შეძლებს თუ არა მარინ ლე პენი პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლაში მონაწილეობის მიღებას?

შეძლებს თუ არა მარინ ლე პენი პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლაში მონაწილეობის მიღებას?

საფრანგეთის მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველმა შესაძლოა ერთ-ერთი წამყვანი კანდიდატის გვარი ბიულეტენებში ვერ იხილოს. ულტრამემარჯვენეების ლიდერი, მარინ ლე პენი სირთულეებს წააწყდა ბიულეტენში ჩასართავად  აუცილებელი  იმ 500 ოფიციალური პირის ხელმოწერის შეგროვებისას, რომლებიც არჩევად პოზიციებზე მუშაობენ.

მარინ ლე პენი მთავარი ამბების გმირი გახდა არა მარტო იმიტომ, რომ იგი იბრძვის გახდეს პირველი ქალი პრეზიდენტი საფრანგეთის ისტორიაში, ასევე მისი მრავალმნიშვნელოვანი განაცხადის გამო, იმიგრაციასა და მუსულმანური კვების წესის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაციონალური ფრონტის ხელმძღვანელმა გააკეთა მოწოდება მუსულმანური წესით დაკლული საქონლის ხორცის წარმოების აკრძალვის შესახებ. მან განაცხადა, რომ ამგვარი ხორცი სუპერმარკეტებში წარმოდგენილი ხორცის პროდუქტის მეოთხედს შეადგენს და შესაძლოა საშიში იყოს ადამიანთა ჯანმრთელობისთვის. გარდა ამისა, ლე პენმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ამგვარი წესით დაკვლისას ცხოველები იტანჯებიან. მისი განცხადება იმიგრაციის თაობაზეც ასევე საკმაოდ ხისტი იყო.

ამჟამინდელი ეკონომიკური სირთულეების ფონზე ლე პენის ანტიიმიგრაციული რიტორიკა გარკვეულ გამოძახილს ნამდვილად პოულობს, ამასთან, არა მხოლოდ ფრანგ ამომრჩევლებში, არამედ კონსერვატორული შეხედულებების მქონე ნიკოლა სარკოზისგანაც. საფრანგეთის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ქვეყანაში ზედმეტად ბევრი უცხოელია.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ლე პენი მესამე ადგილზეა, პრეზიდენტ სარკოზისა და სოციალისტ ფრანსუა ოლანდის შემდეგ. მაგრამ არჩევნების დღეს, 22 აპრილს ამომრჩევლებმა შესაძლოა ლე პენის გვარი ბიულეტენებში ვერ აღმოაჩინონ.

საქმე იმაშია, რომ ლე პენს ჯერ არ აქვს არჩევად თანამდებობებზე მომუშავე პირების ხელმოწერების საკმარისი რაოდენობა, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად კი 500 ხელმოწერის შეგროვებაა საჭირო. მათი წარდგენის ბოლო ვადა კი 12 მარტსაა.

საერთაშორისო ურთიერთობების ფრანგული ინსტიტუტის ექსპერტი, ფილიპ მორო თვლის, რომ ლე პენის გვარი მაინც იქნება ბიულეტენში. „ვფიქრობ იგი შეძლებს ხელმოწერების შეგროვებას. გარკვეულმა ადამიანებმა იციან, რომ უკეთესი იქნება, თუ იგი მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, ვინაიდან ლე პენი საფრანგეთის პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. მას უნდა მიეცეს საშუალება, საჯაროდ დააფიქსიროს თავისი ხედვა.“ - განაცხადა მან

გამოკითხვების თანახმად, ლე პენს ამომრჩეველთა 17% უჭერს მხარს. ეს მაჩვენებელი თითქმის ისეთივეა, როგორც მისი მამის, ნაციონალური ფრონტის ყოფილი ლიდერის, ჟან-მარი ლე პენის შემთხვევაში 10 წლის წინ გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე. უფროსმა ლე პენმა საფრანგეთი და მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო, როდესაც 2002 წელს გამართული არჩევნების პირველ ტურში მეორე ადგილი დაიკავა. მაშინდელმა მოქმედმა პრეზიდენტ, ჟაკ შირაკმა იგი მეორე ტურში დაამარცხა. მაშინ არჩევნების მეორე ტურმა ფაქტობრივად ექსტრემიზმის წინააღმდეგ გამართული რეფერენდუმის სახე მიიღო.

დეფარჟეს ეჭვი ეპარება, რომ მარინ ლე პენი ისეთივე შედეგებს აჩვენებს, როგორც მამამისი.

„მამასა და შვილს შორის დიდი სხვაობაა, მისი მამა კარგი ორატორი იყო. ქალბატონი ლე პენი საშუალო დონის ორატორია. მას არ აქვს ისეთი ენერგია, ცოცხალი ხასიათი, როგორც მამას. ის უფრო დოგმატურია, მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდოდ საკუთარ თავს მამამისზე ნაკლებად დოგმატურად თვლის“.

ლე პენს მუშათა კლასის ხმებისთვის მოუწევს ბრძოლა არა მხოლოდ სარკოზისთან, არამედ რადიკალურ მემარცხენეებთანაც. მართალია, ფრანგთა ნაწილმა შესაძლოა მხარი დაუჭიროს მას პირველ ტურში, მაგრამ მეორე ტურში მათი ხმები პოლიტიკური სპექტრის მეორე ბოლოში შეიძლება აღმოჩნდეს.

ბოლო ინფორმაციით, მარინ ლე პენმა საჭირო 500-კაციანი მხარდაჭერის მოპოვება მაინც მოაგროვა.