რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატი მიტ რომნი არჩევის შემთხვევაში სახელმწიფო მმართველობის რადიკალური რეფორმირების პირობას დებს. ფაქტიურად, ის განათლებისა და ბინათმშენებლობის სამინისტროების გაუქმებას გეგმავს.
„მე ვაპირებ ვაშინგტონში ყველა ამ სამინისტროებსა და სააგენტოებში გავერკვე. მე მსურს ისინი გავაერთიანო, ზოგიერთი კი - გავაუქმო. ახლა არ შემიძლია ზუსტად ვთქვა კონკრეტულად რომლები... მაგრამ განათლების სამინისტრო სხვა სააგენტოს შეუერთდება და, შესაძლებელია, რადიკალურად შემცირდეს. რა თქმა უნდა, მე არ ვაპირებ სრულად მის თავიდან მოშორებას“ - განაცხადა რომნიმ თავისი წინასაარჩევნო კამპანიისთვის სახსრების შეგროვების ღონისძიებაზე.
რომნის ეს განცხადება მაშინვე გახდა მედიის მთავარი ახალი ამბავი.
იმ დაწესებულებათა რიცხვში, რომლებსაც რომნის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაშიც გაუქმება ელის, ბინათმშენებლობის სამინისტროც მოხვდა.
ამერიკაში განათლების ხარისხის აწევის საკითხი ობამასთვის ერთ-ერთი ძირითადია. ის დაჟინებით ითხოვს ამ სფეროს სახელმწიფო ბიუჯეტის მნიშვნელოვან ზრდას, თვლის რა ამ ნაბიჯს ამერიკის მომავალისათვის გაკეთებულ ინვესტიციად. რესპუბლიკელები კი პირიქით - კატეგორიული წინააღმდეგნი არიან სახელმწიფოს როლის გაზრდისა ქვეყნის ცხოვრებაში, ობამას სოციალიტად მოიხსენიებენ და აკრიტიკებენ მის მიერ სახელმწიფოს ხარჯების უზარმაზარ ზრდას.
რესპუბლიკელების შიდა წინასაარჩევნო კამპანიას სამი პრეტენდენტი შემორჩა. ამ კამპანიის ლიდერი, მიტ რომნი, ლიბერტანიალური შეხედულებებისა და პროგრამის მქონე რონ პოლი და კონსერვატორ-პოპულისტი ნიუტ გინგრიჩი, რომელმაც გასულ კვირას იმით გამოიჩინა თავი, რომ პინგვინის თავდასხმის ობიექტი შეიქმნა.
ფაუნის მოყვარული გინგრიჩი, სენტ-ლუისში (მისურის შტატი) მსროლელთა ნაციონალური ასოციაციის ყრილობაზე გამოსვლის წინ, ადგილობრივ ზოოპარკს ეწვია. 68 წლის პოლიტიკოსმა კერძო ექსკურსიით (მომსახურების სახე) სარგებლობა გადაწყვიტა, რაც დამთვალიერებელს ცხოველების ახლო ნახვის შესაძლებლობას აძლევს.
ექსკურსიის საწყის ეტაპზე უშიშარმა პოლიტიკოსმა უსაფრთხოდ გაიარა მტაცებელ კატისებრთა ვოლიერი, ნიანგების ტერარიუმიც დაუბრკოლებლივ დაძლია, მაგრამ მრავლისმნახველ პოლიტიკოსს საკმაოდ არალოიალურად მოექცნენ მაგელანური პინგვინები. ერთ-ერთი მათგანი მოულოდნელად მიეჭრა გინგრიჩს და თითზე უკბინა. დაზარელბულს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს და ჭრილობა გადაუხვიეს. რა გახდა ინციდენტის მიზეზი - პინგვინის ექსცენტრიულობა თუ მისი დემოკრატებისადმი ერთგულება, ეს უცნობი დარჩა.
პოლიტიკოსის გულში ველური ბუნების სამყაროს მართლაც რომ გამორჩეული ადგილი უკავია. კამპანიის მსვლელობისას, ქვეყნის სხვადასხვა ადგილებში გამოსვლის დროს, გინგრიჩი ყოველთვის ცდილობს ადგილობრივ ზოოპარკს ეწვიოს. თავის დროზე მან გზამკვლევის „ამერიკის საუკეთესო ზოოპარკები“ წინასიტყვაობაც კი დაწერა.