ოჯახი სოციალურად დაუცველთა სიაშია და ეშინიათ ეს დახმარებები არ დაკარგონ. თუმცა გულის სიღმეში სჯერათ, რომ თუ ქვეყანას გაუჭირდა, ივანიშვილი, რომელიც ცნობილია თავისი ქველმოქმედებით, საკუთარ ფულს დახარჯავს და ხალხს არ მიატოვებს.