ვისკონსინის გუბერნატორის ნაადრევი „გედის სიმღერა“

ვისკონსინის გუბერნატორის ნაადრევი „გედის სიმღერა“

ამერიკის შტატ ვინსკონსინის მოქალაქეებმა გუბერნატორის ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მიაღწიეს. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც სამთავრობო აპარატის ანგარიშვალდებულების კომისიამ შტატის მოქმედი გუბერნატორის, რესპუბლიკელი სკოტ უოკერის გამოწვევის ინიცირება დაიწყო. თავის მხრივ ამ ინიცირებას შტატის 900 ათასი ამომრჩევლის მიერ ხელმოწერილი პეტიცია დაედო საფუძვლად.

 

ვადამდელი ხმის მიცემა 5 ივნისისათვის არის დანიშნული: ვაკანტური სავარძლის დასაკავებლად სამი კანდიდატი იბრძოლებს: მეწარმე კეტლინ ფოლკი, შტატის სენატორი კეტლინ ვაინხაუტი და ვინსკონსინის სახელმწიფო მდივანი დუგლას ლა ფოლლეტი. იმდენად, რამდენადაც ყველა მათგანი დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელია, მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად 8 მაისს პრაიმერიზი გაიმართება.

 

აწ უკვე ყოფილი გუბერნატორი სკოტ უოკერი თანამდებობაზე 2011 წლის 3 იანვრიდან იყო. ახლად არჩეული გუბერნატორის პოპულარობა პირველივე თვეებიდანვე მკვეთრ დაღმასვლას იწყებს. ამის მიზეზი კი მის მიერ შტატის კონგრესში წარდგენილი კანონპროექტი გახდა, რომელიც შტატის სახელმწიფო და მუნიციპალური ორგანოების თანამშრომელთა პროფკავშირების უფლებებს მნიშვნელოვნად ზღუდავდა.

 

გუბერნატორის მიე შეთავაზებული ღონისძიებები ითვალისწინებდა „ბიუჯეტზე მსხდომთა“ მიერ კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებების დადების შეზღუდვასა და სოციალური პაკეტის შემცირებას. უოკერის განმარტებით, აღნიშნული ღონისძიებების გატარება შტატის საბიუჯეტო დეფიციტის, რომელიც სავარაუდოდ 2011-2012 საფინანსო წლისთვის 3,6 მილიარდ დოლარს მიაღწევს, შემცირებისათვის აუცილებლობას წარმოადგენდა.

 

ხალხის უკმაყოფილება მრავალათასიან საპროტესტო მიტინგებსა და დემონსტრაციებიში გადაიზარდა, რომელიც მთელ შტატს მოედო და რომელმაც ვიეტნამის ომის პროტესტების შემდგომი ყველაზე ფართომაშტაბიანი ფორმა მიიღო. ამ საპროტესტო ფონისა და დემოკრატიული პარტიის თავგანწირული წინააღმდეგობის მიუხედავად, ახალგაზრდა გუბერნატორმა მაინც მოახერხა კანონპროექტის შტატის კონგრესში გატანა, რომელიც მარტში ძალაში შევიდა. მას შემდეგ რაც კანონის გაუქმება შტატის სასამართლოს ძალით ვერ მოხერხდა, დაიწყო გუბერნატორის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება.

 

ბუნებრივია, ვისკონსინის „მოვლენები“ ამერიკაში გასამართი საპრეზიდენტო არჩევნების მსველელობაზეც ჰპოვებს ასახვა. ამ შტატში რესპუბლიკელების და დემოკრატების პოზიციები თითქმის თანაბარია. პრეზიდენტმა ობამამ პროფკავშირებს ღიად დაუჭირა მხარი, მაშინ როცა მისი რესპუბლიკელი ოპონენტები ცალსახად უოკერის მხარეს დადგნენ. ასე რომ ივნისში გასამართი გუბერნატორის არჩევნები შეიძლება საპრეზიდენტო არჩევნების გარკვეულ ინდიკატორადაც მივიჩნიოთ.

 

საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვებით უოკერს ვისკონსინის მოსახლეობის 48% უჭერს მხარს. თითქმის იგივე პროცენტი მის მიერ თანამდებობის დატოვებას მიესალმება. „თუ 5 ივნისს უოკერი გაიმარჯვებს, ეს იქნება იმის დასტური, რომ შტატის ამომრჩეველთა უმრავლესობა მის მიერ ინიცირებულ და გატარებულ ღონისძიებებს მხარს უჭერს. მისი მარცხი კი იმის მანიშნებელი იქნება, რომ დემოკრატებს და მათ მოკავშირეებს რესპუბლიკელებზე მეტი პოტენციალი გააჩნიათ“ – განცხადა ვისკონსინის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორმა კენ მაიერმა.

 

გუბერნატორის გამოწვევა, ამერიკაშიც კი, სადაც ამომრჩეველთა ნების გამოხატვა დემოკრატიის უმთავრეს საფუძველს წარმოადგენს, საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. აქამდე გამოწვევის შედეგად ჩატარებული არჩევნების მხოლოდ ორი პრეცენდენტი არსებობდა. პირველად ეს შორეულ 1921 წელს ჩრდილო დაკოტაში მოხდა, როცა გუბერნატორ ლინ ფრეზერს გამოუცხადეს უნდობლობა და მეორედ – 2003 წელს კალიფორნიაში, როცა გრეი დევისმა გამოწვევის შედეგად გუბერნატორის თანამდებობა არნოლდ შვარცნეგერს „დაუთმო“.