საბერძნეთი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოლოდინში

საბერძნეთი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოლოდინში

როგორც მარტის ბოლოს ვიუწყებოდით, სააგენტო „როიტერმა“ინფორმაცია გაავრცელა 6 მაისს საბერძნეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესაძლო დანიშვნის შესახებ, თუმცა მაშინ საბერძნეთის მთავრობა ეს ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო.

პროგნოზი ახდა. საბერძნეთის პრეზიდენტმა პარლამენტის დათხოვნისა და ვადამდელი არჩევნების 6 მაისს ჩატარების შესახებ დეკრეტი გამოსცა.

პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება პრემიერ ლუკას პაპადემოსთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. პრემიერმა პრეზიდენტს თხოვნით მიმართა, რათა ამ უკანსკნელს შესაბამისი დეკრეტი გამოეცა. სავარაუდოდ, პრემიერი პაპადემოსი თანამდებობაზე არჩევნების ბოლომდე დარჩება და მისი ნორმალურად ჩატარების ურუნველყოფაზე იზრუნებს.

ქვეყნის ორი მთავარი პოლიტიკური ძალისათვის ვადამდელი არჩევნები სერიოზული გამოცდა იქნება. მემარჯვენე-ცენტრისტული „ახალი დემოკრატია“ და მემარცხენე-ცენტრისტული „საერთო ბერძნული სოციალისტური მოძრაობა“, სავარაუდოდ ვერ გაიყვანენ დამოუკიდებლად მთავრობის ფორმირებისათვის საჭირო დეპუტატების მინიმუმს.

საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვების თანახმად, კონსერვატორებს ამომრჩეველთა 18-22%, ხოლო სოციალისტებს 14-16% უჭერს მხარს. ასეთი მაჩვენებლებით კი ისინი იძულებულები იქნებიან ან ერთმანეთთან მოახერხონ შეთანხმების მიღწევა ან არჩევნების ახალი ტური ჩაატარონ. „ახალი დემოკრატიას” ლიდერი ანტონის სამარასი, რომელიც სოციალისტებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას აქედანვე გამორიცხავს, მიიჩნევს, რომ თუ 6 მაისს ვერცერთი პარტია ვერ მიიღებს მდგრადი მთავრობის ფორმირებისათვის საჭირო უმრავლესობას, მაშინ ახალი არჩევნების ჩატარება გარდაუვალი გახდება.

„ყველაზე ცუდი სცენარი იმაში მდგომარეობს, რომ არჩევნები სიცოცხლისუნარიანი მთავრობის ჩამოყალიბების შესაძლებლობას ვერ მოგვცემს. ამ შემთხვევაში ახალი არჩევნების ჩატარება გარდაუვალი იქნება“ - განაცხადა სამარასმა გაზეთ „Kathimerini“-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ვადამდელი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება საბერძნეთმა მას შემდეგ მიიღო, რაც 2011 წლის ნოემბერში კრიზისის გამო პრემიერ პაპანდრეუს კაბინეტი გადადგა და შედეგად პაპადემოსის მეთაურობით ახალი, კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდა.