იაროსლავლის დამოუკიდებლობის დღე

იაროსლავლის დამოუკიდებლობის დღე

ქალაქ იაროსლავლის ახალი მერი უპარტიო კანდიდატი, ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი ევგენი ურლაშოვი გახდა. მან არჩევნებზე ქალაქის ამომრჩეველთა თითქმის 70% მიიღო, მაშინ როცა მისმა კონკურენტმა, „ერთიანი რუსეთის“ კანდიდატმა და ბიზნესმენმა იაკოვ იაკუშევმა ამომრჩეველთა მხოლოდ 27.78%-ის მხარდაჭერა მოიპოვა.

ახლადარჩეული მერის წარმატება მრავალთათვის მოულოდნელი არ იყო. ის, რომ ქალაქის თავი იაკუშევი ვერ გახდებოდა, ამის პროგნოზირება ჯერ კიდევ პირველი ტურის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ იყო შესაძლებელი. მაშინაც პრო-სამთავრობო კანდიდატმა 27%-ზე ოდნავ მეტი ხმა აიღო. მას ვერც სამთავრობო პარტიის მხარდაჭერამ, ვერც საკმაოდ შთამბეჭდავმა ქონებამ და ვერც არჩევნებამდე ორი კვირით ადრე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დარგში ქალაქის მერის მოადგილედ დანიშვნამ უშველა.

მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთი“ ძალ-ღონეს არ იშურებდა, რათა იაროსლავლში 2011 წლის შემოდგომაზე დუმის არჩევნებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით ნაჩვენები ყველაზე უფრო დაბალი შედეგი (29%) „შემთხვევითობად“ გამოჩენილიყო და ქალაქის მერის არჩევნებზე შერყეული რენომე გამოესწორებინა. თავის მხრივ, ოპოზიცია ცდილობდა ეს ფაქტი კანონზომიერ ტენდეციად წარმოეჩინა. სწორედ ამან განაპირობა იაროსლავლის მერის არჩევნებისადმი საზოგადოების დიდი ყურადღება – ქალაქში მოსკოვიდან არჩევნებზე ათას ხუთასზე მეტი დამკვირვებელი ჩავიდა.

როგორც დამკვირვებლები და ასოციაცია „Голос“-ი აღნიშნავს არჩევნებმა სერიოზული დარღვევების გარეშე ჩაიარა. პოლიციის ოფიციალური მონაცემებით, მეორე ტურში 89 დარღვევა დაფიქსირდა, პირველ ტურში კი დარღვევების რიცხვმა სულაც 25 ფაქტი შეადგინა. დამკვირვებლების განცხადებით, პოლიცია დარღვევებზე ძირითად ადექვატურად რეგირებდა და თავადაც დაინტერესებული იყო ხმის გამყალბებელთა გამოვლენაზე, თუმცა ზოგიერთ უბანზე პრობლემები მაინც იყო.

ოპოზიცია ხაზს უსვამს, რომ ურლაშოვის გამარჯვება კანონზომიერი ტენდეციის მაჩვენებელია, რაც მმართველი პარტიის პოპულარობის ვარდნაში გამოიხატება. ამ მოსაზრებას გარკვეულწილად ბევრი ექსპერტიც იზიარებს.

„არჩევნებს ლეგიმიტიმურად ცნობენ - დარწმუნებით აცხადებს ასოციაცია „Голос“-ის ექსპერტი, პოლიტოლოგი ალეკსანდრ კინევი - ურლაშოვმა ხმათა უზარმაზარი პროცენტი მიიღო. ცალკეულ უბნებზე ხმების გადათვლის მოთხოვნით არჩევნების შედეგების გაუქმება, როგორც ეს 2008 წელს არხანგელსკში მოხდა, ამ შემთხვევაში არ გამოვა. გამარჯვება ძალზე დამაჯერებელია, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ დარღვევები ძირითადად დამარცხებული კნდიდატის მხრიდან დაფიქსირდა.“

მისივე განცხადებით, იაროსლავლის მერის არჩევნებზე ორი ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა.

„პირველი, ის რომ შეიქმნა პრეცენდენტი სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე ორგანიზაციების კონტროლზე მიმართული ძალისხმევის გაერთიანებისა, რომელსაც გრძელვადიანი შედეგები ექნება, და მეორე – უკვე მერამდენედ ხელისუფლების კანდიდატი მეორე ტურში იღებს იმდენივე ხმას, რასაც პირველ ტურში, ანუ ხელისუფლების კანდიდატის მხარამჭერთა ხმები არ იზრდება, ასე იყო არცთუ ისე დიდი ხნის წინ ტოლიატშიც“

ყველა ეს ჩამოთვლილი ფაქტორი იმაზე მიუთითებს, რომ „ერთიანი რუსეთის“ ელექტორალური პოტენციალი პრაქტიკულად ამოწურულია, მმართველი პარტია ელექტორალურ ჩიხშია, მას მოუწევს რადიკალურად შეცვალოს სტრატეგია, მათ შორის პოლიტიკურ ოპონენტებთან ურთიერთობის სტრატეგიაც. მან უნდა შეცვალოს საბრძოლო რიტორიკა და უნდა იმოქმედოს როგორც სისტემურ, ისე – არასისტემურ ოპოზიციასთან და სამოქალაქო სექტორთან  დიალოგისა და თანამშრომლობის ფორმატში. თუ მმართველი პარტია ამას არ გააკეთებს, მისი რეიტინგი კიდევ უფრო დაბლა დაეშვება.