ლიტვამ პარლამენტის არჩევნების თარიღი განსაზღვრა. პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ (Dalia Grybauskaitė) ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც ლიტვის სეიმის არჩევნები მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს გაიმართება.
ბრძანებულებაში ხაზგასმულია, რომ „საჭიროა რაც შეიძლემა მეტი ყურადღება დაეთმოს იმას, რომ არჩევნებში საარჩევნო ხმის უფლების მქონე რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ მიიღოს მონაწილეობა“.
არჩევნებში, სავარაუდოდ, ლიტვის 30-ზე მეტი პოლიტიკური პარტია მიიღებს მონაწილეობას. ლიტვის სეიმი 141 დეპუტატისგან შედგება. ანალიტიკოსების პროგნოზებით, სეიმში ადგილების მოპოვების შანსი 5-8 პარტიას გააჩნია.
ოპოზიცია კარგა ხანია ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით გამოდის. თავიანთი წინადადება იმით გაამყარეს, რომ ქვეყნის მთავრობა, რომელიც სეიმის უმრავლესობით ირჩევა, მწვავე კრიზისს განიცდის და ეს კრიზი, თავის მხრივ, პარლამენტზეც ვრცელდებოდა. ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობაზე სეიმის სპიკერი, ქალბატონი ირენა დეგუტენეც (Irena Degutienė) ლაპარაკობდა.
მმართველი კოალიციის შიგნით კრიზისი მას შემდეგ წარმოიშვა, რაც თებერვლის თვეში ფინანსური დანაშაულებების საგამოძიებო სამსახურის უფროსი ვიტალიუს გაილიუსი სამსახურიდან დაითხოვეს. გაილიუსის განთავისუფლებას ოფიციალურად კონფიდენციალური ინფორმაციის „გაჟონვა“ დაედო საფუძვლად, თუმცა ოპოზიცია ამტკიცებდა რომ ეს პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო, რადგან ფინანსური დანაშაულებების საგამოძიებო სამსახური აქტიურად სწავლობად მმართველი პოლიტიკური ძალების სპონსორობის საკითხებს. საბოლოოდ კონფლიქტი იმით ამოიწურა, რომ თავისი თანამდებობა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა რაიმუნდას პალაიტისმაც დატოვა.
ლიტვის სეიმი საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი და ფარული კენჭისყრით ირჩევა. სეიმის წევრი შეიძლება გახდეს ლიტვის საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც ბოლო სამი წელი ლიტვაში ცხოვრობდა.
სეიმი ოთხ წელიწადში ერთხელ ირჩევა. მასში 141 დეპუტატია, რომელთაგან 71 მაჟორიტარული, ხოლო 70 – პროპორციული წესით ირჩევა. საარჩევნო ხმის უფლება ლიტვის მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს.
იმისთვის, რომ პარლამენტში შევიდეს, პარტიამ 5%-ანი ბარიერი უნდა გადალახოს.
ამჟამინდელი პარლამენტი 2008 წლის 12 და 26 ოქტომბერს ორ ტურად აირჩა. მასში 10 პოლიტიკური გაერთიანებაა წარმოდგენილი, მათგან ყველაზე მეტი - 45 მანდატი ქრისტიან-დემოკრატებს აქვთ.