"ამერიკელი კონგრესმენი დემოკრატიული პარტიიდან ითხოვს, რომ თუკი საქართველოში არჩევნები დემოკრატიულად არ ჩატარდება, ამერიკამ საქართველოს დახმარებები შეუწყვიტოს. სათანადო კანონპროექტი - "2012 წლის საქართველოს დემოკრატიული აქტი" აშშ-ის კონგრესში ვაშინგტონის შტატის წარმომადგენლის, ჯიმ მაკდერმოტის მიერ არის შეტანილი. ამ ფაქტს ნაციონალური ტელეარხი "რუსთავი 2" უკვე გამოეხმაურა და როგორც "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი ამბობს, "დეზინფოორმაცია გაავრცელა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით კანონპროექტი: არჩევნების გაყალბებისთვის ამერიკა საქართველოს დახმარებას შეუწყვეტს / "თუ ამ კანონპროექტის განხილვა მოხდა, მთლიანობაში საქართველო იქნება სახელშელახული განურჩევლად იმისა, მიღებული იქნება ასეთი გადაწყვეტილება თუ არა".
"როგორც ხიდაშელმა "ქართული ოცნების" ოფისში გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ინიციატივა, რომელიც აშშ-ის კონგრესს ერთ-ერთმა წევრმა ჯიმ მაკდერმოტმა გააცნო, მიზნად ისახავს საქართველოში დემოკრატიული პროცესის მხარდაჭერას. კერძოდ, 2012 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფას - "რუსთავი 2"-მა კი, ინფორმაცია გაავრცელა ისე, თითქოს იგი უპირობოდ ითხოვდეს საქართველოსთვის დახმარების შეწყვეტას. "ძალიან სამწუხაროა, რომ აბსოლუტურად ცილისმწამებლური და ტყუილზე დაფუძნებული ინფორმაცის გაავრცელა გუშინ "რუსთავი 2"-მა, ეს იყო სრულიად სამარცხვინო განცხადება ამ შემთხვევაში ამერიკელი კონგრესმენის მიმართ" - აღნიშნა ხიდაშელმა და განმარტა, რომ "რუსთავი 2" დამაჯერებლად საუბრობდა, თითქოს ამ აქტით მოთხოვნილია საქართველოსთვის დახმარების შეჩერება, რაც ტყუილია", - აღნიშნავს გამოცემა.
"მისივე თქმით, აქტში სიტყვასიტყვით წერია, რომ 2013 ფისკალური წლისთვის არავითარი დაფინანსება არ უნდა გამოეყოს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს ან სააგენტოს საქართველოსთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით მანამდე, სანამ სახელმწიფო მდივანი არ დაადასტურებს და არ მოახსენებს სენატისა და წარმომადგენელთა პალატის საგარეონ ურთიერთობატა კომიტეტს, რომ 2012 წლის ოქტომბრიც ან სხვა თარიღის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. "აქტი იწყება ძალიან მნიშვნელოვანი დებულებით, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის მეგობრობის მთავარი საფუძველი დემოკრატიაა და სწორედ ეს იქნება გარანტორი პარტნიორებისთვის, რომ მხარი დაუჭირონ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს და არ დაუშვან საქართველოს წინააღმდეგ რამე აგრესიული ქმედებები", - აღნიშნა ხიდაშელმა, რომლის თქმით, კანონპროექტში საუბარია იმაზეც, რომ "სხვა ტიპის საქართველო საფრთხის შემცველია მთელი რეგიონისთვის და თავისთავად, პარტნიორული ურთიერთობისთვის", - დასძენს გამოცემა.
"ხიდაშელის თქმით, აქტში პირდაპირ და ერთმნიშვნელოვნად არის საუბარი ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე, ასევე "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონის უარყოფითი გავლენისა და შედეგების შესახებ, კონტროლის პალატის მიერ განხორციელებული ზეწოლისა და ძალადობის ფაქტებზე. ასობით მიქალაქის დაკითხვით გამოწვეულ პრობლემებზე, დაკავებებზე და ა.შ. პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი კი მიიჩნევს, რომ ამ საკითხის დაყენებას უკვე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მისი ინიცირებაც კი თავისთავად უსიამოვნო ფაქტია, რადგან საქართველოს სახელმწიფოებრივი პრესტიჟი დიდი ხნით შეილახება. "ასეთი განხილვა გამორიცხული არ არის, სხვა ქვეყნების მიმართ ასეთი პრეცედენტები ყოფილა, იგივე ბელარუსთან და თურქმენეთთან დაკავშირებით", - ამბობს ცისკარიშვილი, რომლის აზრით, თურქმენეთთან მაინც სიკაცრე არ იყო გამოხატული, რადგან უზარმაზარი მარაგების ქვეყანაა. საქართველო კი იმედის გაცრუების გამო, შესაძლოა უფრო მეტი სანქციების ქვეშ მოექცეს", - წერს სტატიის ავტორი.
"თუ ამ კანონპროექტოს განხილვა შედგა, მთლიანობაში საქართველო იქნება სახელშელახული განურჩევლად იმისა, მიღებული იქნება ასეთი გადაწყვეტილება თუ მოხდება თავის შეკავება. არჩევნების წინ ასეთი ველური ნაბიჯები ხელისუფლებას არასოდეს გადაუდგამს. ისეთი გაშმაგებული მზადებაა არჩევნების გასაყალბებლად, ბრმა უნდა იყოს ადამიანი. რომ ეს ვერ დაინახოს. ვარდების რევოლუციის დღიდან საქართველოს მიმართ შექმნილი კეთილგანწყობა ამოიწურა, რადგან მიხვდნენ, რომ სიტყვას და საქმე შორის დისტანცია იზრდება", - მიიჩნევს ცისკარიშვილი, რომელიც შიშობს, რომ "რუსთავი 2"-ის სიუჟეტით ხელისუფლება მზად არის საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად არჩევნების გაყალბებაზეც კი წავიდეს და ახლა პრევენციულად კეთდება განცხადებები ამერიკული დახმარების შესაძლო შეწყვეტაზე", - დასძენს სტატიის ავტორი.